ლევან კოჭლოშვილი: "თუ ამ ინფორმაციით შს მინისტრი დაინტერესდება, მზად ვარ ახსნა-განმარტება მივცე"

ლევან კოჭლოშვილი: "თუ ამ ინფორმაციით შს მინისტრი დაინტერესდება, მზად ვარ ახსნა-განმარტება მივცე"

ახალგაზრდული ორგანიზაცია "ივე­რი­­ელების" თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს:

- მაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე და არჩევნების ჩატარების შემდეგაც ციხიდან გამოიყვანეს ათეულობით პატიმარი, რომლებიც ქურდობისა და ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს. ამ პატიმრებს­ ნაცლიდერებმა კონკრეტული დავალებები მისცეს - ყველა ხერხი უნდა გამოეყენებინათ "ქართული ოცნების" კანდიდატისა და მის მხარდამჭერთა საწინააღმდეგოდ, ცემა იქნებოდა ეს თუ ზემოქმედების სხვა ფორმა. პატიმართა პირველი ნაკადი ციხიდან გამოიყვანა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. ისინი, ძირითადად, ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა რაიონებში მოქმედებდნენ. შემდეგი ნაკადი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის ძალისხმევით გამოვიდა ციხიდან, სამტრედიაში მიავლინეს კახა კალაძის მომხრეთა გასანეიტრალებლად. ისინი სპეციალურ წვრთნასაც კი გადიოდნენ. ნაც-დეპუტატმა არჩილ გეგენავამ ციხიდან ათეულობით მთაწმინდელი კრიმინალი გამოიყვანა არჩევნებამდე სამი თვით ადრე. მათი თარეში მთაწმინდის რაიონში აშკარად შეიმჩნეოდა, განსაკუთრებით - არჩევნების დღეს. გოკა გაბაშვილმა კი ვაკელი კრიმინალები არჩევნების შემდეგ, სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოიყვანა. ამ პროცესს ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. ციხიდან სპეციალურად გამოყვანილი კრიმინალები გიგა ბოკერიას მითითებებით მოქმედებენ. ყველა დანაშაული, რომელიც მოხდა არჩევნების შემდეგ - ყაჩაღობა, მკვლელობა, ბანკების ძარცვა - იმ პირთა მიერ არის ჩადენილი, რომლებიც ნაციონალებმა ციხიდან სპეციალური დავალების შესასრულებლად გამოიყვანეს. ამ დანაშაულებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ დღემდე ყველა გაუხსნელია.

- როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?

- გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია გადმომცა, სამგორის რაიონის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომელია, მის ვინაობას კი ვერ გაგიმხელთ, მისივე უსაფრთხოების გამო.

- როცა არ ასახელებთ ინფორმატორის ვინაობას, რატომ უნდა ვირწმუნოთ, რომ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, სიმართლეა?

- იმიტომ უნდა დამიჯეროთ, რომ დადასტურდა ამ ადამიანის მოწოდებული ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან ზონდერჯგუფების შექმნაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად დაიბეჭდა თქვენს გაზეთში. გია უდესიანი ამ და სხვა დანაშაულთა ჩადენის გამო, ქვეყნიდან არის გაქცეული. ეს ინფორმაცია კი წყარომ მომაწოდა იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ნაცმოძრაობის იმ მზაკვრული გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში აპირებენ.

- მაინც რა გეგმა აქვს ნაცმოძრაობას?

- ის პატიმრები, რომლებიც ბაჩო ახალაიამ, ლადო ვარძელაშვილმა, არჩილ გეგენავამ არჩევნებამდე სამი თვით ადრე გამოიყვანეს ციხიდან და ის პატიმრებიც, რომლებიც გოკა გაბაშვილმა არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში გაათავისუფლა, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავენ - ყაჩაღობას, ქურდობას, ძარცვას და სხვ. სურთ, ქვეყანაში რთული კრიმინოგენური ვითარება შექმნან. მათი მიზანია, წარმოაჩინონ, აი, როგორი უსუსურია ახალდანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი და ახალი ხელისუფლებაო. მთავარი კი, ახალი ხელისუფლების მიმართ ხალხში უნდობლობის დათესვაა.

- რა გარანტია არსებობს იმისა, რომ დამნაშავე პირები საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებს არ დაასახელებენ?

- ყველაზე საინტერესო ამ საქმეში არის ის, რომ ნაციონალებმა თადარიგი დაიჭირეს და იმ პირთა შესახებ, რომლებიც ციხიდან გამოუშვეს, ინფორმაცია, მონაცემთა ბაზა განადგურებულია. ეს გააკეთეს ნაციონალებმა. თუმცა, ერთი რამ ვერ გათვალეს, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთის ნათესავი, ნაცნობი ან მეზობელია და ყველასთვის ცნობილია, მისი ნათესავი როდის გამოვიდა და რა საქმისთვის იჯდა ციხეში.

იმ შემთხვევაში, თუკი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ინფორმაციით დაინტერესდება, მზად ვარ, ახსნა-განმარტება მივცე.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"