გიორგი კალანდაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება

გიორგი კალანდაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კალანდაძე დაკავების შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც წულუკიანი განმარტავს, კალანდაძის დაკავება მოხდა ნორმალურ, მშვიდ გარემოში და კალანდაძის ყველა უფლება დაკავებისას დაცული იყო.

"2012 წლის 7 ნოემბერს, 05:20 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაკავებულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე, რადგან მას ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ის დაკავებულ იქნა მთავარი პროკურორის თანდასწრებით. მას განემარტა ყველა ის უფლება, რომელიც აქვს ბრალდებულს, რომ ჰყავდეს ადვოკატი, შეინარჩუნოს დუმილი და ყველა სხვა უფლება, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამ უფლებების განხორციელება მოხდა ადგილზე, მისი დაკითხვა არ მომხდარა. მოხდა უბრალოდ მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა. მას მიეცა ორჯერ განმეორებითი წინადადება, რომ გამოეძახა დამსწრეები პირადი ჩხრეკის დროს, რაზეც მან განაცხადა უარი", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იგეგმებოდა კალანდაძის ორივე სახლის ჩხრეკა, თუმცა მთავარ პროკურორთან ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება არ მომხდარიყო იმ სახლის ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდნენ კალანდაძის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

"ეს ჩხრეკა გადაიდო გათენებამდე, რათა ოჯახს არ მიეღო დამატებითი სტრესი. თავად დაკავებულს დაკავების შედეგად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისი ყველა უფლება დაკავებისას და ჩხრეკისას იყო დაცული. მისი დაცვის უფლება დაკითხვისას და შემდგომი საპროცესო-საგამოძიებო ქმედებებისას, რა თქმა უნდა, ასევე იქნება ბოლომდე დაცული", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა