ამ რამდენიმე დღის წინ, რუსეთში არსებული "ქართველი და რუსი ხალხის ერთიანობის ფონდის" სახელით მისმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და იმჟამად კულტურის მინისტრობის კანდიდატს, ახლა კი უკვე მინისტრ გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართა და მოითხოვა თბილისში არსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვა. წერილში ნათქვამია, რომ ქართული დიასპორის წევრებს იმედი აქვთ, ბიძინა ივანიშვილი აღადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ამ გზით შესაძლებელი იქნება ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება. დღეს უკვე რუსული ინტერნეტსაიტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ქართუო-რუსული ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით იგეგმება პერმანენტული აქციები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა - ჩვენი სახლია" გეგმავს და მისი ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა სწორედ ოკუპაციის მუზეუმის გაუქმება იქნება. ისინი ამ მოთხოვნით ახალ ხელისუფლებას მიმართავენ. შეგახსენებთ, ეს მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გაიხსნა. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური ინფორმაცია.
დავინტერესდით, რას ფიქრობენ კოალიციაში ამის თაობაზე. კოალიცია "ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს დავუკავშირდით:
- კოალიციის სახელით გამიჭირდება ლაპარაკი, რადგან მე არ წარმოვადგენ არც კულტურის სამინისტროს და არც განათლებისა და კულტურის საპარლამეტო კომიტეტს, თუმცა ბუნებრივია, რომ ჩემი აზრი გამაჩნია ამ საკითხზე.