ოპოზიციამ მოვლენებს არ უნდა გაუსწროს და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტი პოლიტიკურ დაპატიმრებად არ უნდა შეაფასოს, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დაირღვეს და სანამ სასამართლო დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალდებულად არ სცნობს, მათი დამნაშავეებად მოხსენიება არ უნდა მოხდეს.
"მართალია ოპოზიციამ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკურ ქმედებად შეაფასა, მაგრამ არც ერთს არ მოუკითხავს, პროკურატურამ რა ჩაწერა. დაელოდონ 48 საათს, ნახონ და მოუსმინონ. არაფერს არ უსმენენ და წინასწარ აცხადებენ, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპატიმრებები. ამ დროს ხომ შეიძლება იკითხონ სამხილი, რის საფუძველზე, როგორ მოხდა ყველაფერი. მათ მშვენივრად იციან, რომ ვინც დააკავეს, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუმცა, სანამ სასამართლო არ დაადგენს, უდანაშაულობის პრეზუმპცია უნდა იყოს ქვეყანაში და წინასწარ ნუ გამოვაცხადებთ მათ დამნაშავეებად. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან განცხადებები, ჩემი აზრით, არის არაადეკვატური და გაგრძელებაა იმ იდეოლოგიისა, რომელსაც ისინი ამ წლების განმავლობაში ავრცელებდნენ და ამის შედეგები სახეზე გვაქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.