ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე

ერმილე თორთლაძე - ჩემი დაკავების მიზეზი ისაა, რომ ვფლობდი ინფორმაციას იარაღის უკანონო შესყიდვებზე, ნარკოტიკების ტრანზიტზე, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე

იგი მთელ სასჯელაღსრულების სისტემაში ერთადერთი პატიმარია, რომელიც ბერი გახლავთ. ერთადერთია, რომელსაც გულის რამდენიმე ოპერაციის შემდგომ ყველა ავადმყოფისაგან განსხვავებული უმძიმესი მდგომარეობა აქვს - მისი გულის 70% თრომბირებულია! ერთადერთია, ვის სიცოცხლესაც ექიმები უკვე რამდენიმე წელია, აუხსნელ სასწაულად თვლიან!

2005 წლის 25 აგვისტოს, მისი დაპატიმრების "წყალობით'' გაიგო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს შორეულ აფრიკულ ქვეყანასთან - კოტ დივუართან ჰქონია დიპლომატიური ურთიერთობა - ამ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოტ დივუარში საქართველოს გენერალური კონსული - ერმილე თორთლაძე დააპატიმრა და საკონსულოს სეიფიდან იმ დროისთვის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 200 ტაბლეტი სუბუტექსი "ამოიღო''. გარდა იმისა, რომ სს საქმეში უამრავი დარღვევა იყო, ვერავინ გაიგო, რაიმე სხვა მოტივით რატომ უნდა გამოეკეტათ ციხეში თითქმის ორი ათეული წლით ხელისუფლებაში ახლადმოსულ "ნაციონალებს'' ერმილე თორთლაძე. თუმცა, თქვენს მონა-მორჩილს მაშინ რაღაც ვერსიები გაუჩნდა და როდესაც კონსულის დაკავებაზე სტატია გამოაქვეყნა, გარდა ვერსიების სავარაუდო ადრესატების შიშნარევი გამოხმაურებებისა, თავად კონსულის კატეგორიული მოთხოვნაც მიიღო - საიდან ფლობდა ჟურნალისტი საიდუმლო ინფორმაციებს?! ცხადია, არანაირ საიდუმლო ინფორმაციებს არ ვფლობდი, ამიტომ მივხვდი, რომ მიზანში მოვარტყი - არავითარი ნარკოტიკი, რომელიც საკონსულოს სეიფში მეტი დამაჯერებლობისათვის უხვად ჩაყარეს, ერმილე თორთლაძის დაკავებასთან კავშირში არ იყო! მაგრამ კონსულმა სხვა დანარჩენზე დუმილი არჩია.

გავიდა დრო. კოტ დივუარი საქართველომ კიდევ ერთხელ - 2010 წელს გაიხსენა, როცა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას "ნაცმოძრაობის'' სახემ და ტელეკომპანია "იმედის'' ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, რატომღაც, კოტ დივუარის ნაკრების ფან-კლუბი ჩამოაყალიბა და ხმაურიანადაც "გულშემატკივრობდა'' სხვა "ფანებთან'' ერთად! მე, 14-წლიანი ჟურნალისტობის შემდეგ, ადვოკატადაც დავიწყე მუშაობა და აი, საადვოკატო საქმიანობის 6 წლისთავზე, როცა ამ დროის განმავლობაში კვლავ გამიჩნდა ჟურნალისტიკისკენ მიბრუნების, უფრო სწორად - წერის სურვილი, კავშირზე ერმილე თორთლაძე გამოვიდა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის მანძილზე შევხვედრივარ! მივხვდი, რომ დრო მოვიდა, როცა ფარდა უნდა ახდოდა ნაციონალური ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის ბევრ საიდუმლოს, რომელთა გამოძიებაზე უკვე დაიწყო საუბარი ახალმა ხელისუფლებამ. მაგრამ აქ კიდევ ერთმა გარმოებამ შემაფერხა - 2009 წელს ერმილე თორთლაძე პატრიარქის კურთხევით საპატიმროში ბერად აღკვეცილა და უკვე ბერ-მონაზონი კონსტანტინეა, რუის-ურბნისის ეპარქიის ძამას ხეობის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერზე რიცხული. აქ ის უკვე თავად მეხმარება და ამბობს, რომ ბერის უპირველესი მოვალეობა მხილებაა. "ახლახან გავიგე, რომ შეიძლება ციხეებში პატრიარქის კურთხევით, კაპელანები - მოძღვრები დაინიშნონ, ეს დიდი ბედნიერება იქნება!'', - ამბობს ჩემი რესპოდენტი.

- მე თავი უდანაშაულოდ მიმაჩნია. ჩემი დაპატიმრება 2005 წლის აგვისტომდე გაცილებით ადრე - თვების, შეიძლება, წლების წინაც იყო დაგეგმილი. შეიძლება არსებობდეს ჩემი დაკავების მიზეზის რამოდენიმე ვერსია, რომელთაგანაც ყველას აქვს არსებობის უფლება. პირადად ჩემთვის ცალსახად ცნობილია, რაც მოხდა და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. 1998 წელს მე დავინიშნე საქართველოს კონსულად კოტ დივუარში, ხოლო მოგვიანებით - 2 000 წელს უკვე გენერალურ კონსულად. დაჯილდოებული ვარ რამდენიმე სახელმწიფო ორდენით, მათ შორის - ვარ კოტ დივუარის ნაციონალური ორდენის ოფიცერი, ქრისტესშობის მე-2 ხარისხის ორდენის კავალერი, ეკონომიკის მეცნიერებათა საპატიო დოქტორი, მიღებული მაქვს უმაღლესი განათლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მაქვს სამხედრო დიპლომატის კვალიფიკაცია. საქართველოში, სოფელ გომარეთში, 1986 წელს ჩემს მიერ დაარსდა ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი. 2004 წელს, დაჭერამდე ცოტა ხნით ადრე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაგზავნილ ანგარიშში ასახულია ჩემს მიერ დახარჯული თანხა - დაახლოებით 400 000 ევრომდე - ზემოთ ხსენებული სახლ-მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც სტუდენტებს ვუხდიდი, სახელმწიფო მუზეუმის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. შემომქონდა სამედიცინო აპარატურა, რომელსაც ვჩუქნიდი კლინიკებს, რათა უფასო მომსახურება გაეწიათ ლტოლვილებისთვის, ვაფინანსებდი წიგნების გამოცემას ფსიქოლოგიური, ისტორიული, თანამედროვე ტერორიზმის შესახებ.

- ბუნებრივად გაჩნდება კითხვა - საიდან მოჰქონდა კოტ დივუარის გენერალურ კონსულს ამხელა თანხები, თუნდაც - საქველმოქმედოდ?

- მე გახლდით ერთ-ერთი უდიდესი რუსული ბირჟის - "როსიისკაია ტავარნაია სერევაია ბირჟას'' დამაარსებელი, გახლდით სმოლენსკის ალმასის დამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ვიყავი რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი, აგრეთვე - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - "აფრიკის აღორძინების'' წარმომადგენელი, რომელიც საბერძნეთში დაარსდა; მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია "ბიოუსაფრთხოების'' დამაარსებელი, რომლის სამუშაო ნიშაც სპეციალურად კავკასია იყო. უნდა იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოები არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით იღებენ სწორ ინფორმაციებს და ეკოკატასტროფების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ; მე მქონდა კონკრეტული ბიზნეს-აქტივობები კოტ დივუარში, როგორც გეოლოგიაში, ასევე - ყავის და კაკაოს წარმოებაში. ჩემი კომპანია, რომელიც ოფშორში იყო დაფუძნებული, პირდაპირ კავშირში გახლდათ მოსკოვში შოკოლადის მწარმოებელ ფირმებთან... ალბათ, საკმარისია.

- ნამდვილად საკმარისია. არ შემიძლია, არ გკითხოთ - თქვენ და საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თითქმის ერთდროულად დაინიშნეთ საპატიო კონსულებად - თქვენ კოტ დივუარში, ბატონი ბიძინა - სან-მარინოში, ამასთან, ორივე ბიზნესით იყავით დაკავებული. ნაცნობობა და კოლეგიალური ურთიერთობა ხომ არ გქონიათ?

- მე, პირადად, არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის საქართველოს საელჩოს რუსეთში ჯერ კიდეც 1990-92 წლებში, როცა არანაირი დაფინანსება არ არსებობდა. ვალიკო ადვაძის დროს დიპლომატებს ხელფასი 200-300 მანეთი ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ და თანამედროვე ქვეყანად გასულიყო.

- თქვენ საქართველოში ოფიციალურად აკრედიტებულ გენერალურ საკონსულოში მუშაობდით, თქვენი დაკავების შემდეგ კი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველანაირად სცადა, ამის იგნორირება მოეხდინა და ყველანაირი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

- ისინი ვერ აღიარებდნენ თავის ყველა შეცდომას და იმიტომ! მათ შეცდომაში შეიყვანეს კოტ დივუარი, როდესაც ჩემი დაკავების დღესვე გაგზავნეს ნოტა, რომლითაც უკვე დამნაშავედ ვიყავი გამოყვანილი. კოტ დივუარმა მათ პასუხიც კი არ გასცა და მხოლოდ აცნობა, რომ ნოტა ცნობად მიიღო. ჩემი დაკავების შემდეგ საქართველოში კოტ დივუარის ელჩი აღარ დანიშნულა - ელჩს აღარ გადაუცია საქართველოს ხელისუფლებისთვის რწმუნებათა სიგელები! მხოლოდ ბოლოს მიხვდა სააკაშვილის მთავრობა, რომ მთელი მსოფლიო ისევე იბრძვის აფრიკული ბაზრისთვის, როგორც რუსული და უკვე მაქსიმალურად ცდილობდა ურთიერთობების გაღრმავებას, ბოლოს და ბოლოს, აფრიკა - 37 ხმაა გაეროში! რას არ იზამს ამ ხმებისთვის, რომელიც გნებავთ, ქვეყანა...

- არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ რუსულ ინტერნეტ-მედიაში გააქტიურდა მივიწყებული თემა - რომ ევროპამ და კერძოდ, საფრანგეთმა შური იძია სააკაშვილზე თუნდაც იმისათვის, რომ ბათუმის პორტის შესყიდვაზე მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც საფრანგეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის და თქვენი მეშვეობით აწარმოებდა და უკვე ავანსიც გადახდილი იყო, სააკაშვილმა უცებ უარი გითხრათ და ფულიც აღარ დააბრუნა, პორტი კი ყაზახების ხელში გადავიდა, რომელთა უკანაც ამერიკელები იდგნენ. ეს გახდა თქვენი დაკავების ერთ-ერთი მიზეზიც.

- კომენტარის გარეშე!

- არც ადასტურებთ და არც უარყოფთ?

- მე მხოლოდ იმას ვადასტურებ, რომ შესაძლოა, ჩემი უკანონო დაკავებით უნდოდათ, ჩირქი მოეცხოთ სალომე ზურაბიშვილისთვისაც, რომელიც, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაკავების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. ის გამორჩეულად პატრიოტი ქალბატონია და საქართველოს უსაზღვროდ მოყვარული!

- როდესაც თქვენ დაგაკავეს - 2005 წელს მე ამის შესახებ დავწერე სტატია, სადაც დაკავების მოტივის ვერსიებს შორის ერთ-ერთი იარაღის არალეგალური საერთაშორისო ვაჭრობის ხაზების გადაკვეთა იყო. მაშინ თქვენ ამაზე დუმილი არჩიეთ და ბრძოლა მხოლოდ იმ პროცესუალური უხეში დარღვევებით ამჯობინეთ, რაც თქვენს სისხლის სამართლის საქმეში უხვად მოიპოვებოდა. ხელისუფლებამ კი ციხეში გამოგკეტათ და დაგივიწყათ...

- არა მხოლოდ გამომკეტა, არამედ ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტა და არა - თავისი ხელით, არამედ - ჩემი ჯანმრთელობით. როდესაც დამაკავეს და მე-7 იზოლატორში გამომკეტეს, უწამლოდ, უექიმოდ და უჰაეროდ, უნდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ, უფლის ნებით, გადავრჩი. ნოემბერში მეორე ინფარქტი დამემართა და გადამიყვანეს ჩაფიძის კლინიკაში, საიდანაც ე.წ. კრიტში დამაბრუნეს და მხოლოდ მე-3 ინფარქტის შემდეგ გადამიყვანეს ციხის რესპუბლიკურ საავადყოფოში. რომ არა ევროსასამართლოს უდიდესი ღვაწლი, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და პირდაპირ ვუხდი მადლობას თეა წულუკიანს - ის აწარმოებდა ჩემს საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ჩემი დაკავების მიზეზებს, მთავარი ისაა, რომ მე ვფლობდი ინფორმაციას.

- იარაღის უკანონო შესყიდვებზე.

- ვადასტურებ!

- ნარკოტიკების ტრანზიტზე.

- ვადასტურებ! საქართველო შედიოდა წითელ ხაზში, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ახლაც წითელ ხაზშია!

- ბიოუსაფრთხოების საკითხებზე.

- ვადასტურებ! საბერძნეთი და იქ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიოუსაფრთხოება, რომელსაც მე წარმოვადგენდი, შეშფოთებას გამოხატავდა იმ ვაკხანალიით, რაც ამ კუთხით საქართველოში ხდებოდა - ურანის ნარჩენები, ქიმიური ნარჩენები და ა.შ.

- შავი ზღვის დაბინძურებაზე.

- ვადასტურებ! მაინტერესებს, დაინტერესდება თუ არა ახალი მთავრობა, რა კონტეინერები იყრებოდა შავი ზღვის აკვატორიაში მათ მიერ, ვინც დიდ ფულს იღებდა და ნაცვლად სარკოფაგების აგებისა, ჩუმად ყრიდა შავ ზღვაში რადიაციულ და ქიმიურ ნარჩენებს. შავი ზღვა გოგირდის შემცველია და იქ სწრაფად ხდება ქიმიური პროცესები.

- თქვენ ყოველივე ამაზე მხოლოდ ინფორმაციას ფლობდით თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სფეროს უშუალოდაც შეეხეთ?

- მე ვადასტურებ, რომ ვიყავი კოტ დივუარის კონსული და ჩემი მოვალეობა იყო, დამეახლოებინა საქართველო და კოტ დივუარი, მაგრამ საზღვარგარეთ მე სხვა საზოგადოებრივ აქტივობებს ვფლობდი, მე ვფლობდი ინფორმაციებს და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს წინა მთავრობებთან.

- გვარებს არ დაასახელებთ?

- მოვა დრო და ამ საკითხებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან. მე მათთან სათანამშრომლოდ მზად ვარ. ახლა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, მომესმინა ბატონ გივი თარგამაძის შეხედულებები და აზრები იმის შესახებ, არსებობდა თუ არა საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობა, ასევე ძალიან მაინტერესებს, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ - ფედერალურ ბიუროში საქმე რომაა აღძრული, ხომ არ იკვეთება ბატონი სააკაშვილის მთავრობის წევრების და პარლამენტარების გვარები? ასევე მაინტერესებს ბატონი პრეზიდენტის ბიძის - ალასანიას აქტივობები და ინტერესები 31-ე ქარხანასთან მიმართებაში და შემთხვევით, ის ხომ არ მონაწილეობდა რუსეთის მხრიდან ბევრ საერთაშორისო გარიგებაში, რაც საბრძოლო აღჭურვილობას შეეხება? ჩემთვის ასევე ძალიან საინტერესოა, საბოლოოდ გაირკვეს ფოთის პორტის "რეალური'' სატრანზიტო დანიშნულებები, აგრეთვე დსთ-სთან ურთიერთობის დროს ხომ არ ხდებოდა გარკვეული ოდენობის იარაღის შეძენა საქართველოს მიერ სპეციფიური არხებით, მისი შემოტანა საქართველოში და გარკვეული პერიოდის შემდეგ - "გამოყენება-უტილიზაცია'', შემდეგ ეს "უტილიზებული'' იარაღი საქართველოს დროშით მფრინავ თვითმფრინავებთან ერთად აფრიკის ჯუნგლებში ხომ არ ცვიოდა?!. საინტერესოა, ხომ არ ელის საქართველოს, გახდეს ბუფერული ქვეყანა ნატოსა და რუსეთს შორის, სადაც ანტისარაკეტო დანადგარები იქნება განთავსებული?

- ახალი ხელისუფლების პირობებშიც?

- იმედია, ახლა ასე აღარ მოხდება და როგორც პოლონეთმა გამოიჩინა სიბრძნე, საქართველოც ასევე მოიქცევა. ასევე, ძალიან საინტერესოა, გაირკვეს, რეალურად რა შემოდიოდა ოსეთიდან სააკაშვილის პერიოდში და ვინ აკონტროლებდა ამ "ტვირთებს''? ხომ არ გამოიკვეთება ისეთი მაღალჩინოსების გვარები, როგორებიცაა ადეიშვილი, მერაბიშვილი და ძმანი მათნი? ბევრი კითხვებია კოდუას ოჯახთან - ყველა იმ ბიზნესის გარშემო, რასაც ისინი ფლობენ. ეს ყველაფერი ახალი არ არის, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოდის, მაგრამ ის მანკიერი და უკანონო ქმედებები აწ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ გაცილებით უკეთ გააგრძელა.

- თქვენ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პაციენტი ხართ. არ შემიძლია, არ გკითხოთ დღემდე არსებულ მდგომარეობაზე და იმ კადრებზე, რამაც, ფაქტიურად, არჩევნების ბედი გადაწყვიტა.

- ის ვიდეოკადრები მოგონილია იმასთან შედარებით, რაც აქ - სამკურნალო დაწესებულებაში ხდებოდა. მე აქ 2008 წლიდან ვარ და უნდა ითქვას, მხოლოდ უფლის ნებით ვარ ცოცხალი და თვითმხილველი ყველა იმ საშინელებისა, რაც ბოლო დრომდე ხდებოდა. მინდა, მკითხველმა სწორად გაიგოს - ამაზე ლაპარაკი ახლა არ დამიწყია, არჩევნების შემდეგ ამას მე ყოველთვის ვლაპარაკობდი. ეს დაწესებულება სინამდვილეში გახლდათ მკაცრი რეჟიმის საპყრობილე, რომელიც თავისი სიმკაცრით ცნობილ მე-7 იზოლატორსაც არ ჩამოუვარდებოდა! აქ სცემდნენ ყველას!

განსაკუთრებით - მიღების დროს, მნიშვნელობა არ ქონდა, რა მდგომარეობაში შემოდიოდა პატიმარი. ამისთვის სპეციალური ადგილები იყო შერჩეული, სადაც ვიდეოთვალი არ იყო. ზედმიწევნით სრულდებოდა ის მითითებები, რაც დეპარტამენტიდან ან პროკურატურიდან მოდიოდა პატიმრის გასატეხად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ეს ვითარება გამწვავდა გოგა ბუთლიაშვილის დირექტორობის დროს და გაათასმაგდა მას შემდეგ, რაც ვითომ სიტუაციის გამოსასწორებლად უსაფრთხოების უფროსად - გიორგი ავსაჯანიშვილი და რეჟიმის უფროსად - თოლორდავა დაინიშნენ, თავისი ხელის ბიჭებით, ყველა ოფიცრის გვარი არ მახსოვს. მაგალითად, ადგილი ჰქონდა ასეთ ფაქტს, რომელსაც პირადად შევესწარი - ლოგინში მწოლიარე პატიმარს, რომელსაც განძრევა არ შეეძლო, თოლორდავა შეუვარდა და ლამის მოკლა ცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმს დაუძახა. ძალიან ხშირად, სამუშაო საათების შემდეგ თოლორდავას პატიმრები საორდინატოროში ჩაყავდა და უმოწყალოდ სცემდა, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და უფალმა მომიტევოს, არავის განვიკითხავ, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, მათი ძმები, მამები, შვილები რა დღეში იყვნენ ამ ჯალათების ხელში. იყო ასეთი შემთხვევა: ერთმა სამუდამოპატიმრობამისჯილმა გაიკეთა ოპერაცია, ჩამოიყვანეს საკანში, მე-2 საართულზე და დაეწყო სისხლდენა. მორიგე ოფიცერმა კარი მანამდე არ გააღო, ვიდრე შესაბამისი ბრძანება არ მიიღო და როდესაც კარი გააღეს, პატიმარი თითქმის სისხლისაგან იყო დაცლილი. გაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაიცვალა. სწორედ მაშინ მოკლა ცემაში თოლორდავამ მეორე პატიმარი - ექიმს რომ ეძახდა, უშველეთ, კვდებაო! იყო სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ექიმების მიმართაც. მე მინახავს არაბული ციხეები, სიერრა-ლეონეში, მაგალითად, პატიმრებს აშიშვლებენ და ისე შეყავთ ციხეში, მაგრამ ჩემს დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილების განმავლობაში მსგავსი სისასტიკე არ მინახავს! ვადასტურებ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პატიმრების ხელკეტებით გაუპატიურებას. ამის თქმის საშუალებას ერთი გარემოება მაძლევს - როდესაც მე სამკურნალოდ ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიყავი გაყვანილი, თავზე სპეცნაზელი მადგა მთელი თავისი აღჭურვილობით და ლაპარაკის დროს, არ დამავიწყდება, პრეზერვატივი ამოიღო ჯიბიდან. - რად გინდა მეთქი და - ამას "დუბინკას'' ჩამოვაცმევთ და ვინც იმსახურებს, ერთ ადგილას გავუკეთებთო!!! აქ - მე-18 დაწესებულებაში განსაკუთრებით უყვარდათ პლასტმასის მილებით ცემა, ეს იყო მათი იარაღი. ასეთი რამეც ხდებოდა - ერთი და იგივე პატიმარი რამოდენიმეჯერ რომ ბრუნდებოდა აქ, გადაიცვამდნენ "სპეცნაზელის'' ფორმას, ჩამოიცვამდნენ ნიღაბს, რომ არ ეცნოთ და ცემით სიკვდილამდე რომ მიიყვანდნენ, თვითონვე აიყვანდენ რეანიმაციაში და გონზე მოსულს, "თანაუგრძნობდნენ'' - ეს რა გიქნეს, სპეცნაზი იყო შემოსული და რა გვექნაო!!! ამის შემდეგ იკრძალებოდა ტელეფონი რაღაც პერიოდი, რომ ინფორმაცია არ გასულიყო. მე იმის თვითმხილველიც ვარ, ნოემბერ-დეკემბერში, სიცივეში, ავსაჯანიშვილ-ბულბულაშვილ-თოლორდავას დროს როგორ გაიტანდნენ საკნიდან ლეიბს, საბანს, თეთრეულს, ტანსაცმელს და მაისურისამარა პატიმრებს რკინებზე დაწოლილს ტოვებდნენ! უმეტეს კამერებში ფარული ვიდეოთვალები იყო ჩამონტაჟებული, ერთ-ერთი მე თვითონ ამოვთხარე, დირექტორს ჩავუტანე და მაგიდაზე დავუდე! ვინმეს რაიმე განცხადება რომ ჩაეგდო ყუთში, ისე სცემდნენ, ადამიანად აღარ ვარგოდა! ხშირად საქმეში "სუიციდის მცდელობას'' უწერდნენ! უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი როლი ითამაშა კანცელარიამ - განცხადებებს, უბრალოდ, ხევდნენ! აპრობირებული მეთოდი იყო მორგში ჩაყვანა და იქ ცემა - იქ ხომ ვიდეოკამერა არ არის! კიდევ - საყვედურების ჩადება პირად საქმეებში - რატომღაც ამაზე არავინ ლაპარაკობს! სამი საყვედური რომ გაქვს, ე.ი. სარეჟიმო მოთხოვნებს არღვევ და მორჩა - უკვე "კრიტში'' გადაყავხარ! მე თურმე უკვე ოთხი ასეთი მქონია - საიდან, რატომ, რისთვის - ღმერთმა იცის! ომბუდსმენი ან მისი წარმომადგენელი რომ შემოვიდოდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდი - ყველა საკანთან იდგნენ. თუ ვინმეს რამე მაინც წამოცდებოდა, მხოლოდ გაიცინებდნენ და მათი წასვლის შემდეგ რაც მოუვიდოდა პატიმარს, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - აქ ვინც ინვალიდის სავარძელში ზის, ყველა ცემისა და წამების მსხვერპლია, ბევრს ღვიძლი დაშლილი რომ აქვს, ცემისგანაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ელექტროშოკი დირექტორის კაბინეტში, თუმცა მისი გამოყენების ფაქტს არ შევსწრებივარ. თითქმის ყოველღამე ისმოდა საშინელი ხმები - ცემის, წამების, შეურაცხყოფის... ღამეები არ მიძინია! ახლა შეიცვალა ადმინისტრაცია - ახალი დირექტორია, ახალი რეჟიმის, უსაფრთხოების უფროსები და ხაზგასმით მინდა ვთქვა - იმედი მომეცა, რომ კანონი იკანონებს, პატიმრებმა შვება იგრძნეს. ღმერთმა ქნას, რომ ასეთი ხალხი, ვინც პატიმრებზე იზრუნებს, უფალმა ბევრი მოგვცეს! დღეს აქტუალურია ე.წ. ციხის ბუნტის საქმე. მე პირადად ვარ თვითმხილველი, რა იქ მოხდა და ამასაც გეტყვით.

მარი შათირიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"