როგორ დამალეს სამხედრო პოლიგონზე დაღუპული "რუსთავი 2"-ის ოპერატორის გადაღებული ვიდეომასალა?

როგორ დამალეს სამხედრო პოლიგონზე დაღუპული "რუსთავი 2"-ის ოპერატორის გადაღებული ვიდეომასალა?

პირველად საქართველოს ისტორიაში! სკანდალური დოკუმენტები და სკანდალური ინტერვიუ! რა საიდუმლოს ინახავს შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს კედლები?! როგორ ჩაატარეს კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე ფონოსკოპიური ექსპერტიზა? როგორ დამალეს "აგენტი ოპოზიციონერების" ფარული სატელეფონო ჩანაწერების ფირები? როგორ დამალეს ბადრი პატარკაციშვილისა და ირაკლი კოდუას საუბრის ჩანაწერი? როგორ დამალეს სამხედრო პოლიგონზე დაღუპული "რუსთავი 2"-ის ოპერატორის უკანასკნელად გადაღებული ვიდეომასალა? როგორ გააქრეს ზურაბ ჟვანიას უკანასკნელი სატელოფონო საუბრის ჩანაწერები? როგორ აყალბებენ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს და კიდევ ერთი სკანდალი - ამ ყველაფრის ერთ-ერთი შემოქმედი შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ ექსპერტიზის ცენტრს ჩაუყენა სათავეში!!! უპასუხოდ დარჩენილი კითხვა, - რატომ და როგორ დანიშნა ღარიბაშვილმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სანოძის ერთ-ერთი რჩეული სამსახურში?!

მარიკა ტოკლიკიშვილი, ექსპერტი:

- მე ვარ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ფონოსკოპიური ექსპერტი. 1998 წლიდან ვმუშაობდი უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან არსებულ ექსპერტიზის ბიუროში ფონოსკოპიის ექსპერტიზის ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 2005 წლიდან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შემდეგ გადმოვედი შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ჰაბიტოსკოპიისა და ფონოსკოპიური კვლევების მიმართულებების უფროსის თანამდებობაზე. რას იკვლევს ეს განყოფილება? ფონოსკოპიური ექსპერტიზა, საერთოდ, იკვლევს ჩანაწერებს, სადაც დაფიქსირებულია ნებისმიერი ხმა, ეს იქნება ადამიანის, გარემოს ნებისმიერი ხმა, ვიდეოგამოსახულება, რომელსაც ახლავს ხმა. ვატარებდით ვიდეოექსპერტიზას, მაგალითად, ხომ არ არის მონტაჟი და ასე შემდეგ? ანუ ჩვენ ვატარებდით ექსპერტიზას, რომელიც ადგენდა, რომ ხმა, მეტყველება და მოძრაობა არის თუ არა სინქრონში? არა მარტო საქართველოში, ამიერკავკასიაშიც კი ჩემი დონის სპეციალისტი ამ დარგში არ არის. მე მყავდა სტაჟიორები, რომლებმაც ძალიან კარგად აითვისეს ეს პროფესია, ესენი არიან: გიორგი ხურციძე, სოსო ბექაური და უჩა ხელაშვილი. მე ამ ახლგაზრდებთან ერთად ვმუშაობდი შს სამინისტროში. იყო ასეთი შემთხვევა, როცა უშიშროების სამინისტროში მუშაობის დროს რუსეთის ფედერაციიდან ჩამოვიდა "ფეესბეს" გენერალი, რომელმაც მიმიწვია ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოდან ექსპერტი მიიწვია "ფეესბემ" ექსპერტიზის ჩასატარებლად. თვენახევარი ვიყავი ექსპერტიზის ჩასატარებლად წასული. მაშინ მინისტრის მოადგილე იყო ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი, მან გამგზავნა. მინდა ხაზგასმით და თამამად გითხრათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაშიც კი, ხმისა და მეტყველების მიხედვით, პიროვნების იდენტიფიკაციის ჩატარება შემიძლია მხოლოდ მე, ჩემს ერთ-ერთ ექსპერტთან - უჩა ხელაშვილთან ერთად, იმიტომ, რომ ტექნიკურ ნაწილს ხელაშვილი აწესრიგებს.

წინააღმდეგობის გამო ჩემ მიმართ ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო, რაც გაამძაფრა ერთ-ერთმა საქმემ, რომელიც საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ელისო ტუკვაძის მიერ შემოვიდა. დაინიშნა ექსპერტიზა. "ვი-თი-ბი ბანკს" "კავკასუს ონლაინი" ედავებოდა 400 ათასი ლარის ჯარიმის გადახდას, თითქოს "კავკასუსის" ტელეფონის სარგებლობით ბანკმა დახარჯა 400 ათასი და მარეგულირებელს სთხოვდნენ ამის დაფარვას. ეს არ არის ფონოსკოპიასთან კავშირში და განვუმარტე კიდევაც უფროსს. დამარეკინეს და მე თავად ვესაუბრე მოსამართლესაც, მის თანაშემწესაც და ავუხსენი, რომ მე არ შემიძლია ისეთი ექსპერტიზის ჩატარება, სადაც ხმა არ არის დაფიქსირებული, ეს არ იყო ფონოსკოპია. ოფიციალურად გავუგზავნე წერილი მოსამართლეს და ჩვენმა სამმართველოს იურისტმა, ლელა შოშიაშვილმაც მისწერა წერილი, არ გვყავს მსგავსი ექსპერტი და ეს არ არის ფონოსკოპიის საქმეო. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ისევ მობრუნდა წერილი, სადაც კატეგორიულად ითხოვნდენ ექსპერტიზას. მერე დარეკეს პროკურატურიდან, - ეს საქმე უნდა შესრულდესო! სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, ვახტანგ ალთუნაშვილი, დაჟინებით მთხოვდა, ყოველდღე მიბარებდა და დასკვნის დაწერას მთხოვდა. თუ არასპეციალისტს უნდა დაეწერა დასკვნა, ტყუილის დაწერა ნებისმიერ ექსპერტს შეეძლო, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებდი, ვერ დავწერდი ასეთ დასკვნას და კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ალთუნაშვილმა მითხრა: თუ დასკვნას არ დაწერ, მაშინ დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდანო. მე ვუთხარი მას, - არავითარ შემთხვევაში არ დავწერ არც ამ განცხადებას, მე ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებს, ვამზადებ სტაჟიორებს, რომელშიც არავითარ ანაზღაურებას არ ვიღებ, ვეხმარები დამწყებ ექსპერტებს, დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ, არ მიმაჩნია, რომ რამე დავაშავე და უნდა წავიდე სამსახურიდან-მეთქი. - კი, ბატონო, ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო, - მითხრა. მაშინ ვერ მივხვდი, ეს რომ მუქარა იყო, იმდენად მართალი ვიყავი ყველა საკითხში, ვერ დავუშვი, ჩემ მიმართ რამეს თუ შეთითხნიდნენ. ალთუნაშვილმა შემიყვანა მთავარი სამმართველოს უფროს გიგი ჯანყარაშვილთან, მე მას ვუთხარი; დასკვნა რომ დავწერო, არ გამიშვებთ სამსახურიდან-მეთქი? ჯანყარაშვილი მეუბნება, - გინდა დაწერე, გინდ - არა, მაინც გაგიშვებთო. მე ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებდა და ამიტომ ჩვენს საუბარს ვიწერდი. ჯანყარაშვილი მეუბნება: გენერალურ ინსპექციაში (ამ დროს სანოძე იყო უფროსი, - დ.მ.) გავაგზავნე განცხადება, დაიწყება მოკვლევა და შენ იმდენი საქმე გაქვს შეუსრულებელი, მარტო ეგ გეყოფაო. დაველოდე, როდის დამიძახებდნენ გენინსპექციაში. გამომიძახეს, სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე ალთუნაშვილი მიჩიოდა. საჩივარში ეწერა, რომ მე ვაფერხებ მუშაობას და მაქვს 2007-2008 წლების სამუშაოები შეუსრულებელი, იმის გამო, რომ მე ექსპერტიზის დასკვნები არ მაქვს გაკეთებული, ფერხდება გამოძიება. ყველა მონაცემი, - რომელი საქმე შემოდიოდა, რომელი რა მიზნით იყო გაჩერებული, ყველაფერი კომპიუტერში მქონდა შენახული, დეტალური სქემა მქონდა გაკეთებული, ამოვბეჭდე და მივიტანე გენინსპექციაში. ეს ხდება 2010 წლის აგვისტოში, აგვისტოს თვემდე 20 დასკვნა მქონდა გაშვებული, ეს ფონოსკოპიისთვის უდიდესი რაოდენობაა. ფონოკსოპიურ ექსპერტიზას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ყურსასმენებით მუშაობა დღეში მხოლოდ 4 საათი შეიძლება, მაგრამ მე მთელი დღეები ვმუშაობდი, ძალიან ბევრი და ძალიან დიდი მოცულობის საქმე იყო და სხვა გზა არ მქონდა. გენერალური ინსპექციის თანამშრომელ გოგიაშვილთან რომ მივიტანე ეს მასალები, ის ჩემი საქმის მოკვლევას ატარებდა და ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, მიხვდა, მართალი რომ ვიყავი და საქმე უნდა შეეკრათ, მაგრამ ის არ მოქმედებდა თავისი ნებით - მე რომ რამეს ვეტყოდი, გავიდოდა გვერდით ოთახში თავის უფროსთან, დაკვალიანდებოდა და შემობრუნდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, იმ მოტივით გამიშვეს სამსახურიდან, რომ საქმეებზე დასკვნები შევაფერხე.

- რა საქმეებია ესენი?

- 2009 წელს რაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ჩემს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სხვას რომ ვერაფერს გვეუბნებოდნენ, უკვე შარს იმაზე დებდნენ თანამშრომლებს, შესვენებაზე სად იყვნენ, რატომ ჭამეს ხინკალი, ბიჭებს დასდევდნენ ძალიან. 2009 წლის დეკემბერში სამსახურიდან წავიდა გიორგი ხურციძე, 2010 წლის იანვარში - სოსო ბექაური, მარტში - დიანა ანფიმიადი, მაისში - დავით ბუაჩიძე. პრაქტიკულად, დაიშალა სამსახური, იმიტომ რომ ესენი ყველანი კარგი ექსპერტები იყვნენ, ბუაჩიძე კი ჩემი გაზრდილია. დავრჩით მხოლოდ მე და უჩა ხელაშვილი და ერთი სტაჟიორი - გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც ამჟამადაც მუშაობს. დავრჩით ორი თანამშრომელი, ამ დროს დარეკავდნენ პროკურატურიდან, დამიბარებდა ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი, გამაჩერებინებდა იმ საქმეს, რაზეც ვმუშაობდი, - პროკურატურიდან დარეკეს, სასწრაფო საქმე მოიტანესო და გვაძლევდა მასალებს; ანუ ხელმძღვანელობა რომელ საქმეზეც გვეტყოდა, იმ საქმეზე ვაკეთებდით ექსპერტიზას და დავა იმაზე, რომ რომელიმე საქმე შევაფერხეთ, ყველამ იცოდა, რომ აბსურდული იყო. ყველაზე მთავარი: მე მბრალდებოდა, რომ თითქოს შეუსრულებელი საქმეები მქონდა, სინამდვილეში კი ეს საქმეები შესრულებული მქონდა, მაგრამ დასკვნები შემომტანმა გენერალურმა ინსპექციამ არ წაიღო, გამომძიებლები უარს ამბობდნენ ამ საქმეების წაღებაზე, იმიტომ რომ მათ მიერ წარმოდგენილი მასალები იყო მონტაჟი. მე რომ დავწერე, ჩანაწერი მონტაჟია-მეთქი, ეს გამოძიებას არ აწყობდა. დასკვნას როცა ვწერდი და აღვნიშნავდი, რომ ეს იყო მონტაჟი, ვურეკავდი გამომძიებელს და ვაფრთხილებდი, რომ ფირი მონტაჟია. ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს ვღებულობდი მათგან, - დასკვნა არ გამომიგზავნო, საქმე დახურულია, განაჩენი დადგენილია და ახლა ეს დასკვნა რომ გამომიგზავნო, საქმე დამეშლებაო. ასეთი ბევრი საქმე დაგროვდა, ბევრ საქმეზე არ წაიღეს დასკვნები. ახლა აღარ მასხენდება დეტალურად, რა საქმეები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი საქმის დასკვნა გამომძიებლებმა რომ არ წაიღეს, ეს ზუსტად ვიცი. ზოგი საქმე შეუსრულებლად გაითხოვეს. ძირითადად, გენერალური ინსპექციის საქმეები იყო ეს საქმეები.

- სანოძის, ანუ რაც მექრთამე თანამშრომლებს და ა.შ. ეხებოდათ?

- სანოძე იყო ხელმძღვანელი გენინსპექციის, დიახ. ასეთი საქმეების კურატორად ჩვენთან სამმართველოში ერთ-ერთ მოადგილედ მუშაობდა გენინსპექციის წარმომადგენელი, ანუ სანოძის მიერ ოდეერად იყო მოვლენილი ნუგზარ სუჯაშვილი.

- უკაცრავად, ერთი წამით, ეს ის სუჯაშვილია, ახლა ღარიბაშვილმა ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად რომ დანიშნა?

- დიახ! ნუგზარ სუჯაშვილი! ჩემთვის ნაბრძანები ჰქონდათ, რომ მე მასთან ყოველთვის უნდა მიმეტანა, როდის რომელი საქმე შემოვიდოდა, საქმის ნომერი, ვისი ქვემდებარე იყო ეს საქმე. ის ადგენდა სიას და ამ საქმეებს მერე შეუსრულებლად, ისე რომ დასკვნას არ გვაწერინებდნენ, არც გვახსნევინებდნენ წამოდგენილ მასალას, უკანვე გაითხოვდნენ საქმეს გენერალური ინსპექციიდან, რომ ვითომ აღარ აინტერესებდათ საქმეზე ექსპერტიზის ჩატარება! რეალურად, იცოდნენ, რომ მონტაჟი იყო, მაგრამ საქმეში უნდა დებულიყო მიმართვა ექსპერტიზის მიმართ. ასეთი საქმეები მე ამ წუთას 4 მახსოვს, მანამდე გაშვებული საქმეები, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

- ამ 4 საქმეზე ვისაუბროთ.

- ზოგადად, ასე გამოთხოვილი საქმეები იყო, ძირითადად, დამუშავებული აგენტების მიერ პროვოცირებული საქმეები და აშკარად მონტაჟი.

- კახა კალაძის ძმის საქმის მასალებზე რას იტყვით?

- რაც შეეხება კალაძის საქმეს, ასათიანის ექსტრადიცია რომ მოახდინეს, იმავე საღამოს, როგორც კი ჩამოიყვანეს ასათიანი, მოვიდა ჩემთან გამომძიებელი და მომიტანა მისი ხმის ჩანაწერები, სადაც ჩაწერილი იყო კალაძის ოჯახში დარეკილი ზარები, როცა ოჯახს ფულს ძალავდნენ. უნდა დამედგინა, რამდენად იყო შესაძლებელი ხმის იდენტიფიკაცია.

- რა ფირებია ეს?

- ადვოკატი და გამომძიებელი ესაუბრებოდა ასათიანს. ეს ჩანაწერი მომიტანეს, როგორც ასათიანის ხმის ნიმუში და უნდა შემედარებინა იმ ხმაზე, რომელიც დაფიქსირებული იყო ოჯახში შემავალ ზარზე, სადაც კალაძის ოჯახს გამოსასყიდ ფულს სთხოვდნენ. კატეგორიული წინააღმდეგი წავედი ამ ექსპერტიზის ჩატარების, იმიტომ რომ ოჯახში განხორციელებული სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძველი იყო. 5 წლის შემდეგ ადამიანის ხმა, მით უმეტეს, მამაკაცის, მით უმეტეს, მწეველის, იცვლება და ძალიან ეჭვი მქონდა, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ შეიძლება ასათიანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამიტომ მე ვერ შევძლებდი ხმის იდენტიფიკაციას, არ გამოვიდოდა ეს არანაირად. მიუხედავად ამისა, ჩემგან მაინც მოითხოვდნენ, რომ იდენტიფიკაცია გამეკეთებინა და თუ გამოვიდოდა, მერე დავნიშნავთ ექსპერტიზასო. მაშინ მე კატეგორიული წინააღმდეგი წავედი და ამ დროს ასათიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ დრო იყო გასული და ხმის იდენტიფიკაცია შეუძლებელიაო. ამის გამო შემეშვნენ, გადავრჩი, ასე ვთქვათ. 2010 წლის იანვარში დამიბარა მთავარი სამმართველოს უფროსმა ჯანყარაშვილმა და მითხრა, რომ ძალიან კონფიდენციალურად უნდა ჩამეტარებინა ექსპერტიზა და ეს ჩემ გარდა განყოფილებაში არავის არ უნდა სცოდნოდა. სამმა კაცმა ვიცოდით იმ მასალების შესახებ, რაც მომცეს - ჯანყარაშვილმა, პროკურორმა და მე. ეს მასალები აღმოჩნდა კალაძის ძმის საქმე. მე ვიცოდი, რომ გამოძიება დასრულდა და განაჩენიც დამდგარი იყო, მაგრამ ჩანაწერები დღესაც ჩემთან ინახება. ეს იყო სხვადასხვა პიროვნების ხმა.

- ვინ მოგიტანათ ეს მასალები?

- კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა გამომძიებელმა და ერთ-ერთმა პროკურორმა. როგორც ჩანს, მათ ეჭვი ეპარებოდათ, რომ გამოძიება სწორად არ ჰქონდათ ნაწარმოები, ამიტომ მომიტანეს ჩანაწერები. რამდენჯერმე მომიტანეს ჩანაწერები, სულ 4 ჩანაწერი იყო. ყველა ვარიანტში უარყოფითი პასუხი დადგა, ანუ არც ერთი ჩანაწერი არ დაემთხვა კალაძის ოჯახში განხორციელებული ზარის ავტორის ხმას. ეს იყო სხვადასხვა პატიმრის ხმის ჩანაწერები. როცა ვამბობდი, რომ ეს ის ხმა არ არის, ძალიან ცუდ ხასიათზე დგებოდნენ.

- ანუ გამოდის, ვიღაცისთვის უნდოდათ კიდევ, ეს საქმე "შეეტენათ"?

- არ ვიცი, მე ჩანაწერები მას შემდეგ მომიტანეს, რაც განაჩენი ძალაში იყო შესული. არც ერთი ხმა არ დაემთხვა გამომძალველისას. ძალიან დიდი ხანი, 4 თვე ვიმუშავე ამ საქმეზე, სხვა არც ერთ საქმეს არ გამაკარეს და დიდი პრემიაც გამომიწერეს ამ საქმის გამო. ორ თვეში კი ბრალად დამდეს, რომ მე საქმეებს არ ვასრულებ და გამოძიებას ვაფერხებ.

- ანუ, ეს იყო ბოლო ჩანაწერები?

- დიახ, 2010 წლის ივლისში მომიტანეს ბოლო ჩანაწერები. სექტემბერში უკვე გამომიშვეს.

- თქვენ მიერ გადმოცემულ დოკუმენტებში აღნიშნულია ერთ-ერთი საქმე ნომრით: 009080046. სანოძის დაქვემდებარებულ გენინსპექციას აქვს წარმოდგენილი ერთი ფუთა ნომრით 12239, გამომძიებელია გრძელიძე, დანაშაულის ხასიათში მითითებულია სპეცრაზმი, სიცოცხლის გაუფრთხილებლობა და შენიშვნის გრაფაში მიწერილია - გამომძიებელმა გამაფრთხილა. რა საქმეა ეს?

- ეს საქმე არის შემოსული გენერალური ინსპექციიდან. სხვათა შორის, ეს მეთვლება შეუსრულებელ სამუშაოდ, რის გამოც გენერალურმა ინსპექციამ აქტი შემიდგინა. ეს არის იმ კატეგორიის საქმე, რომელზეც დასკვნას არ გაკეთებინებენ, იმიტომ რომ დასკვნა გამოძიებას არ აწყობს. გამომძიებელი მოვიდა პირადად ჩემთან, გამომიყვანა ოთახიდან და გარეთ დერეფანში მითხრა: არ გახსნა პაკეტი, როგორმე გაიყვანე დრო, მერე მიავიწყდებათო. ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ნანახი არ მქონდა ჯერ ეს საქმე, ამის შემდეგ დავინტერესდი, რა იყო, რა მომიტანეს. დავინტერესდი, ჩემმა ექსპერტმა მთხოვა კიდეც, მოდი გავხსნათო, მაგრამ შემეშინდა, არ ნახოო და რომ მოეთხოვათ და გახსნილი ენახათ? ეს იყო "რუსთავი 2"-ის ოპერატორი რომ დაიღუპა პოლიგონზე, ის საქმე. მე წარმომიდგინეს ამ საწყალი ბიჭის გადაღებული კადრები და დამისვეს კითხვები, - ჩანს თუ არა კადრში, ვინ გაისროლა? თუ ჩანს სპეცრაზმელების სახეები? ოპერატორის დაცემამდე თუ ჩანს კადრში ვინ ისროლა? რა მომენტია აღწერილი კამერის დავარდნამდე? მივხვდი, რომ საქმე მკვლელობასთან გვქონდა და არა მერე როგორც გამოაცხადეს, შემთხვევით მოხვდა ტყვიაო.

- ანუ არ გაგიხსნიათ?

- არა, შემეშინდა.

- სადაა ახლა ეს ჩანაწერი?

- ბიუროშია, ალბათ, არ სჭირდებოდათ და რა ვიცი? შეიძლება წაიღეს.

- აქ არის საქმე, რომელსაც მიწერილი აქვს "გამომძიებელი ვერ იპოვეს". არის მასალა, რომელსაც აწერია: მასალა დამონტაჟებულია, გამომძიებელმა მთხოვა, რომ არ გავუშვა დასკვნა და ის შეუსრულებლად გაითხოვეს". ერთია შაყულაშვილის, მეორე - მდივნის საქმე.

- დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ პირველი საქმე ტვირთების გადაზიდვას ეხებოდა, ნამდვილად ვიცი, რომ ფირი მონტაჟი იყო და სასტიკად გამაფრთხილეს, დასკვნა არ გაუშვაო. რაც ეხება შაყულაშვილის საქმეს, გამომძიებელ ჭანკოტაძეს, ვინც შემოიტანა ეს საქმე, მთელი სამმართველო, კანცელარია, ჩვენ ვეძებდით და ვერსად მივაკვლიეთ. ჩვენ მის მიმართაც გვქონდა შეკითხვები, ჩანაწერი დაბალი ხარისხის იყო და დამატებით დიქტოფონის ან სხვა ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, ვითხოვდით სხვა ჩანაწერებს. გამომძიებელი ვერ იპოვეს, მაგრამ საბოლოოდ შეუსრულებელ საქმედ დამაწერეს და ესეც გახდა ჩემი განთავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი.

- იყო თუ არა თქვენთან შემოტანილი სხვა გახმაურებული საქმის ჩანაწერები, მაგალითად, ჟვანიასი?

- არა, ჟვანიას საქმე არ შემოუტანიათ. ჩვენთან იყო შემოტანილი პატარკაციშვილის საქმიდან მხოლოდ ერთი ჩანაწერი.

- კარგით, აქ დავასრულოთ ინტერვიუს ეს ნაწილი. გმადლობთ.

დარეჯან მეფარიშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა