თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ახალაია მათგან მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე ბუნტის ინსცენირებას ითხოვდა

 თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ახალაია მათგან მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე ბუნტის ინსცენირებას ითხოვდა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა დააკავეს, ჩვენებებში აცხადებენ , რომ ახალაია მათგან მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ბუნტის ინსცენირებას ითხოვდა.

"მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ მითხრა, რომ ჩვენ თითქოს მთვრალებს უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მე მისი ნათქვამი ვიუარე. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახისა და თავის არეში ხელით, შემდეგ კაბინეტიდან გამომიყვანა გორგაძემ, ჩემომიყვანა ე.წ. "პლაცზე" და კატეგორიულად მომთხოვა მეღიარებინა ის, რასაც მეუბნებოდა ბაჩანა ახალაია, თან მირტყამდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა მერბინა "პლაცის" ირგვლივ, რამოდენიმე წრის დარტყმის შემდეგ მაჩერებდა და ისევ მცემდა, დამაგდებდა დაბლა და მირტყამდა ფეხს ტანზე. ასე აგრძელებდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკროავტობუსი, მე გადამსვა აღნიშნულ მიკროავტუბუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდზე ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ, ჩვენ წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში. შევედით ყოფილ სასადილოში, იქ დაგვხვდა სამეთაურო რგოლი, თუ ვინ იყვნენ არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ ვ. ჯ-ვა, ამ ხალხის გარდა იქვე იყვნენ შ. ბ., დ. ხ., ნ. ე, და გ. კ., მათგან გამორჩევით ცალკე იდგა შ. ბ. მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, ჩვენი ანუ ჩემი, შ. ბ., ს. დ., ხ., ნ.ქ, გ. კ-ს მისამართით თქვა, რომ ჩვენ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომ შ. ბ-ს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ იგი წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამოდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ", - ნათქვამია ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში, რომელიც დღეს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.

იგივე მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ მოგვიანებით მას აღიარება და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დააწერინეს, რის გამოც ის შემდგომ თავის მოკვლასაც შეეცადა.

"სამხედრო პოლიციელმა, გვარად მ-მ, ფურცელზე დამაწერინა განმარტება, რომ ვაპირებდით დალევას და ბუნტის მოწყობას, ასევე დამაწერინა პატაკი, რომლის მიხედვითაც მე ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, რომელიც დაიტოვა თვითონ. ასევე მითხრა, რომ ჩემი თითოეული გადაადგილება უნდა შემეთანხმებინა მასთან. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს - გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში მე დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, ხოლო შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კრედიტს ვეღარ დავფარავდი, ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ, ავედი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შედეგად მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელის თითებზე. აქვე ავღნიშნავ, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეფონი დღეისათვის აქვს ბიძაჩემს ა. გ-. იგი არის ღვთისმსახური", - ნათქვამია ჩვენებაში.

სხვა მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბუნტის ინსცენირებას ბაჩო ახალაია მათაც სთხოვდა.

"მინისტრი ბაჩო ახალაია იჯდა მაგიდასთან, მის წინ იდგა სავარძელი სადაც მიმითითეს, რომ დავმჯდარიყავი, როდესაც დავჯექი უშუალოდ მინისტრმა დამიწყო უხეში ტონით გამოკითხვა - "აბა რა გინდოდა ბიჭო, რა უნდა დაგელია და რა უნდა გაგეჯაზებინაო". მე ვერ გავიგე რას მეკითხებოდა და ვკითხე ბატონო მინისტრო არ მესმის რაზე მესაუბრებით, 7 წელია ჯარში ვარ და ვიცი სად დავლიო და სად რა უნდა ვილაპარაკოთქო. აღნიშნულზე ბ. ახალაიამ მიმართა იქ მყოფებს, ესეც იმნაირი თესლია და დროზე დაიჭირეთო. ამის თქმისთანავე მოვიდა გიგი კალანდაძე, ხელზე დამადო ბორკილები და გარეთ გამომიყვანა. ამის შემდეგ ჩვენ წამოგვიყვანეს მეოთხე ბრიგადაში და შეგვიყვანეს დარბაზში. დარბაზში მწკრივში ვიდექით მე, ბ. გ., დ. კ., ნ. ქ. და შ. ბ. დარბაზში შემოიყვანეს მეოთხე ბრიგადის ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობა. ვისაც მე ვცნობდი მათ შორის იყვნენ ვ. ჯ., გ., ბ., ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა და სხვები. რომელთა სახელები არ ვიცი, ვინაიდან მე მათ არ ვიცნობდი. ამის შემდეგ დარბაზში შემოვიდნენ მინისტრი ბაჩო ახალაია და გიგი კალანდაძე. ბაჩო ახალაია მივიდა ბ.-სთან დადგა მასთან და მიმართა იქ შეკრებილ ოფიცრებს, გახედეთ ეს რას გავს, მე ამისიო და შეაგინა ბ.-ს დედის მისამართით, შემდგომ ყველას დასანახად სახეში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი, რომელიც ხელში ეჭირა, ამის შემდეგ ჩვენთან მოვიდა მინისტრი და ფორმის ტანსაცმლიდან აგვახია წოდების და ბრიგადის აღმნიშვნელი სამხრეები, თქვენ ამის ღირსი არა ხართო. შემდგომ გიგი კალანდაძეს უთხრა ესენი რიგითებამდე დააქვეითეთ და იპახაონ ბრიგადაშიო. მერე ჩვენ გვითხრა ერთი თვის მანძილზე შეგვესრულებინა სხვადასხვა შავი სამუშაო, თუ არადა ციხეში ამოგალპობთო. აღნიშნულზე დ. კ.-მ უთხრა მინისტრს, მე ამას არ გავაკეთებ და მირჩევნია ციხეში წავიდეო.

ამის შემდეგ ჩვენ ჩაგვსვეს მანქანებში ცალცალკე და წაგვიყვანეს სამხედრო პოლიციის შენობაში. იქაც დაგვსვეს ცალ-ცალკე ოთახებში. ოთახში შემოვიდა პოლიციის თანამშრომელი, მისი ვინაობაც მე არ მახსოვს და მითხრა, აბა აღიარე და დაწერე დროზე, რომ აპირებდით დალევას, როგორ უნდა გეცემათ მეთაურები და გამოგეცხადებიდანთ დაუმორჩილებლობაო. მე ვუთხარი, რომ აღნიშნულის გაკეთებას მე არ ვაპირებდი და ამას ვერ დავწერთქო. ამის შემდგომ შემოვიდა მათი უფროსი გვარად გ. მან ჩემზე განხორციელა მუქარა და ზეწოლა, მითხრა თუ ამას არ დაწერ წამალს და იარაღს ჩაგიდებ და სამუდამოდ ციხეში გაგიშვებო. მე იძულების შედეგად დავთანხმდი და დავწერე ყველაფერი ის რაც მათ სურდათ. დავწერე, რომ თითქოს მე ვიყავი ამ საქმის მოთავე და იქ მყოფი ბიჭები ვაპირებდით დალევას, მეთაურების ცემას და დაუმორჩილებლობას. აქვე გაგიმარტავთ, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი და მე ის დავწერე გ.-ს მიერ ჩემზე განხორციელებული მუქარის და ზეწოლის შედეგად. მე დავწერე ყველაფერი ის, რასაც მაბრალებდნენ და რასაც მკარნახობდნენ.

ამ ყველაფრის დაწერის შემდეგ ჩვენ იქ მყოფები დაგვაყენეს პოლიციის შენობის მესამე სართულზე და გ.-ს დავალებით მთელი ღამის განმავლობაში გვაყვირეს გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას. როდესაც ვჩერდებოდით მოდიოდა გ. და მიყვიროდა, ნუ ჩერდები იყვირეო. ესე ვყვიროდით მეორე დღის, კერძოდ 26 ოქტომბრის საღამომდე, რის შემდეგაც გ.-მ გვითხრა, ეხლა დაწერეთ პატაკი, რომ პრეტენზიები არა გაქვთ არავის მიმართ და ნებაყოფლობით მიდიხართ სამსახურიდანო. გ.-მ ასევე გაგვაფრთხილა, ოპოზიციაში არ გადახვიდეთ თორემ უარესი პრობლემები შეგექმნებათო. ჩვენ მისი მოთხოვნის შესაბამისად დავწერეთ პატაკი და წამოვედით სახლში. ამის შემდეგ ორი თვის განმავლობაში, როდესაც გავდიოდით სახლიდან ვურეკავდი ტელეფონზე სამხედრო პოლიციის წარმომადგენელს და ვაყენებდი საქმის კურსში, ჩემი გადაადგილების თაობაზე", -ნათქვამია ჩვენებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ