თბილისში ავტობუსის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებსაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.
ამ დროისთვის თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი.
ამასთან, გუშინ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ლევან კოპლატაძემ განაცხადა, რომ ავტობუსების მძღოლების ხელფასების გაზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კომპანიას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.
მისივე თქმით, 1-ელი ივლისიდან სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს მოემატა ხელფასები, მათ შორის მძღოლებს ხელფასი 16%-ით გაეზარდათ და ამ ეტაპზე ხელფასების ზრდის საკითხის განხილვა შეუძლებლად მიაჩნია. კომპანიამ ამ მიზნით ჯამში 8 მლნ ლარის რესურსი გამოყო.
გუშინ ლევან კოპლატაძე და თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ჯოხაძემ განაცხადა, რომ გაფიცული მძღოლების მიერ დაყენებული ყველა საკითხი გადაწყვეტადია.
ამასთან, საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მძღოლების მიერ დაყენებული 16 მოთხოვნიდან 15-ზე შესაძლებელია სიტუაცია განიმუხტოს. რაც შეეხება მოთხოვნას ხელფასების მომატების შესახებ, ამასთან დაკავშირებით, შიხიაშვილის თქმით, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.
ამასთან, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელის, კოკი იონათამიშვილის თქმით, მძღოლების მიერ დაყენებული მოთხოვნების უმრავლესობა განხილვის რეჟიმშია და ნაწილი დაკმაყოფილდება. საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლები მძღოლებს გაფიცვის შეწყვეტისა და სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ.
თუმცა გუშინ მძღოლებმა გაფიცვის შეწყვეტაზე უარი თქვეს. საღამოს ისინი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს, რომელშიც მძღოლები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ, რომელთაც არაადამიანური შრომითი პირობები შეუქმნეს.