ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს

ადვოკატის განცხადებით, ახალაია და კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს

ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე იმ პირებს არ იცნობენ, რომელთა ჩვენების საფუძველზეც არიან დაკავებული. ამის შესახებ განცხადება დაკავებულების ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო.

"მიმაჩნია, რომ რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, არ იყო საკმარისი საფუძველი მათ დასაკავებლად და არც ბრალის წასაყენებლად. ჩვენებები ალბათ, არსებობს, მაგრამ შინაარსს ჩვენ ჯერ არ ვიცნობთ. გამოქვეყნდება, გავეცნობით და ვნახავთ რა არის ამ ჩვენებებში. ახალაიას დაკითხვისას შეკითხვებიდან გამომდინარე, არის აბსურდული მათი პოზიცია, რომ გენერალს თურმე არ აქვს უფლება ჯარისკაცს საყვედური უთხრას", - აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით იმ პირთა ვინაობა, ვისი ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ახალაია, ცნობილია.

"დაკითხვის დროს ახალაიას გვარებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ზეპირად არ მახსოვს. ვერ გეტყვით გათავისუფლებული არიან თუ არა სამხედრო სამსახურიდან, ახალაია არ იცნობს მათ, არც კალანდაძე არ იცნობს. საქმის მასალებს სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მივიღებთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

სამართალდამცველებმა შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს", - ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ, ახალაიამ ეს სამხედროები ვაზიანში გადაიყვანა, სადაც ბრიფინგის ოთახში მათ კვლავ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გაგრძელდა მეოთხე ბრიგადის შემადგენლობის 20-30 კაცის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფით.

"გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან: ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე, სწორედ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის შესაბამისად. მათ ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინებათ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ