თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში თავად გიგი უგულავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ამის შესახებ მესამე პირის მეშვეობით აცნობეს. შესაბამისად, გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ კანცელარიის შენობა მალე "ქაჯეთის ციხედ" გადაიქცევა.
"პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხის განხილვა არ ისურვა და ნაცვლად ამისა, სუბორდინაციასთან დაკავშირებით ჭკუის სასწავლებელი განცხადებები მივიღეთ. აქ მოვედი იმიტომ, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაგვეწყვიტა, მაგრამ თურმე სხდომაზე დასწრების უფლება არ მაქვს, რაც სხვა პირის მეშვეობით მაცნობეს. ასეთი რამ შევარდნაძის პერიოდშიც კი არ ხდებოდა. რას ვეუბნებით 60 ათას ტრანსპორტით მოსარგებლეს, ათასობით მრავალშვილიანს და 90 ათას დაზღვეულს. ეს შენობა მალე "ქაჯეთის ციხედ" გადაიქცევა. თურმე პრემიერ-მინისტრი არავის მოსმენას არ აპირებს და ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღევანდელ დღის წესრიგში არც შედის", - განაცხადა გიგი უგულავამ და მთავრობის კანცელარიის შენობა დატოვა.
კანცელარიაში მთავრობის სხდომა 10.30 საათზე დაიწყო. დღის წესრიგში შეტანილია 12 საკითხი.