ბაჩო ახალაია მზად არის, მის მიმართ არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს

 ბაჩო ახალაია მზად არის, მის მიმართ არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მზად არის, მის მიმართ არსებულ ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

როგორც ახალაიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანა გარკვეული პერიოდით დატოვა იმიტომ, რომ არჩევნების შემდგომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი წყნარად დასრულებულიყო და პროვოკაციების საშუალება არავის ჰქონოდა.

"გადავწყვიტე, დროებით დამეტოვებინა ქვეყანა. იყო მთელი რიგი აბსურდული განცხადებები, რომელიც თავის თავში მოიცავდა იმას, რომ ვინმე სისხლისღვრას აპირებდა. ამიტომ ჩავთვალე სწორ გზად, რომ რაღაც პერიოდით ქვეყანა დამეტოვებინა. იმდენი რამ გავიგე ჩემს შესახებ ბოლო პერიოდში, კინაღამ თვითონაც დავიჯერე. ჩემი ამოცანაა, ვუპასუხო ყველა კითხვას, დაწყებული კორუფციით, დასრულებული ბანდფორმირებებით და ციხეებით. ყველაფერს ვუპასუხებ ნებისმიერ ფორმატში - იქნება ეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია თუ პროკურატურა, რადგან ეს ბრალდებები აბსურდულია", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, ახლა, როდესაც ყველა უწყებას ახალი ხელისუფლება აკონტროლებს, თავადაც ბევრი კითხვა აქვს მათთან. "მე ბევრად მეტი კითხვა მაქვს იმაზე, რაც ამ ხნის განმავლობაში ხდებოდა - იყო ბრალდებების მთელი კასკადი, ძალადობით დაწყებული, უკანონო ბანდფორმირებებით და კორუფციით დასრულებული. ნებისმიერ თემას ვუპასუხებ, რადგან ყველა ერთნაირი სისულელეა", - აღნიშნა ახალაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში მისი უშუალო მონაწილეობის შესახებ, როგორც ახალაიამ განაცხადა, თავდაცვის მინისტრობისას არათუ სასჯელაღსრულების სისტემისთვის, საკუთარი თავისთვისაც კი არ ეცალა. "არც კანონი იძლეოდა ამის საშუალებას. უნდა დაადასტურონ, რომ პირადად ვმონაწილეობდი ამ ყველაფერში. მე მქონდა პოზიცია, რაც თმენის ვალდებულებას მაკისრებდა, ახლა აქ ვარ და ნებისმიერ კითხვას პასუხს გავცემ", - განაცხადა ახალაიამ.

ყოფილმა მინისტრმა გადადგომის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. "გადავდექი, რადგან არჩევნებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, რაიმეს გარკვევის საშუალება არ იყო და მივიღე წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება. დუღილის მაღალ ტემპერატურას არჩევნებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მსურველი იყო, რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულიყო", - განაცხადა ახალაიამ.

რაც შეეხება კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლო კავშირს, როგორც ახალაიამ აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ ამ სისტემის რღვევა მოახერხა, თუმცა საფრთხე ჯერ ისევ არსებობს. "ჩვენ შევძელით კონკრეტულ მონაკვეთში კრიმინალური სისტემის რღვევა, მაგრამ ეს არ არის დასრულებული პროცესი და დღეს თუ ეს აიშვებს, ჩათვალეთ, რომ მთელი შრომა წყალში გადაყრილია. ეს საფრთხე საზოგადოებისთვის ჯერ ისევ არსებობს", - აღნიშნა ახალაიამ.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 113 მილიონის გაფლანგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი ახალაიამ სიცრუე უწოდა.

"არავის ფული არსად მოუპარავს. ყველაფერი გვქონდა წესით და რიგით. საინტერესოა, ორ დღეში როგორ აღმოაჩინეს 113 მილიონის დაკარგვა, ესეც მორიგი სიცრუეა. შეიძლება ადამიანს უკანონო ბანდფორმირებების აღმოჩენის ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ ერთდროულად ასეთივე ბუღალტრული ნიჭითაც იყოს დაჯილდოებული, ცოტა უცნაურია", - განაცხადა ახალაიამ და აღნიშნა, რომ იმ 113 მილიონის ბედი თავადაც არანაკლებ აინტერესებს.

იხილეთ ვიდეო: "აბსურდია ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ" - ბაჩო ახალაია "რუსთავი 2"-ს ქუთაისში ესაუბრა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა