ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს

ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვანო მერაბიშვილს აკისრებს

ვანო მერაბიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს სოციალურ შეღავათებსა და დაზღვევასთან დაკავშირებით დროებით პრობლემა შეექმნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტს "ზედმეტ ტვირთად" 2012 წლის განმავლობაში დაახლეობით 25 მილიონ ლარამდე, მომავალ წელს კი 78 მილიონი ლარი "აჰკიდა".

"ეს მოხდა აბსოლუტურად უკანონოდ და საბიუჯეტო კანონმდებლობის სრული დარღვევით. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამაა. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა არაა ის, რომ ხარჯები თავის თავზე აიღოს მაშინ, როცა ხარჯების წყარო არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯის გაწევა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, პარლამენტს კი ასეთი კანონი არ მიუღია", - აღნიშნა ხადურმა.

მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილს წინა პრემიერის მიერ 19 ოქტომბერს მიღებული დადგენილება რომც არ გაეუქმებინა, ცენტრალური ბიუჯეტი თბილისელების სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამებისთვის საჭირო ხარჯებს მაინც ვერ გასცემდა.

"2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი პროგრამების შესახებ არაფერი წერია და ამიტომაც ეს შეუძლებელი იქნებოდა", - დასძინა მინისტრმა.

რაც შეეხება შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიების მიზნით მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე თბილისის მერის, გიგი უგულავას ინიციატივას, ხადურის განცხადებით, თუ ვინმეს მასთან საუბრის სურვილი ჰქონდა, მისი ტელეფონის ნომრის გაგება ძნელი არ იყო. "თუ ვინმეს საუბრის სურვილი ჰქონდა, 19 ოქტომბრისთვის ყველამ იცოდა, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იქნებოდა და ჩემი ტელეფონის გაგება ძნელი არ იყო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადური გამოსავალს თბილისის საკრებულოს შეკრებასა და მის მიერ დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში იმ პარამეტრების აღდგენაში ხედავს, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებობდა. "უნდა აღდგეს ის სტატუს ქვო, რომელიც იქამდე არსებობდა, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ პროგრამების ცენტრალური ბიუჯეტისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა", - აღნიშნა ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა