თბილისის მერი გიგი უგულავა გაუქმებული სოციალური შეღავათების საკითხის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ჩასმაზე უარის თქმას "ცინიზმის მწვერვალად" აფასებს.
"პრესსამსახურის განცხადება, საკითხი არ არის იმის ღირსი, რომ სხდომის დღის წესრიგში მოხვდეს, არის ცინიზმის მწვერვალი. დღეს გამოჩნდა კიდევ უფრო მძიმე სურათი. აქამდე მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი წყდებოდა ფინანსთა სამინისტროს დონეზე, ფინანსთა სამინისტრო კი არის ორგანო, რომელიც ცდილობს ყველანაირი ხარჯი შეკვეცოს - ეს მისი ბუნებრივი მიდრეკილებაა და ამაში ვერ დადებ რაიმე ბრალს, მაგრამ დღეს პირდაპირ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა, რომ პრემიერის რანგში მიღებული მისი პირველი დადგენილება, რომელიც თბილისელებისთვის შეღავათების გაუქმებას ეხება, პირადად მისი გადაწყვეტილებაა. დღეს დადასტურდა, რომ არც ფინანსთა, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სხვა უწყება არაფერ შუაშია და რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ ვიღაცას ჭკუა ასწავლოს", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.
მისივე განმარტებით, კანცელარიის თანამშრომლებსაც განუცხადა, რომ ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს და განმარტა, რომ ხალხი ახალი მთავრობისგან დაპირებების შესრულებას ელოდება.
"სახელმწიფო კანცელარიაში მივედი, რადგან გვემსჯელა, როგორ შეიძლება თბილისელებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარება, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელი გამომეცხადა და განმიცხადა, რომ არ მაქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება და პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ნოტაციები სუბორდინაციასთან დაკავშირებით, მივიღეთ მორალის კითხვა კაცობაზე. მე არ მივსულვარ იქ იმისთვის, რომ რაიმე შოუ მომეწყო, მივედი კონსტრუქციული განწყობით. ჭკუის სასწავლებელი არავის არაფერი სჭირს, ხალხი მთავრობისგან ელოდება დაპირებების შესრულებას, ყველა იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც თუნდაც აქამდე არსებობდა - სწორედ ამიტომ აირჩია ხალხმა ეს პარტია", - აღნიშნა უგულავამ.
დედაქალაქის მერის თქმით, მას განუმარტეს, რომ თბილისელების სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებული საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ შედიოდა, თუმცა უგულავასთვის ეს არგუმენტი მიუღებელია.
"პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, რომ იქვე, მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის "სხვადასხვა საკითხებში" ჩასვას ის თემები, რომლებზეც მსჯელობა მთავრობის კომპეტენციაშია, ასე რომ, არგუმენტი, რომელიც მოვისმინეთ ტყუილია.
მთავრობა დღეს პირველ საკითხად პროკურატურის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავდა - როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს უწყება უფრო "ამუნიად". მეორე იყო საპარტნიორო ფონდის კაპიტალის გაზრდა ანუ, საუბარია იმაზე, "როგორ მოვიწყოთ ცხოვრება". შეიძლება ეს საკითხები ლეგიტიმურია, მაგრამ პრემიერს ჰქონდა უფლებამოსილება თბილისელებისთვის სოციალური შეღავათების თემა დღის წესრიგში "სხვადასხვა საკითხების" სახით შეეტანა. მე დაველოდებოდი ორი საათი, სამი საათი", - დასძინა თბილისის მერმა.
გიგი უგულავას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.