საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ბაჩო ახალაიას მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ირაკლი ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.
"ვფიქრობ, რომ ამაში პოლიტიკური საფანელი დევს. ყველაზე მეტად ამას ვუკავშირებ თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას სამარცხვინო დამარცხებას ზუგდიდში. ესაა პოლიტიკური შურისძიება იმისთვის, რომ იქ ხალხმა აირჩია ბატონი როლანდ ახალაია", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების თაობაზე ახალაიას გადაწყვეტილება ქვეყნის ახალ ისტორიაში "გამორჩეული პოლიტიკური ნაბიჯია". "ესაა გამორჩეული პოლიტიკური ნაბიჯი. ისაა აღბეჭდილი მაღალი ზნეობით და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით. ამით ბაჩო ახალაიამ დაადასტურა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა პირადი კეთილდღეობა და გარწმუნებთ, რომ შეეძლო კარგად ყოფილიყო უცხოეთში, არამედ სიმართლის გარკვევა", - აღნიშნა წიკლაურმა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის ინფორმაციით, ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.