სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულებაში მასობრივი შიმშილობა შეწყვეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს, რომელიც საზოგადოებრივი მონიტორინგის წევრია, დაწესებულების ე.წ. ახალ ზონაში მოთავსებულმა პატიმრებმა განუცხადეს, შიმშილობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მათ უთხრეს, რომ მათი მოთხოვნები, კერძოდ დირექტორისა და ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლების მოხსნა, დაკმაყოფილდება.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას დაწესებულების რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ პირამოკერილმა პატიმრებმა პირი აიხსნეს და კიდურებით ერთმანეთზე მიკერებული პატიმრებმაც აიხსნეს ძაფები.
"მას შემდეგ, რაც ტელევიზიით მოვისმინეთ, რომ ნუკრი ხუხუა გადადგომას აპირებს, ადმინისტრაციის წევრებიც იყვნენ ჩვენთან გადმოსული და დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. სწორედ ამის შემდეგ მასობრივი შიმშილობა შეწყდა", - განაცხადეს პატიმრებმა.
ქსნის #15 დაწესებულებაში გუშინ 2000 პატიმარი შიმშილობდა, მათ შორის 48 პატიმარს პირი ჰქონდა ამოკერილი, 70 პატიმარი კი ერთმანეთზე იყო კიდურებით გადაკერილი.