ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შესაძლებლობა აქვს.
როგორც მუხაშავრიამ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბარში განაცხადა, ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ახალაია ზემდგომი პირების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.
"ბაჩო ახალაია დანაშაულებრივი ვერტიკალის თვალსაზრისით დღეს არის უკეთეს პირობებში. მას ექნება შესაძლებლობა, საპროცესო შეთანხმება დადოს პროკურატურასთან და ამით თავი გადაირჩინოს, ოღონდ იმის ხარჯზე, რომ ზემდგომი პირების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება", - აღნიშნა მუხაშავრიამ.
ბაჩო ახალაიას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 20.30 საათიდან მიმდინარეობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.
საგამოძიებო ქმდებების ფარგლებში, დღეს, 20:30 საათზე, მთავარ პროკურატურაში, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაბარებულია ბაჩანა ახალაია. მას შესაბამისი უწყება გადაეცა. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.