2004 წელს დიდუბის პანთეონთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის ოჯახი შვილის დაღუპვის ფაქტზე გამოძიების თავიდან დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მთავარ პროკურატურას დღეს მიმართავს.
"პროკურატურაში დღეს შევიტან ბუტას საქმეს და მოვითხოვ მასზე თავიდან დაიწყოს გამოიძება. მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი დაუმსახურებლად მოკლეს, შემდეგ კი იარაღი ჩაუდეს, თითქოს სამართალდამცველებს დამნაშავეებთან ჰქონდათ საქმე", - აღნიშნა რობაქიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
მისივე განმარტებით, საქმეზე მოკვლევის ხელმეორედ დაწყების გარდა, ოჯახის მოთხოვნაა, ზურაბ ადეიშვილი, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი დონაძე, თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე და გამომძიებელი ირაკლი წერეთელი პასუხისგებაში მიეცნენ.
"სწორედ მათ გააყალბეს ყველაფერი. თუ გამოძიება მეორე შემთხვევაში მაინც წავა სწორად, მე მყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოდ მოკლეს", - განმარტა რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან ახლოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.