რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად იწონებდა თავს განახლებული ბათუმით და ამ ქალაქში დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა. ბოლო წლებში ბათუმი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბანს შეეხო - მხოლოდ აქ დაიგო გზები და აშენდა თანამედროვე ტიპის სასტუმროები. ქალაქისთვის ევროპული იერის მისაცემად ბათუმში არაერთი ქანდაკება დადგეს, თუმცა "დაკუჭულმა ბოთლმა", კვერცხებზე შემდგარმა "შლოპანცებმა", "ჭაჭა თაუერმა" და სააკაშვილის ფავორიტი მომღერლების კონცერტებმა ტურისტები რატომღაც ვერ მოიზიდა...

საათი საკურორტო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ბათუმში, ევროპის მოედანზე, გორგილაძის N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, "პიაცასა" და ყოფილ ეროვნულ ბანკზე დამონტაჟებული ძვირად ღირებული საათები ქალაქის გალამაზების მიზნით დადგეს, მაგრამ ეს საათები ხანდახან თვეობითაა გაჩერებული. ბოლოს საათის შესაძენად თანხა ბათუმის ბიუჯეტიდან ივნისში გამოიყო. 471 ათას 671 ლარად შეფასებული საათი გორგილაძის ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟდა. "პიაცაზე" დადგმულ საათში 322 ათას 286 ლარი გადაიხადეს, სულ რაღაც 20 000 დოლარად არის შეფასებული საათი ევროპის მოედანზე. ყველაზე ძვირფასი საათი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზე იწონებს თავს, თუმცა რიგით გამვლელს დროის დადგენა გაუჭირდება, რადგან საათი ასტრონომიულია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საათი იტალიის ერთ-ერთ ქალაქში დადგმული საათის ანალოგია და იგი ქართველმა სპეციალისტებმა დაამზადეს მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული. ასტრონომიული საათისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 725 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საათების შეძენა-დამონტაჟებაზე 2 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯა. "ყველა სიახლე" აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ აკაკი ძნელაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო აკაკი, ამბობენ რომ ბათუმის ქუჩებში 4 საათის დამონტაჟება 2 მილიონზე მეტი ლარი დაჯდა, საათები გაჩერებულია, რა ბედი ეწევა მათ?

- მეც დაახლოებით ეს ინფორმაცია მაქვს ამ საათების ფასთან დაკავშირებით, მაგრამ თანხის ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ვაპირებთ ამ საათების დემონტაჟს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით არქიტექტორებსა და ხელოვანებს, გადავწყვიტეთ, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას დაუბრუნდეს ძველი იერსახე, მაგრამ საათს ვერ შევცვლით პიაცაზე. ძირითადად იმ საათებს მოვხსნით, ძველ შენობებში რომ არის ჩამონტაჟებული. ეს ეტაპობრივად განხორციელდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"