დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს"

დიმიტრი ლორთქიფანიძე: "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს"

საქართველო ახალი სახალხო დამცველის მოლოდინშია. ამ პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია და გელა ნიკოლაიშვილი განიხილებიან, თუმცა, გარკვეული და გაურკვეველი მიზეზების გამო, არჩევანი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. რა ცვლილებების განხორციელებას აპირებს ამ პოსტზე არჩევის შემთხვევაში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ამის შესახებ ვრცლად ვესაუბრეთ.

-  ბატონო დიმიტრი, რატომ გაჭიანურდა ასე სახალხო დამცველის არჩევა?

-  ვერ გეტყვით, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან მისაღები კანდიდატურები არიან წარმოდგენილი. ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ოფიციალურად სახალხო დამცველის არჩევის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება. მისი წარდგენის უფლება აქვს პრეზიდენტს ან საპარლამენტო ფრაქციას. წარსულის გამოცდილებით, ბატონი გიორგი ტუღუშის არჩევის პროცესი საკმაოდ არაგამჭვირვალედ წარიმართა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. მაშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოულოდნელად შემოგვთავაზა ტუღუშის კანდიდატურა, რომლის შესახებ იქამდე არავინ არაფერი იცოდა... იმ ცნობილი ციხის კადრების შემდეგ კი საზოგადოებამ იაქტიურა და სხვა კანდიდატებიც წარმოადგინეს. ვნახოთ, ვისზე შეჩერდება არჩევანი.

-  თუ არჩევანი თქვენზე შეჩერდა, რა სიახლეებს გეგმავთ?

-  პირველ რიგში, სახალხო დამცველი დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში უნდა ატარებდეს და არა უცხოეთში მივლინებებში. ამასთან, ციხეში არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველწლიურად კი არა, ყოველი კვირის ბოლოს უნდა ჩააბაროს ანგარიში.

როდესაც პატიმრების უფლებებზე ვლაპარაკობთ, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში, მართლმსაჯულების პრობლემატიკა, უკანონო გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა კანონით აღკვეთილია. კონსტიტუციით უნდა დაიშვებოდეს სასამართლო აქტების გასაჩივრების უფლება და სახალხო დამცველსაც უნდა აღუდგეს ორგანული კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - ზედამხედველობა აწარმოოს იმ საქმეებზე, რომელთა რევიზიითაც გამოავლენს, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლება დარღვეულია. ეს არის სასამართლო რეფორმის პროცესი, რომელშიც სახალხო დამცველმა ძალზე აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

ოპტიმიზმისთვის საკმაოდ დიდი საფუძველი გვაქვს. ვიმედოვნებ, რომ თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი აღმოჩნდება ის ერთიანი გუნდი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში სინათლეს შეიტანს და როგორც თეა წულუკიანი ხშირად ამბობს ხოლმე, სამართლიანი სამართლებრივი სისტემა შეიქმნება. ამისი იმედი ნამდვილად მაქვს. ვიქნები თუ არა სახალხო დამცველი, მაინც აქტიურად ჩავერთვები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და თუ დაინახავენ, რომ რამეში სასარგებლო იქნებოდა ჩემი გამოცდილება, მე ამისათვის მზად ვარ.

-  თქვენს განცხადებას სექსუალური უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რას იტყვით ამაზე?

-  ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, - მე არ ვარ ჰომოფობი, ამ სიტყვის კლასიკური განმარტებით და არ მეშინია ცისფერების, ლესბოსელებისა და ტრანსვესტიტების, მაგრამ არც იმას ვეთანხმები, რომ ეს არის ფაშიზმისა და ანტისემიტიზმის გამოხატულება. რაციონალურად მაქვს წარმოდგენილი, რა არის ადამიანის უფლება და ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი სამოქალაქო, გარანტირებული უფლება, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი იცავენ, რომელზეც საქართველოსაც აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ მასში ისიც წერია, რომ ადამიანებს აქვთ თავისუფლება, აღზარდონ თავიანთი შვილი ზნეობისა და რელიგიურობის ჩარჩოში, რასაც თავად მისდევენ და საჭიროდ მიიჩნევენ. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პიროვნული თავისუფლება - ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ უკვე გვაქვს ამის პრეცედენტი, ფილარმონიასთან გამართული ე.წ. გეიაღლუმი, გამოიყვანეს ორი უცხოელი, რომლებიც პირდაპირ 51-ე საჯარო სკოლის წინ გარყვნილი ქმედებით იყვნენ დაკავებული... თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ადამიანის უფლებების შელახვა არ ყოფილა, საწინააღმდეგოს დავუმტკიცებ. ამ აქციის ორგანიზატორებისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, მაგრამ საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმიდან გადახრა და მის პროპაგანდას თავსმოხვეულ ძალადობად მიიჩნევს. საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და მსგავს ადგილებში ასეთი რამ აკრძალული უნდა იყოს. თავიანთ სახლებსა და უკაცრავად და, საძინებლებში, რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ საზოგადოებაში ამის პროპაგანდა აკრძალული უნდა იყოს.

-  ამ ინიციატივაზე ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

-  მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი ტრადიციების შენახვაა, რადგან ეს ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. დიახ, ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და უნდა ვასრულებდეთ იმ ვალდებულებებს, რასაც ეს ორგანიზაცია გვაკისრებს, მაგრამ არსებობს ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებები და მისგან ნაკარნახევი ვალდებულებები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა განიხილონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სჭირდება ერს და მას ჰარმონიულად შევუსაბამოთ საერთაშორისო ვალდებულება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"