საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საპენსიო ასაკი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ოქტომბერში საქართველოში მცხოვრებმა ათასობით პენსიონერმა უკვე მომატებული პენსია მიიღო - 125 ლარი. თუმცა ესეც არ არის ის თანხა, რომელიც ადამიანს ღირსეული არსებობისათვის ეყოფა, სწორედ ამიტომ პენსიების მომატება ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საქართველოში. პენსიონერთა მდგომარეობასა და მათ უფლებებზე გვესაუბრება ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე:

- პენსიონერების მდგომარეობა საქართველოში სახარბიელო არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი თავიანთი შემოსავლების გამო სოციალურად დაუცველ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. საბედნიეროდ, საქართველოში საკმაოდ მტკიცეა ოჯახური ტრადიციები, ერთობლივი დოვლათი ხშირად ოჯახის წევრებს შორის ნაწილდება და პენსიონერებს შრომისუნარიანი ახლობლები ეხმარებიან. ასე რომ არ ხდებოდეს, მათი მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში მარტო მცხოვრები პენსიონერების რიცხვი საერთო რაოდენობის მხოლოდ შვიდი პროცენტია. საბედნიეროდ, პენსიონერების დიდი ნაწილი, ანუ 93 პროცენტი, საკუთარ ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ცხოვრობს, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ უკეთესი ცხოვრების უფლება. ერთი პარალელი უნდა გავავლო: აშშ-ში პენსიონერები მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნებიან, იქ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის სიღარიბის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში. საპირისპირო სურათია საქართველოში, რადგან აქ პენსიის რაოდენობა საარსებო მინიმუმთან შედარებით ნაკლებია, თანაც, ჩვენს პენსიონერებს აღარა აქვთ დანაზოგი, რადგან 1990-იან წლებში დატრიალებული ცნობილი მოვლენების გამო ბანკებში შენახული მათი თანხა წყალში ჩაიყარა.

- ბატონო სოსო, სათანადოდ თუ იცავს პენსიონერების უფლებებს სახელმწიფო?

- ჩვენთან პენსიის ოდენობა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზეა დამოკიდებული. კანონი პენსიების შესახებ არ მოქმედებს, ამიტომ პენსიის სიდიდეს ხელისუფლების კეთილი ნება განსაზღვრავს: ჯერ პრეზიდენტის განკარგულების, ხოლო შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დგინდება პენსიის რაოდენობა. საქართველოში, ფაქტობრივად, არ მოქმედებს საპენსიო უზრუნველყოფის ე.წ. დაგროვების სისტემა, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. აგიხსნით, რას ნიშნავს ეს: თუ ადამიანი მუშაობს, მისი საქმიანობის შედეგად შექმნილი თანხის ნაწილი საპენსიო ფონდში მიდის და როდესაც ის შრომისუუნარო ხდება, სწორედ ამ ფონდიდან იღებს დახმარებას. ეს არის პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიოში, ჩვენთან კი ე.წ. გადანაწილების პრინციპი მოქმედებს, როცა დაქირავებით დასაქმებულები იხდიან გადასახადებს და ეს თანხა ქმნის რეზერვს, რომელიც პენსიების გაცემას უნდა მოხმარდეს, სამწუხაროდ, აქ ერთი პრობლემაა: ეს პრინციპი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი შემოსავალი განუწყვეტლივ იზრდება, თანაც პენსიონერების რაოდენობა დასაქმებულებთან შედარებით არ არის დიდი. საქართველოში კი რა ხდება? - 100 პენსიონერზე დაახლოებით 80 დაქირავებით დასაქმებული მოდის, სულ ქვეყანაში 840 ათასამდე პენსიონერი გვყავს და 600 ათასი დაქირავებით დასაქმებული. პენსიის სიმცირის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ის არის, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი წნეხისაგან არ გათავისუფლდება და ახალი სამუშაო ადგილები არ შეიქმნება, ამ ვითარების გამოსწორება ძალიან გაგვიჭირდება. კიდევ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: ბოლო წლებში ფასები სურსათსა და მედიკამენტებზე მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ტელევიზორები, კომპიუტერები თუ სხვა სახის ტექნიკა გაიაფდა. გამოდის, რომ ფასების ინდექსი პენსიონერისათვის უფრო მაღალია იმიტომ, რომ ის ძირითადად გაძვირებული პროდუქტების მომხმარებელია. ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ქართველი პენსიონერი სენდვიჩის როლში გამოდის, რადგან მისი შევიწროება ორმხრივად ხდება: შემოსავალი მცირე აქვს, ფასები კი მისთვის უფრო იზრდება, ვიდრე დანარჩენი სოციალური ჯგუფებისათვის.

- როგორ შეაფასებდით იმას, რომ ჩვენთან საპენსიო ასაკი გაიზარდა - ქალებისათვის 55 წლის ნაცვლად 60 გახდა, ხოლო მამაკაცებისათვის 60 წლის ნაცვლად - 65?

- საპენსიო ასაკი ჩვენთან ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შეიცვალა. ამის მიზეზი კი ერთია: მოსახლეობა ბერდება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, დაბერების სტადიაში მყოფი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რადგან აქ ნაკლებია შობადობა, მაგრამ საკმაოდ მაღალია 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რიცხვი. დღეს ყველგან აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს სოციალურად აქტიური, დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და შესაფერისი შემოსავალი. ჩვენც ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, ამიტომ საპენსიო ასაკის გაზრდაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, ასეთი ნაბიჯი ბოლო წლებში მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გადადგა.

ცნობისათვის

პენსიის გაცემა პირველად XIX საუკუნის ევროპაში დაიწყო. პენსიას აძლევდნენ მხოლოდ ცნობილ პიროვნებებს, რომლებსაც დიდი დამსახურება ჰქონდათ მონარქიის წინაშე. პირველი სახელმწიფო პენსიები კი გერმანიაში, "რკინის კანცლერად" წოდებული ბისმარკის მმართველობის პერიოდში გაჩნდა. იმხანად პენსია მხოლოდ 70 წლიდან გაიცემოდა და მას ძალიან ცოტა იღებდა: გერმანელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 45 წელი იყო და საპენსიო ასაკს ერთეულები აღწევდნენ. პენსიების დარიგება მასობრივად XX საუკუნიდან დაიწყო.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"