რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?

რას ნანობს "ახალი ხმის" თანაწამყვანი?

ანა იმედაშვილი ახალი პროექტის - "ახალი ხმის" თანაწამყვანია. დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე და პროექტის მთავარი პროდიუსერი, დათო იმედაშვილი აუცილებლად კარგ პროდუქტს შექმნის. ამბობს, რომ მუშაობისას ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს - როგორც მეუღლის და როგორც პროდიუსერის წინაშე.

- დაახლოებით 4 წელი სხვადასხვა რადიოში, წამყვანად ვმუშაობდი... დათოს თავისი რადიო ჰქონდა და გამოცდილი თანამშრომელი სჭირდებოდა. ჰოდა, საერთო ნაცნობის რეკომენდაციით მასთან დავიწყე მუშაობა. ვიდრე დათოს შევხვდებოდი, ვფიქრობდი, რომ ერთი ნახვით შეყვარება შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ "ის ის იყო". ჰოდა, მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვეში საცხოვრებლად დათოს სახლში გადავედი.

- როცა მან ფილმში - "ოცნების ქალაქი" გადაგიღოთ, უკვე ცოლ-ქმარი იყავით?

- იმ პერიოდში ორწლიანი ცოლქმრული ურთიერთობა გვაკავშირებდა. სხვათა შორის, ფილმში ჩემი მონაწილეობა დაგეგმილი არ იყო, უფრო მეტიც - დათო ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მეც დამაკავეს... ძალიან რთულია ოჯახის წევრთან ერთად მუშაობა. თანაც, მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ!..

- ფილმში ბევრი არამსახიობი მონაწილეობს...

- დიახ, მაგრამ უმეტესობას კამერის წინ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა... რეპეტიციებზე საქმეს თითქოს კარგად ვართმევდი თავს, მაგრამ როგორც კი კამერა ჩაირთვებოდა, ვხვდებოდი, რომ მეოთხედი ძალით ვმუშაობდი. ჯგუფის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა კი მავალდებულებდა, რომ ჩემი გამოუცდელობით სხვებისთვის ხელი არ უნდა შემეშალა.

- მეუღლე თქვენ მიმართ გამორჩეულად მკაცრი იყო?

- ორმაგად მკაცრი იყო და თავადაც აღნიშნავდა ხოლმე, ყველაზე მეტად ანუშკა დაიჩაგრაო... მერე და მერე მომეხსნა დაძაბულობა. ბოლოს გადაღებულ კადრებს ეტყობა, რომ ბევრად თავისუფალი ვარ.

- ეს გამოცდილება ალბათ, მნიშვნელოვნად დაგეხმარათ, წამყვანის ამპლუა მოგერგოთ...

- სხვათა შორის, ჩემი წამყვანად შერჩევაც დაუგეგმავად მოხდა, დათო ამასაც ეწინააღმდეგებოდა (იცინის). თავიდან ე.წ. V-Reporter ვიყავი - ეს არის წამყვანი, რომელიც ინტერნეტგვერდისთვის ამზადებს რეპორტაჟებს. მოხდა ისე, რომ "ბრმა კასტინგის" დროს დუტა თბილისში არ იყო და მის შემცვლელს დაუწყეს ძებნა. ჰოდა, ბოლოს, ამ საქმეში დახმარება მე მთხოვეს.

- დუტა გამოცდილი წამყვანია. მასთან მუშაობა კომფორტულია?

- უკვე 12 წელია, დუტა ამ საქმეს ემსახურება. ის რჩევებს მაძლევს ხოლმე; მის გვერდით თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობ...

- ტელეწამყვანობას დიდი ხიბლი აქვს, მაგრამ ალბათ, ამ საქმეს ბევრი სირთულეც ახლავს თან...

- ვფიქრობ, მთავარი სირთულე მაინც, განწყობის შენარჩუნებაა. ყოველთვის კარგი განწყობილება ვერ გექნება, მაგრამ უნდა მოახერხო და გაიღიმო ხოლმე. ეს მომენტი იმანაც გაართულა, რომ ჩვენი ჩაწერები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე არასასიამოვნო მოვლენებს დაემთხვა. ამ დროს ყველასთვის რთული იყო ამაღლებულ განწყობაზე ყოფნა.

- მონაწილეების მიმართ თქვენი განსაკუთრებულად თბილი განწყობა და გულშემატკივრობა იგრძნობა.

- ყველა კასტინგის ჩაწერას ვესწრებოდი, გავიცანი ყველა მონაწილე და მათი შესაძლებლობების შესახებაც ვიცოდი. ჰოდა, როცა ვხედავდი, რომ რეპეტიციებზე არაჩვეულებრივად გამოსული კონკურსანტები ნერვიულობის გამო სათანადოდ ვერ მღეროდნენ, ბუნებრივად მიჩნდებოდა სინანულის გრძნობა.

- თუ იყო შემთხვევა, როცა მონაწილე ძალიან გაღიზიანდა და მისი დამშვიდება მოგიხდათ?

- მონაწილის - არა, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა გულშემატკივარმა წყენა აგრესიულად გამოხატა. მაყურებლისგან განსხვავებით, კონკურსანტები უფრო ახერხებენ ემოციების შეკავებას... იყო შემთხვევა, როცა თავად მწვრთნელებსაც დასწყდათ გული, კონკურსანტი უარით რომ გაისტუმრეს. მაგალითად, დათო ფორჩხიძემ ერთ-ერთი მათგანის გამოსვლის მერე თქვა: სიშტერე იყო, რომ არ მოვბრუნდითო, მაგრამ მწვრთნელებს ბევრი გამოწვევა აქვთ და მათაც უნდა გავუგოთ.

- დაბოლოს, როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე ფილმის გადაღებას აპირებს. მის ახალ ფილმშიც ხომ არ გიხილავთ?

- არა, ნამდვილად ვერ მიხილავთ. შეიძლება, მაქსიმუმ გამვლელის როლი შევასრულო (იცინის).

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"