გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა

გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გია ქავთარაძე თანამდებობიდან გადადგა.

ქავთარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"საჯარო სამსახურში დაბრუნება ქართველი ხალხის საყვარელი პიროვნების და ჩემი მეგობრის, კახა კალაძისადმი მხარდაჭერის სურვილმა გადამაწყვეტინა. სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად უსაფუძვლო და აშკარად მიზანმიმართულ აგრესიულ კამპანიას. მინისტრის შემდეგ ახლა უკვე მეც გადმომწვდნენ, როგორც მის მოადგილეს - გაჩნდა კითხვები 2005-2007 წლებში ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით.

მე მზად ვარ, ყველა კითხვას კვლავ გავცე პასუხი. "კვლავ" იმიტომ, რომ თავის დროზე ყველაფერს ამომწურავად ვუპასუხე.

ყველაფერი, რაც ბატონ კახა კალაძის წინააღმდეგ ხდება (ჩემს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ჩათვლით), ძალზედ ხელოვნური და ანგაჟირებულია.

არ მსურს, რომ ჩემს გამო კახა კალაძეს ხელი შეეშალოს იმ ბრწყინვალე კარიერაში, რაც მას წინ ელოდება. ამდენად, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან.

ჩემს გულწრფელ პატივისცემას გამოვხატავ სამინისტროს ყველა თანამშრომლის მიმართ. ძალზედ შედეგიანი იყო ის რამდენიმე დღე, რაც სამინისტროში გავატარე. განსაკუთრებულ სიამოვნებას მგვრიდა ის ფაქტი, რომ სამინისტრო განთავსებულია "იუსტიციის სახლში" - "იუსტიციის სახლის" იდეა ხომ მე მეკუთვნის!", - აღნიშნულია განცხადებაში.

გია ქავთარაძე 2005-2007 წლებში იუსტიციის მინისტრი იყო, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მოხდა ციხის ბუნტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ამ ფაქტის გამო, გია ქვათარაძის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას პროტესტი მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა