თუ ციხეებში ექიმთა ჯგუფის შეყვანის უფლებას არ მომცემენ, პროტესტის ნიშნად პატიმრები ხვალიდან შიმშილობას დაიწყებენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ლალი მორიშკინამ განუცხადა.
მისივე თქმით, მას მზად ჰყავს ექიმთა ჯგუფი, რომელიც მზადაა ციხეებში შევიდეს და მსჯავრდებულებს დახმარება აღმოუჩინოს და ამ დრომდე სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხს ელოდება.
"ციხეებში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, რადგან პატიმრებთან არ შედიან ექიმები და არ შეაქვთ მედიკამენტები. გენინსპექციის ხელმძღვანელმა მირზა სუბელიანმა მითხრა, რომ მათ ექიმები არ ჰყავთ და თუკი კადრების მობილიზებაში დავეხმარებოდი, ისინი საპყრობილეებში შესვლის უფლებას მომცემდნენ. ამის შემდეგ მივმართე მედიცინაში საერთაშორისო ექსპერტ მალხაზ კერესელიძეს, რომელმაც მითხრა, რომ წამომყვებოდა. უკვე შევხვდით მინისტრის მოადგილე სოფო ჯაფარიძეს და ამ დრომდე ჩვენს მოთხოვნაზე ოფიციალური პასუხის მოლოდინში ვართ. აუცილებელია პატიმრებთან შესვლა ამაღამვე მოხერხდეს, რადგან ზოგიერთი მათგანი მძიმე სენითაა დაავადებული და სასწრაფოდ საჭიროებს მედიკამენტებითა და მედპერსონალის მომსახურებით დახმარებას", - განაცხადა მოროშკინამ.
მისივე განმარტებით, თუ სამინისტრო მას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ექიმთა შეყვანაზე უარს ეტყვის, პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობას ისევ დაიწყებენ, თავად კი, როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის. "თუ ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ქსნის ტუბდისპანსერის პატიმრები ხვალ შიმშილობის დაწყებას აპირებენ. იგივეს გეგმავს პრაქტიკულად ყველა დაწესებულების პატიმარი", - აღნიშნა მოროშკინამ.