პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

პროკურატურა ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაიბარებს

მთავარი პროკურატურა ყველა იმ ბრალდებასა და ინფორმაციაზე, რომელიც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებითაა გავრცელებული, გამოძიებას დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე ბაჩო ახალაია დაკითხვაზე აუცილებლად იქნება დაბარებული.

"პროკურატურის მოვალეობაა, მედიაში გავრცელებულ და ზოგადად საზოგადოებაში არსებული განცხადებები შეისწავლოს, გამოძიება აწარმოოს და თუკი დანაშაულის ნიშნები დადასტურდება, კონკრეტული შედეგი დააყენოს. რაც შეეხება ახალაიას, მასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება და ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, დაიწყება მათი შესწავლა და დამუშავება, თუმცა საზოგადოებრივი აზრი, რომ ის დამნაშავეა და არ შეიძლება ქუჩაში დადიოდეს, საზოგადოებრივი აზრია, პროკურატურა კი კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე უნდა მოქმედებდეს. ის, რომ ბაჩო ახალაიას დაკითხვაზე დაბარება დიდი ალბათობით მოსალოდნელი იქნება, რასაკვირველია, ეს შეიძლება ითქვას", - განაცხადა კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარი პროკურორის განმატებით, აღნიშნულის გარდა, დაიწყება ყველა იმ საქმის თავიდან შესწავლა, რომელთანაც ყოფილი ხელისუფლების წევრების, მათ შორის ახალაიას კავშირის შესახებ საზოგადოებაში მოსაზრებები არსებობს. კბილაშვილმა ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრე თეთრაძის საქმე დაასახელა.

"პროკურატურაში წინა ხელისუფლების დროს შემოსული გარკვეული საქმეები წარმოებული იყო იმდაგვარად, რომ გამოკვეთილი არ ყოფილიყო სახელისუფლებო პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, მათი მოკვლევა თავიდან დაიწყება. რაც შეეხება სანდრო თეთრაძის საქმეს, მასზე გამოძიება დასრულებული და საქმე დახურულია, თუმცა ის არ იყო სრული და ამომწურავი, ამიტომ გამოძიება იქნება წარსამართი იმ საკითხების გამოკვლევის მიზნით, რაზეც საზოგადოებას ეჭვი აქვს, თუმცა სანამ მტკიცებულება არ იქნება, არც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაში მიცემა არ შეიძლება. ამის გაკეთება არ მოხდება. საჩქარო და ასაფორიაქებელი არაფერია", - დასძინა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ