"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."

"არ მჯერა, რომ ამერიკის ყველაზე დამანგრეველ სტიქიას მოვესწარი!.."

წინა კვირას მსოფლიო შეძრა კადრებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ყველას გაახსენდა როლანდ ემერიხის ცნობილი ფილმები, რომლებშიც ჰოლივუდელ რეჟისორს შესაშური მხატვრულობით აქვს გადმოცემული სამყაროს დასასრული. ის ზარალი, რაც ქარიშხალმა "სენდიმ" მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანას მიაყენა, ჯერ კიდევ არ არის დათვლილი, თუმცა მიახლოებითი თანხა უკვე ცნობილია - 20 მილიარდი დოლარი. დატბორილი მეტრო, დანგრეული სახლები, დაკეტილი საავადმყოფოები, დაღუპული ათეულობით ადამიანი... ნიუ-იორკში, რომლის წყალთან ახლოს მდებარე უბნები ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე იდგა, უამრავი ქართველი ცხოვრობს. მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტფორუმებზე ხალხი დიდი ინტერესით ელოდებოდა. მე კი მაინტერესებდა, როგორ იყო ჩემი უმცროსი მეგობარი, ნინი ჭელიძე, რომელიც მესამე წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს. ამბების შესატყობად სწორედ მას დავუკავშირდი.

- ვსწავლობ სამეფო კოლეჯში პოლიტიკა-ფილოსოფია, ეკონომიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მანჰეტენზე ვცხოვრობ. დაუნთაუნის მხარეს მაქვს ნაქირავები ბინა, სადაც მე და ჩემი უფროსი და ვცხოვრობთ. ჩემი და პროფესიით იურისტია. რამდენიმე წელიწადია აქ ცხოვრობს და მუშაობს. ახლა ამთავრებს მაგისტრატურას იურისპრუდენციის განხრით.

- ნინი, მოგვიყევი, როდის შეიტყვეთ, რომ ნიუ-იორკს ქარიშხალი უახლოვდებოდა...

- შარშან ნიუ-იორკში საკმაოდ ძლიერი ქარიშხალი "ირენე" იყო. წინა წელს გაგვაფრთხილეს, რომ საჭმელ-სასმელი მოგვემარაგებინა და გარეთ გასვლისგან თავი შეგვეკავებინა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ინსტრუქციების შესაბამისად ვიმოქმედეთ და უამრავი რამ შევიძინეთ, თუმცა "ირენე" ისეთი სიძლიერის არ აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ. არც შუქი გათიშულა, არც წყალი წასულა. იყო ქარი, წვიმა, წყლის განაპირა ზოლზე წყალდიდობა იყო, მეტრო დაკეტეს, რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება. შარშან შედარებით მარტივად გადავიტანეთ ეს ყველაფერი, ამიტომ წლევანდელ გაფრთხილებას ცოტა ნაკლები ყურადღება მივაქციეთ.

კვირას საღამოს დაიწყო საშინელი წვიმა და ქარი. სადაც მე ვცხოვრობ, ის შედარებით უსაფრთხო ზონად მიიჩნევა, რადგან წყლით არ არის გარშემორტყმული, შუაში მდებარეობს, ვინც წყალთან ცხოვრობს, ყველა ევაკუაციას დაექვემდებარა. ისინი საცხოვრებლებიდან გაიყვანეს. ძალიან დიდი ქარიშხალი იყო, წყალდიდობა დაიწყო... მიდთაუნში ძალიან დიდი შენობა შენდებოდა. ამწეკრანი იყო დატოვებული, რომელიც ადგილიდან მოწყდა და შენობა დააზიანა. მეორე შენობა საერთოდ ნახევარზე გადაიხსნა. ხეები ძირს ცვიოდა, მანქანები დაზიანდა... ყველაზე მეტად ბრუკლინი დაზარალდა. იქ ჩემი ერთი მეგობარი ცხოვრობს, რომელიც წერდა, სახლის გარშემო მდინარე მაქვსო.

ორშაბათს საღამოს, 7 საათისთვის, შუქი წავიდა. არც წყალი გვქონდა, არც გაზი. ქუინსში ელექტროენერგიის გამო აფეთქება მოხდა და ასამდე სახლი დაიწვა. ნახევარი მანჰეტენი უშუქოდ არის იმის გამო, რომ ელექტროგამანაწილებელი დაიწვა. მეტროები დაკეტილია. ასევე დახურულია უნივერსიტეტებიც და სამსახურებიც. დემოკრატიის ქვეყანაში სასამართლოებიც კი დახურულია.

- თქვენ საჭმელ-სასმელი მომარაგებული არ გქონდათ?

- იმდენი არა, რამდენიც წინა წელს, წყალი და საჭმელი შევიძინეთ პარასკევს საღამოს, მაგრამ კომპიუტერები, ტელეფონები წესიერად არ გვქონდა დატენილი. არ ველოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა, რაიმეს ნიუ-იორკში შუქი გაეთიშა.

- ამ დღეებში გარეთ გადიოდით?

- წყალი რომ წავიდა, ქვევით ჩავედით, რომ ბოთლებით წყალი მოგვემარაგებინა. მარტო ჩინელების მარკეტი მუშაობდა. გარეთ რიგი იყო. ხუთ-ხუთ კაცს უშვებდნენ მარკეტში, სადაც სანთლები ენთო. ძლივს ვიპოვეთ, რაც გვჭირდებოდა და ზეპირად დაგვითვალეს ანგარიში. სახლში ყოფნა საშიში იყო, ამიტომაც აფთაუნში ავედით, სადაც შუქი იყო. ფეხით დიდხანს ვიარეთ, სასტუმროსთან მივედით, სადაც ინტერნეტი იჭერდა. ტელეფონით შევედით ინტერნეტში, რომ ახლობლებისთვის გაგვეგებინებინა, კარგად ვიყავით.

- ჩვენთვის უშუქობა და უწყლობა უჩვეულო არ არის. ამერიკელები როგორ იღებენ ამას?

- ყველა გამოსულია გარეთ, რომ ყველაფერი მოიმარაგოს. მოუმზადებლები იყვნენ და არ ელოდებოდნენ, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტს დიდი საავადმყოფო აქვს, მათ შუქი გაეთიშათ. თოთო ბავშვები ინკუბატორებიდან ხელით გადაჰყავდათ, ყველაფრის გარეშე, სხვა საავადმყოფოებში. აფთაუნში, სადაც შუქი იყო, ალბათ, იქ აჰყავდათ. სახელმწიფო სტრუქტურები ამბობენ, რომ მზად იყვნენ, მაგრამ ასეთ რამეს მაინც არ ელოდნენ.

108 წლის განმავლობაში ეს ამერიკაში ყველაზე დამანგრეველ სტიქიად აღიარეს. არ მჯერა, რომ ამას მე მოვესწარი. ქუჩაში ფეხით დავდივარ, რადგან დღეებია, ტრანსპორტიც არ მუშაობს. შუქის გარეშე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"