ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"

ბადრი ბასიშვილი:"თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო"

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიახვის ხეობისა და გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების, ბადრი ბასიშვილისა და გიორგი ტატიშვილის ოჯახების წევრებმა გორის ცენტრალურ საავადმყოფოში წილები დათმეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 2012 წლის 11 ოქტომბერს გორის ცენტრალური საავადმყოფოს შპს "გორმედის" დამფუძნებლებმა - ლიანა მაზმიშვილმა (გიორგი ტატიშვილის სიდედრი) და ნინო კახნიაშვილმა (ბადრი ბასიშვილის დედა) უარი თქვეს კუთვნილ წილებზე და უსასყიდლოდ გადაუფორმეს დანარჩენ ორ მეწილეს. როგორც ირკვევა, შპს "გორმედი" 2011 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. მისი თავდაპირველი მეწილეები გია კაკუშაძე, გივი სვანაძე, ლიანა მაზმიშვილი და დავით ჭეჭელაშვილი იყვნენ, მოგვიანებით სწორედ ჭეჭელაშვილისგან გადაიფორმა კომპანიის აქციათა 26% ბადრი ბასიშვილის დედამ. ამ კომპანიამ 2012 წლის 3 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის წესით გორის ცენტრალური საავადმყოფო სს "გორმედი" შეისყიდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს "გორმედმა" სააქციო საზოგადოება "გორმედის" 100%-იანი სახელმწიფო წილი 448 333 ლარად იყიდა. შპს "გორმედმა" გარდა ცენტრალური საავადმყოფოს აქციებისა, სხვა სამედიცინო ობიექტების ქონებაც შეიძინა, კერძოდ: 57 000 ლარად როგორც გორის ცენტრალური საავადმყოფოს შენობა-ნაგებობები, ასევე შპს "დასტაქარი 2009"-ის, შპს "ჯანმრთელობა ყველასათვის" და შპს "ონკოლოგიური დისპანსერი ბერსაბეას" ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობები. რაც შეეხება მოძრავ ქონებას (შესყიდულ ობიექტებში განთავსებული სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა), შპს "გორმედმა" ის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძინა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რაღა მაინცდამაინც შპს "გორმედმა" მოახერხა საავადმყოფოს პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენა და ხომ არ მოახდინა გავლენა საპრივატიზაციო პროცესზე დამფუძნებლებს შორის დეპუტატების ახლობლების ყოფნამ? საავადმყოფოს ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სახელმწიფოს წილის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით შპს "გორმედისთვის" იმ მიზეზით გადაწყდა, რომ მხოლოდ აღნიშნულმა კომპანიამ დაიკისრა საკმაოდ მძიმე ვალდებულებების შესრულება. ვესაუბრებით ლიახვის ხეობის ყოფილ დეპუტატ ბადრი ბასიშვილს.

- ბატონო ბადრი, თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში 38-ე იყავით და იმედოვნებდით, რომ ახალ პარლამენტშიც იქნებოდით. როგორ ფიქრობთ, რა გახდა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების მიზეზი?

- ამაზე ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები უკეთ მოგახსენებენ. ამ ყველაფრის შეფასებას დრო სჭირდება. ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ქვეყანაში უამრავი რამ გაკეთდა, თუმცა ამასობაში ხალხს სხვა მოთხოვნები გაუჩნდა. ჰოდა, "ქართული ოცნების" დაპირებებმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე.

- ახლა რას საქმიანობთ?

- ვარ პარტიის წევრი და ჩვეულებრივ განვაგრძობ პარტიულ მუშაობას.

- არჩევნების შემდეგ გახშირდა სახელმწიფო შენობებში დევნილთა და სოციალურად დაუცველთა შეჭრა. ახალი ხელისუფლება ეჭვობს, რომ ამ პროცესის უკან შესაძლოა, ძველი ხელისუფლება იდგეს.

- სისულელეა! მე თვითონ დევნილი ვარ და კარგად ვარ გარკვეული დევნილთა პრობლემებში. გეტყვით, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა გეგმა, როგორ უნდა განსახლებულიყო დევნილად ქცეული ლამის ნახევარი მილიონი კაცი, მაგრამ ამას დაემთხვა 2008 წელს რუსეთის მხრიდან ახალი აგრესია, რამაც მოითხოვა უფრო სწრაფი რეაგირება ჩვენგან და იმჟამად აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონიდან დევნილებზე. აფხაზეთიდან დევნილების დაკმაყოფილებასაც ვცდილობდით, მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ და ეს პროცესი სრულყოფილად ვერ განხორციელდა. საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამამ ამ ადამიანებს უფრო მეტის მოლოდინი გაუჩინა, შესაბამისად, ისინი მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები.

- კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების თბილისიდან გაყვანა ზოგჯერ ყოვლად მიუღებელი ძალისმიერი მეთოდებითაც ხდებოდა.

- დიახ, ეს ზოგჯერ მართლაც იყო მტკივნეული პროცესი. ახალი ხელისუფლება მალე მიხვდება, რომ სახელმწიფოს მართვა მარტო დაპირებები და თამაში არ არის და რომ ამ პროცესის ასე გაგრძელება და მიშვება არ შეიძლება. ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ამ ხალხის დაკმაყოფილება, რამდენად ეკუთვნის მათ ეს საცხოვრებელი ფართობები, ეს კიდევ ცალკე თემაა და შესაბამისი კომისიების გადასაწყვეტია. შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი მითითება და წაქეზება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან არ ხდება.

- ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, წლების განმავლობაში გადანაშაულებდნენ, რომ გყავდათ ე.წ. ზონდერბრიგადა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ძალადობდით. ელით, რომ უახლოეს მომავალში სამართალდამცავებს თქვენთან კითხვები ექნებათ?

- ამგვარი ბრალდებები ხშირად ისმოდა ჩემი მისამართით. მოგეხსენებათ, ოთხი წელია, ცხინვალის რეგიონიდან დევნილები სხვადასხვა ადგილზე არიან ჩასახლებული, ამიტომაც საჭირო იყო ადამიანები, ვინც მათ პრობლემებს ხელისუფლების სხვადასხვა რგოლთან მიიტანდა, რათა ეს პრობლემები სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრილიყო. ამ ხალხს უწოდებდნენ ესენი "ზონდერებს", არადა, ეს ადამიანები იყვნენ ე.წ. მამასახლისები, თვითმმართველობის რწმუნებულთა წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ხალხის პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობდნენ. თუ ვინმეს კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო. ვარ საქართველოს მოქალაქე, არსად ვაპირებ წასვლას, მეტიც, გპირდებით, რომ აქტიურად ვიქნები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ვიმედოვნებ, რომ სხვა დევნილებთან ერთად მალე დავუბრუნდები მშობლიურ სახლ-კარს.

- ამის იმედი ახალი ხელისუფლების პირობებში გაქვთ?

- ჯერჯერობით ძნელია ამის იმედი მქონდეს. როგორ შეიძლება იმათი იმედი მქონდეს, ვინც ერგნეთის ბაზრობის გახსნას აპირებს ქართლის შუაგულში, საიდანაც როკის გვირაბამდე, სადაც ქართველი მესაზღვრე უნდა იდგეს, თითქმის ასი კილომეტრია. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას სურვილი აქვს ქართველებსა და ოსებს შორის საზღვარი ქართლის შუაგულში გაავლოს. გაიძახიან, რომ აფხაზურ და ოსურ პასპორტებს უნდა მისცენ ლეგიტიმაცია, რაც ყოვლად მიუღებელია, ეს, ფაქტობრივად, ტერიტორიის აღიარების ტოლფასი იქნება. თუ რაიმე კონკრეტულ და დადებით ნაბიჯებს გადადგამენ, ნებისმიერ ხელისუფლებას გვერდით დავუდგები.

- შპს "გორმედზე" უნდა გკითხოთ.

- (მაწყვეტინებს) ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. თუ საქმეში კარგად ჩაიხედავთ, იქ არის ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რომელიც, შესაძლოა, ვინმემ საკუთარი პასუხისმგებ­ლობით იტვირთოს, ვიღაცამ კი ამაზე უარი თქვას. თუ "გორმედში" გადაწყვიტეს, რომ ეს ვალდებულება აიღონ და ღირსეულად განახორციელონ, ეს მათი უფლებაა. მე იქ პირადი ინტერესი არ მაქვს.

- იმ კომპანიის 26%-ს ფლობდა დედათქვენი, რომელსაც გორის ცენტრალური საავადმყოფოს სახელმწიფო წილი პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცეს, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს გარიგება თქვენი დახმარებით მოხდა.

- მე იმდენ რამეს მაბრალებდნენ, ეს იმასთან შედარებით კანფეტია. ნებისმიერ ადამიანს, ვინც აშენებულს კი არ დაანგრევს, არამედ მშენებელობას წამოიწყებს, მივესალმები.­

- რატომ გაასხვისა დედათქვენმა თავისი 26%-იანი წილი სრულიად უსასყიდლოდ მაინცდამაინც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ?

- ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ამჟამინდელ მფლობელებს დაელაპარაკეთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა