ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ბაჩო ახალაია რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში დაბრუნდა. განმარტა, რომ არსად გაქცეულა, უბრალოდ, დაძაბულ სიტუაციას გაერიდა, რათა ვითარება უარესად არ დაძაბულიყო და ახლა მზადაა, ყველა კითხვას უპასუხოს. საპასუხოდ, 6 ნოემბრის ღამეს იგი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და ამის მერე უკან აღარც გამოუშვიათ - 7 ნოემბერს კი მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიჭირეს. ის ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დროს იგებს და "უფრო სერიოზული" ბრალის წაყენებისთვის ემზდება, ამ ეტაპზე, მოწმეთა გვარ-სახელების დაკონკრეტების გარეშე, ამ შინაარსისაა:

"საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი 2006 წლიდან. 2011 წლიდან ვმსახურობდი მეოთხე ქვეით ბრიგადაში, 2011 წლის ოქტომბერში, საღამოს საათებში მობილურზე დარეკა ჩემთვის უცნობმა პირმა, რომელმაც მითხრა, რომ იყო სამხედრო პოლიციის თანამშრომელი და სურდა ჩემთან გასაუბრება და მთხოვა ქუჩაში გასვლა. გავედი გარეთ, სადაც დამხვდა სამხედრო პოლიციის მანქანა, დამადეს ხელბორკილები და ჩამსვეს მანქანაში. წამიყვანეს თავდაცვის სამინისტროში. ამიყვანეს მეხუთე სართულზე, სადაც დამხვდნენ ჩემივე თანამოსამსახურეები. ამ დროს მინისტრის კაბინეტიდან გამოვიდნენ გიგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური შამათავა, ორივე მათგანმა მისაღებში ყველას გვაგინა. ამ დროსაც ჩემთვის უცნობი იყო, თუ რა დავაშავე. ამის შემდეგ დაიწყეს ჩვენი სათითაოდ შეყვანა მინისტრის კაბინეტში. რა საუბარი შედგა მათთან და მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა, ჩემთვის უცნობია, რადგან როდესაც უკან გამოიყვანეს პირველი ადამიანი, ქვემოთ ჩაიყვანეს და იმის შემდეგ აღარ მინახავს. შემდეგი ვინც შეიყვანეს, სახეზე იყო აწითლებული. დააყენეს ჩვენგან მოშორებით და ცოტა ხანში, ისიც ქვემოთ ჩაიყვანეს. ყველანი რიგრიგობით ჩაყავდათ ქვემოთ ისე, რომ ჩვენ, რიგში მდგომები, ვერ ვახერხებდით ერთმანეთთან კონტაქტს. პირადად მე, მინისტრის კაბინეტში არ ვყოფილვარ, ჩემი აზრით, ბოლო ვიყავი და უბრალოდ გამოვრჩი. სამინისტროში ვიყავით დაახლოებით საათნახევარი, ამის მერე ყველანი ცალ-ცალკე სამხედრო პოლიციის მანქანებში ჩაგვსხეს და წაგვიყვანეს მეოთხე ქვეით ბრიგადაში. შეგვიყვანეს მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბრიფინგის ერთ-ერთ ოთახში, სადაც დაგვხვდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა შემადგენლობა. ამ დროს ბრიგადაში გამოცხადებული იყო განგაში. ოთახში იყო ასევე მინისტრი ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და ბრიგადის მეთაური შამათავა. ასევე, იყვნენ სამინისტროდან და სამხედრო პოლიციიდან სხვადასხვა პირები სამოქალაქო ფორმაში. მათი სახელები და გვარები არ ვიცი. ბრიფინგის ოთახში საუბარი დაიწყო მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც ოფიცრებს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ის ჯარისკაცები, რომლებიც ერთმანეთში საუბრისას ვაგინებდით და ვლანძღავდით, ოფიცრებს და არ მოგვწონდა ჯარის სისტემა. აღნიშნული საუბრები იყო ჩაწერილი. სწორედ ამ დროს გავიგე, თუ რატომ ვიყავი მიყვანილი. მან მოსთხოვა ოფიცრებს ამაზე ჩვენთვის გაეცათ პასუხი, თუმცა ბაჩო ახალაიამ თავად თქვა, რომ დაგვსჯიდა და დამლაგებლებად დაგვნიშნავდა. შემდეგ გვკითხა, რომელიმეს რაიმე პრეტენზია გვქონდა თუ არა. ამ დროს, როგორც მახსოვს, ხუთნი ვიდექით და მხოლოდ მე გამოვთქვი პრეტენზია, რომ არ ვიმუშავებდი დამლაგებლად, რაზეც ბაჩო ახალაიამ გაიცინა და მითხრა, რომ მაინც მაიძულებდა. ვუპასუხე, რომ მერჩივნა დავეჭირე ან დავეხვრიტე, რაზეც უბრძანა გიგი კალანდაძეს, წასულიყვნენ ჩემს სახლში, ჩაეტარებინათ ჩხრეკა და ამოეღოთ იარაღი. მე ვუპასუხე, რომ სახლში არანაირი იარაღი არ მქონდა. მან მითხრა, რომ აბა რაზე დაგიჭიროთო. თან დაამატა, რომ სახლში მქონდა "აკაესიც", "გლოკიც", "მაკაროვიც" და "ტყვიაწამალიც". მიუხედავად ამისა, ჩემთან არავინ მისულა და ჩხრეკა არ ჩატარებულა. ბრიფინგის ოთახში დაახლოებით 2 საათი ვიყავით. შემდეგ გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ზემოაღნიშნულ ჯარისკაცებს სცემდნენ და აგინებდნენ ბაჩომ ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა. პირადად მე მაგინა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ. გიგი კალანდაძემ პატარა ბავშვივით ყური ამიწია. ასევე, ცემა დამიპირა შამათავამაც. ცოტა ხანში ისევ თავდაცვის სამინისტროში წაგვიყვანეს, სადაც გაგვანაწილეს ცალ-ცალკე ოთახებში. კართან მცველებად დააყენეს სამხედრო პატრულის ორ-ორი თანამშრომელი - აკრძალული გვქონდა დაჯდომა, საჭმლის ჭამა და წყლის დალევა. ასევე ყოველ 5 წუთში უნდა გვეყვირა - "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას". ამ დროს ჩვენს მიერ ამ სასჯელის ზუსტად შესრულებას აკონტროლებდა სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, მაიორის წოდებით, რომელსაც ჰქონდა მეგრული კილო. ჩვენი ასეთი წამება გაგრძელდა სამი დღე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ მქონია ოჯახთან კავშირი, ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად ვიყავი. მერე გამომიშვეს პირდაპირ ქუჩაში. სამხედრო ნაწილში არ მივსულვარ, მხოლოდ ოცი დღის შემდეგ მივედი, როცა ჩემი აღჭურვილობა ჩავაბარე, თავდაცვის სამინისტროდან გამოშვების შემდეგ. დამავალდებულეს, არ დამეტოვებინა ქალაქი და ჩემი ყველა მოძრაობის შესახებ შემეტყობინებინა. მუდმივი კონტროლის ქვეშ ვიყავი 2012 წლის დადგომამდე. ამას გარდა, სამხედრო პოლიციაში რაღაც განცხადებაზე მომაწერინეს ხელი, რომლის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ ვადასტურებ, რომ მაშინ არც ჯანმრთელობის მხრივ, არც ოჯახური მდგომარეობის გამო, არ მსურდა შეიარაღებული ძალებიდან წასვლა და არანაირი პრეტენზია არავისთან არ გამაჩნდა, არ არის სიმართლე და მასზე ხელი მოწერილი მაქვს მოტყუებით. მე ჩემს ჩვენებაში კონკრეტულად დავასახელე ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და შამათავა, მე მათ სამივეს ვიცნობდი სახეზე, რადგან ისინი თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი სახეები იყვნენ. მე მსურს, რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სამსახურიდან ჩემს უკანონოდ გამოგდებაში და მომექცნენ არაადამიანურად. დასამატებელი, ამ ეტაპზე, სხვა არაფერი მაქვს".

ვრცელდება კიდევ ერთი ჩვენება, სადაც ნათქვამია, რომ ახალაია, კალანდაძე და შამათავა მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ბუნტის ინსცენირებას ითხოვდნენ:

"მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მითხრა, რომ ჩვენ, თითქოს მთვრალებს, უნდა მოგვეწყო ბუნტი მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. მისი ნათქვამი ვიუარე. ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა გიორგი კალანდაძე და დამიწყო ცემა სახისა და თავის არეში ხელით, შემდეგ კაბინეტიდან გამომიყვანა გიორგაძემ, ჩამომიყვანა ე.წ. პლატცზე და კატეგორიულად მომთხოვა მეღიარებინა ის, რასაც მეუბნებოდა ახალაია, თან მირტყამდა ტანის არეში. ამ დროს მაიძულებდა, მერბინა პლატცის ირგვლივ, რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ მაჩერებდა და ისევ მცემდა, დაბლა მაგდებდა და ტანზე ფეხს მირტყამდა. შემდეგ ჩამსვა თავის მანქანაში და ჩამომიყვანა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაგვხვდა შავი ფერის მიკროავტობუსი, გადამსვა ამ მიკროავტობუსში, რომლის საჭესთან იჯდა ბაჩანა ახალაია, გვერდით ეჯდა გიორგი კალანდაძე, იქ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. წამოვედით მე-4 ქვეით ბრიგადაში. შევედით ყოფილ სასადილოში, იქ დაგვხვდა სამეთაურო რგოლი. მინისტრმა ახალაიამ ჩვენი მისამართით თქვა, რომ ვიყავით უსინდისო ადამიანები, ვაპირებდით დალევას, ბუნტის მოწყობას და დაგვიწყო გინება. ბაჩო ახალაიამ იქვე მდგომს ყველას დასანახად თავში ჩაარტყა რაღაც წვრილი საგანი. ამის შემდეგ წავიდა. ჩვენ გამოგვიყვანეს გარეთ, მე რამდენიმეჯერ სახეში ხელი გამარტყა ზურაბ შამათავამ... სამხედრო პოლიციელმა დამაწერინა განმარტება, რომ ვაპირებდით დალევასა და ბუნტის მოწყობას, დამაწერინა პატაკი, რომლის მიხედვითაც ვითხოვდი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას. ასევე მითხრა, რომ ჩემი გადაადგილება მასთან უნდა შემეთანხმებინა. ამის შემდეგ ოთახში მაძახებინეს - გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადასო. სამხედრო პოლიციაში დამტოვეს 26 ოქტომბრის საღამომდე, შემდეგ წავედი სახლში. მეორე დღეს, ვინაიდან ვიყავი დამცირებული და სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, კრედიტს ვეღარ დავფარავდი, ვცადე თავის მოკვლა, კერძოდ ავედი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძზე და მაღალ ძაბვას შევახე მავთული. ამის შემდეგ მოვხვდი საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, სადაც გამიკეთეს ოპერაცია, გადამინერგეს ხორცი მკერდის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის თითებზე. თვითმკვლელობის მცდელობამდე, ჩემს ტელეფონში ჩავწერე მესიჯი, რომელშიც მივუთითე ჩემი თვითმკვლელობის მიზეზები. ეს ტელეოფნი დრეს აქვს ბიძაჩემს, რომელიც ღვთისმსახურია", - ნათქვამია ჩვენებაში.

ანალოგიურადაა აღწერილი ფაქტების მიმდინარეობა სხვა ჩვენებებშიც, რასაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს. ხოლო როგორც ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო კომენტარში ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, ყველა ეს ჩვენება ინტენსიური გამოძიების საგანია, მათი შესწავლა მიდის და ამ მიმართულებით, პროკურატურაში სხვა ბევრი მასალაა შესული. მისივე თქმით, მოსალოდნელია, უახლოეს პერიოდში ახალაიას კიდევ ერთი, კერძოდ - ეკონომიკური დანაშაულის შესახებაც გავიგოთ.

ამ ფაქტების მოყვანა მხოლოდ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისთვისაა საჭირო, მაგრამ ახლა სხვა ქრონოლოგიას შეგახსენებთ, რაზეც წლებია, ქვეყანაში დიდ-პატარა საუბრობს, რაზეც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", ლიდერიდან დაწყებული, სამეგრელოს სათითაოდ ყველა რაიონის მაჟორიტარით დასრულებული, თავისი ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანია ააგო და რასაც ამდენი ხანია, პერიოდულად გვიამბობენ დაზარალებულები, მოკლულთა ოჯახები თუ სხვები - ეს ბაჩო ახალაიას საგმირო საქმეებია, რაზეც ამდენი ხანია, პრესაში იწერება, წლებია, საქართველოს ოპოზიცია, აწ უკვე ხელისუფლების დიდი ნაწილი აპელირებს და რაც უნდა სასაცილო იყოს, რაზეც მთავარ პროკურატურას არანაირი ფაქტი არ აღმოაჩნდა, ყოველ შემთხვევაში, რომ ჰქონოდა, ახალაიასთვის ამ ყოვლად უსუსური ბრალის წაყენებით არ შემოიფარგლებოდა! იმ საქმეებისა და ხალხის სია, ვინც შეიძლება, პროკურატურასთან ითანამშრომლოს, ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს და ექსმინისტრი, სულ ცოტა, 30 წლით ჩასვას ციხეში, ანდა, სულაც უვადოდ დააპატიმროს, ასეთია:

№1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის, სერგო თეთრაძის მკვლელობა, რასაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ალასანია დღეში რამდენჯერმე იხსენებს, სწორედ ბაჩანა ახალაიას უშუალო დაკვეთით, მეგის ქარდავას მიერ ყოფილა შესრულებული. როგორც ცნობილია, სარჩელი მთავარ პროკურატურაში თეთრაძის მეუღლემ უკვე შეიტანა, თუმცა გამოძიება დუმს იმის შესახებ, ახალაიას ბრალეულობის რა დამადასტურებელი ფაქტები არსებობს ამის შესახებ.

№2. ალასანიას სახელს უკავშირდება კიდევ ერთი, ლამის ისტერიკულ ფონზე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ახალაიების დანაშაულებრივმა კლანმა შეიარაღებული დაჯგუფება შექმნა, რომელიც სამეგრელოში თავისუფლად დათარეშობდა, ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდა და ა.შ. ალასანია ამ ფაქტს დღემდე ადასტურებს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მან ამ "ბანდფორმირების" წევრთა სიაც წარმოადგინა, თუმცა უშიშროების საბჭოსგან დამცინავი კომენტარი მიიღო, რეზერვისტების გვარებს გვაწვდიო. მის განცხადებებს კი უპასუხისმგებლო ეწოდა. თურმე, სწორედ ამ შეიარაღებული ხალხის მეშვეობით დაატერორეს მამა-შვილმა ახალაიებმა მთელი სამეგრელო და გააყალბეს არჩევნები. ამის შესახებ ალასანიას შტაბის უფროსი, ირაკლი ჩიქოვანიც საუბრობდა და ამბობდა, რომ მას შანტაჟისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტი აქვს ხელთ. ასე რომ, დღეს, როცა ახალაია დაჭერილია, ამ ჩვენთვის უცნობი ფაქტებით, მხოლოდ ალასანია და მისი გუნდი შეძლებს მისთვის რამდენიმე წლის ჩუქებას.

№3. მკვლელობათა თემა რომ გავაგრძელოთ, იური ვაზაგაშვილი, ქუჩაში ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, ბაჩო ახალაიას ხელს პირდაპირ ადებს და აცხადებს: "პირადად ბაჩო ახალაიას კისერზეა სამგორის მეტროსთან სამი აჭარელი ბავშვის ჩაცხრილვა. ამ საქმეზე ვმუშაობდი და ეს ბავშვები პირადად ახალაიას დახვრეტილები არიან. შემდეგ კი მათ ჩანთით დაუწყვეს იარაღები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალაიები მკვლელები არიან. ზუსტად ვიცი, სამეგრელოში ახალაიას ჰყავს ზონდერბრიგადები, რომელიც გადაჰყავთ ახალციხეში. ახალციხიდან ვანოს გადმოჰყავს კახეთში და აკეთებინებს საშინელ საქმეებს. გვარები და სახელები ცნობილია. ის ბრიგადები მკვლელებით არის დაკომპლექტებული. ახალაია ამზადებს ზონდერების ჯგუფს თბილისისთვისაც. იმ დაჯგუფებებში არიან პატიმრები, რომლებსაც 28 წელი აქვთ მისჯილი. გამოყვანილი ჰყავთ პატიმრები და რეციდივისტები. ოფიციალურად ცნობილია, ვინ გაათავისუფლეს, სახელებითა და გვარებით. რა დავალებებიც აქვთ, ეგეც ვიცი", - ასე რომ, ახალაიას საქმის "გასასერიოზულებლად" იური ვაზაგაშვილის ოფიციალური ჩვენება, შესაბამის ფაქტებთან ერთად, სწორედ მისწრება იქნება მთავარი პროკურორისთვის.

№4. ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია "ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის" გენერალური დირექტორის, მალხაზ ოსაძის განცხადებით, "არტი ჯგუფის" გადაწვა უშუალოდ ბაჩო ახალაიას მითითებით მოხდა. ქიბარ ხალვაში, შეიძლება ითქვას, რეაბილიტირებულია, რადგან ყველა მისთვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე, მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ახალ ხელისუფლებაში. მეტიც, მისი და, ფატი ხალვაში აჭარაში მაჟორიტარად კენჭსაც იყრიდა და "ქართული ოცნების" სიით დეპუტატიც გახდა. ახლა სწორედ ის დროა, და-ძმა ხალვაშები და "არტი ჯგუფის" დირექტორი ოსაძე პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილით იწვოდნენ და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ. მით უმეტეს, ოსაძე კომპანიის დაწვასა და ახალაიას ერთმანეთთან დაკავშირებას აქამდე არ ერიდებოდა: "ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბაჩო ახალაიას. მან განმიცხადა, რომ შემეხვედრებინა ქიბარ ხალვაშთან და თუ შეხვედრის დროს ორგანიზებას ვერ შევძლებდი, დამემუქრა. ორი დღის შემდეგ "არტი ჯგუფი" დაიწვა", - აღნიშნავდა მალხაზ ოსაძე მედიასთან საუბრისას. მის უფრო კონკრეტულ ჩვენებას კი, ალბათ, არჩილ კბილაშვილი დიდი სიამოვნებით მოუსმენს.

№5. ორთაჭალის ე.წ. ქურდების ციხის ბუნტი, რომელიც 2006 წელს, 26 მარტს ბაჩო ახალაიამ სისხლში ჩაახშო, მისი "სამარკო დანაშაულია". სხვათა შორის, მაშინ ე.წ. კანონიერ ქურდ მალხაზ ზედელაშვილს ცნობილი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იცავდა. მოკლედ რომ ვთქვათ, 2006 წლის 27 მარტს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივი არეულობა მოხდა. 7 მსჯავრდებული დაიღუპა, სხეულის დაზიანებები მიიღეს სპეცრაზმისა და სასჯელაღსრულების სპეცსამსახურის დაცვის წევრებმა. მაშინ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია იყო. 7 დაღუპული მსჯავრდებულების საქმეზე დღემდე არავის უგია პასუხი. პლატონ მამარდაშვილი კი, კიდევ ერთი "კანონიერი ქურდი", ინვალიდის სავარძელს სამუდამოდ მიეჯაჭვა. ახლა ლეგიტიმური კითხვა ისმის - რა დროს ქურდობა, ქურდის ცოლობა და "კაი ბიჭის დობაა" - სად არიან ბუნტის დროს დაღუპული პატიმრების ახლობლები და რატომ არ აძლევენ ოფიციალურ ჩვენებას, მაშინ, როცა ყველა იმაზე საუბრობდა, როგორ ამცირებდნენ, ახალაია-ქარდავა, დუეტში "კანონიერ ქურდებს" და მათ პირში იარაღსაც ჩრიდნენ?!

№6. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ცოცხებითა და "დუბინკებით" თავ-პირი რომ გადაგვაჭამეს, "ობიექტივის" სტუდიაში მილიარდი პრესკონფერენცია ჩაატარეს და ირმა ინაშვილის ძმამ და მისმა პატიმარმა მეგობარმა ლომიამ რომ ისაუბრეს, პატიმრებს უშუალოდ ბაჩო ახალაია აწამებდაო, რატომ არ დგანან ახლა რიგში ჩვენების მისაცემად? სად არის გმირად შერაცხული, ქვეყნიდან მართლა გაქცეული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც თანამედროვე საქართველომ გმირად შერაცხა - ბედუკაძე აქამდე ღიად და თამამად არ ყვებოდა, რომ ციხის ბადრაგი პატიმართა წამებისა და გაუპატიურების კადრებს ექსკლუზიურად ბაჩო ახალაიას სიამოვნებისთვის იღებდა, თანაც მაღალი ხარისხის ვიდეოთი? ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს უკანასკნელი, ე.წ. ციხის კადრები ხომ ის საქმეა, რამაც მარტო ბაჩო ახალაია კი არა, მიხეილ სააკაშვილი გადაიყოლა მთელი "ნაციონალურ მოძრაობიანად"?

ეს გახმაურებული საქმეების მხოლოდ ნაწილია, რასაც გამოძიების ენაზე ჭორი, მონაყოლი ან სხვა უფრო შესაბამისი ეპითეტი შეეფერება, მაგრამ აიყვანო მკვლელი, გამაუპატიურებელი, ავხორცი, ბუნტის ხელოვნურად მომწყობი, პატიმრების მწამებელი და ა.შ. ყოვლად უსუსური, სასაცილო, აბსოლუტურად არაფრისმთქმელი ბრალდებით, გაგდებული თანამშრომლების ჩვენების საფუძველზე, ეს მართლა არასერიოზულია!

ბრალდების ირონიულობამ ბევრი იქამდეც კი მიიყვანა, რომ ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდა. ბუნებრივია, არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაახანა, ჯერ იყო და პრეზიდენტმა იქადაგა დემოკრატიის პრინციპების რღვევაზე, მერე "ნაციონალებმა" გამოაცხადეს ჩვეული მობილიზაცია და ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პროკურატურამდე სულ მხარდამხარ იარეს. ბოლოს, რა თქმა უნდა, ბაჩო ახალაიამაც, ავდოკატის მეშვეობით, განაცხადა, რომ თავს პოლიტპატიმრად და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად მიიჩნევს!

კი მაგრამ, რა საჭირო იყო მისთვის წამებულის გვირგვინის დადგმა "ქართული ოცნებისავე" ხელით?! კაცმა არ იცის, რატომ ჩამოვიდა სინამდვილეში ახალაია საქართველოში, მართლა "გმირული მოტივებით" თუ იმიტომ, რომ ვიღაცამ აიძულა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ არსად გარბოდა, ჰოდა, ჯერ ფაქტები რომ შეეგროვებინა დალოცვილ პროკურორს და ამის მერე, ცოტა სოლიდური ბრალდებით აეყვანა "სისხლისმელი ბაჩო", მისივე პრესტიჟის საქმე იყო. ქართველებს გვიყვარს "წამებულები" - ასე "შევიყვარეთ" ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც, სხვათა შორის, მის წამებაში ხელს ახალაიას ადებდა. ვაპატიეთ კაცს, რომელმაც უამრავ ადამიანს ღირსება აჰყარა და მათი შიშველი, იატაკზე გართხმული სხეულები გვიჩვენა დაპატიმრებისას, საკმაოდ დამამცირებელი ფორმით. თუმცა, მას ყველაფერი მივუტევეთ, როგორც კი თავჩაღუნული, თვალებამღვრეული ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში, აღიარებითი ჩვენების მიცემისას. სამწუხაროდ, ახლა "ოცნება" ახალაიასგან ახალ გმირს უფრო აკეთებს - ბაჩო ახალაიას ფოტოსურათები ყველა ვებ-საიტზე აიტვირთა, შეიქმნა დაკავებული ექსმინისტრის მხარდამჭერი ჯგუფები, აქტიურობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ვინც მას პოლიტპატიმრად მიიჩნევს და სოლიდარობას უცხადებს. სიმბოლურად, 7 ნოემბერს დაპატიმრებული ექსმინისტრის ერთ-ერთ მთავარ დამცველად თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე, თეა თუთბერიძე გვევლინება, რომელიც ახალაიას დაჭერის წამიდან, ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. ბუნებრივია, იგი ახალაიას მხარეს წარმოადგენს და საზოგადობაში არცთუ დიდი ნდობით სარგებლობს, მაგრამ საკმაოდ ლოგიკურად მსჯელობს და იმაზე ღიად საუბრობს, როდის და რატომ დაიწყო ბაჩო ახალაიაზე ყველაზე საშიში მითის შექმნა ქვეყნის ბოლოდროინდელ ისტორიაში: "პროკურატურა აბსოლუტურად მოუმზადებელი ჩანს ამ სიტუაციაში. როგორც ჩანს, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და აპელირებენ სამსახურიდან გაგდებული რამდენიმე კაცის ჩვენებაზე. ამიტომ მინდა ვკითხო კბილაშვილს - ამ დღეებში რომ აღმოჩნდნენ ჯარისკაცები, ვინც ანალოგიურ, ან უფრო მძიმე ჩვენებას მისცემს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დააკავებენ თუ არა ალასანიას? მთელი ეს მითები მის შესახებ, მოჰყვა ბაჩო ახალაიას ბრძოლას კანონიერი ქურდების, კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც შევარდნაძემდე, მის დროს, მის შემდეგ, 2003, 2004 , 2005 წლებში, სიტუაციას როგორც ციხეებს შიგნით, ისე მის გარეთ მართავდა. 2003 წლის რევოლუციის მერე, ახალმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა კრიმინალებთან დაპირისპირება, ვიდრე არ მოძლიერდა. სამწუხაროდ, ახლაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ სოზარ სუბარს წარმოდგენა არ აქვს, რეალურად, დღეს რა სამინისტროს ხელმძღვანელობს და ბაგა-ბაღის გამგე არ არის! ქრონოლოგიურად გადავხედოთ მოვლენების განვითარებას, ანუ რას მოჰყვა ახალაიას წინააღმდეგ ეს კამპანია და ვინ გამოვიდა მის წინააღმდეგ - როცა ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა, მას საკმოდ რთულ სიტუაციაში მოუხდა ამ თანამდებობის დაკავება. მაშინ ქუთაისის ახალ საპყრობილეში გადაჰყავდათ პატიმრები, რომლებმაც პროტესტი განაცხადეს და ე.წ. კანონიერი ქურდების მითითებით, შიმშილობა დაიწყეს. მათ გაუწიეს სერიოზული წინააღმდეგობა ციხის ადმინისტრაციას, შლიდნენ რკინის საწოლებს და მის ნაწილებს თავში ურტყამდნენ ბადრაგს. ბუნებრივია, მათ წინააღმდეგ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს, რაც კანონში ცალსახად წერია. ამას მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი: მანამდე კრიმინალური ავტორიტეტების კარი ციხის საკნებში არც იკეტებოდა. ეს ხალხი კეთილმოწყობილ კამერაში იჯდა, ყოველი თვის ბოლოს იკრიბებოდა ე.წ. ობშიაკი, რაც ნახევარ მილიონ დოლარს აჭარბებდა და ამით ციხეებიდან ოჯახებს ინახავდნენ. ახალაიამ კი მათ ხელი მოკიდა და ერთ მშვენიერ დღეს, გამოუცხადა, გადახვალთ ჩვეულებრივ კამერებში, აღარ გექნებათ ძველი პრივილეგიები და ვეღარ მართავთ ქვეყნის შიგნით კრიმინალურ მდგომარეობასო. ამას მოჰყვა ახალაიას წინააღმდეგ კრიმინალური სამყაროს ოჯახის წევრების გამოსვლები, იმ ოჯახებისა, რომელთაც დაკარგეს შემოსავალი და ა.შ. ახლა მე თეა თუთბერიძის სიზმრებზე არ ვსაუბრობ, ის ყველაფერი, რაც ვთქვი, კონკრეტული მოცემულება იყო! თუ ახლა სოზარ სუბარი შეძლებს, ავტორიტეტებმა კვლავ არ მართონ ციხე, მაშინ ისიც ისეთივე კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდება, როგორც დღეს ბაჩო ახალაია! ასეთი ადამიანი, ვინც შეიძლება ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, ძალიან ბევრი აღმოჩნდება - ესენი იქნებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, ის პატიმრები, რომლებმაც დაკარგეს დიდი შემოსავლები, მათი ოჯახის წევრები, ის ე.წ. უფლებადამცველები და ე.წ. პოლიტიკოსები, ვინც კრიმინალური მენტალობისანი არიან, ნანა კაკაბაძით დაწყებული, თინა ხიდაშელით დასრულებული. ისინი უფლებადამცველად ევლინებოდნენ საზოგადოებას და დღეს უაპელაციო, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ ახალაია დამნაშავეა. მინდა სუბარს შევახსენო, რომ როცა ომბუდსმენი იყო, მის მიერ გათავისუფლებული რამდენიმე თანამშრომელიც დაახლოებით იგივენაირად საუბრობდა იმაზე, თუ რა უხეშად და უკანონოდ გაყარა ისინი სამსახურიდან. ასეთი შეიძლება მოიძებნოს ათობით, ასობით, ათასობით გაბრაზებული პატიმარი, გათავისუფლებული თანამშრომელი, ვინც დაწერს, ან ვისაც დააწერინებენ მსგავს ჩვენებებს. თქმით შეიძლება უამრავი რამ თქვა, უბრალოდ, თუ სხვა მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს პროკურატურა, ვერ გაამყარებენ სარჩელს და მერე თავის მართლება მოუწევთ! პრინციპში, უკვე აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში - ქვეყანაში ჩამოვიდა ბაჩო ახალაია, რომელიც არსად გაქცეულა. მთელი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი, "ქართული ოცნების" პიარკამპანია აგებული იყო ბაჩო ახალაიას კრიმინალურ სისხლისმსმელ და დანაშაულებრივ ქმედებებზე. თუკი ამდენი ხანი ეს ხალხი ამ დანაშაულებზე საუბრობდა, მათ უნდა გააჩნდეთ სერიოზული მტკიცებულებები და ასეთ სასაცილო განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ ქვეყნის გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრისგან. ისინი თავს დღეს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, როცა ამბობენ, რომ სამსახურიდან დათხოვილთა ჩვენების საფუძველზე აკავებენ ექსმინისტრს, შტაბის ხელმძღვანელსა და ბრიგადის მეთაურს. ამდენი ხნის განმავლობაში მტკიცებულებები არ უნდა ჰქონოდათ? მოუთმენლად ველოდები ამ მტკიცებულებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჰქონოდათ, აქამდე წარმოადგენდნენ! ჯერჯერობით, შორს რომ ვერ წავიდნენ, ფაქტია, თუმცა ადამიანურად, მათიც მესმის - ბაჩო ახალაია რომ არ დაეკავებინათ, ეს "ქართული ოცნების" დასამარება იქნებოდა, რადგან საზოგადოებას ამის მოლოდინი თავად შეუქმნეს. ფაქტია, რომ ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ არის და ვერც იქნება, რადგან მას არჩილ კბილაშვილი ხელმძღვანელობს, ახლანდელი ხელისუფლება კი, მთელი ამ ხნის მაძილზე, ბაჩო ახალაიას წინასწარ, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით, დამნაშავეს ეძახდნენ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ საქმეში უცხოელი გამომძიებლების ჩართვა - ამას ბაჩო ახალაია უშუალოდ არ ითხოვს, მაგრამ რეალურად, ასეა, რადგან ამ გამოძიების მიმართ, რომელსაც წინასწარ აქვს თავისი დამოკიდებულება, ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ნდობა ვერ ექნება.

P.S. დაკავებული სამი პირის, ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი დღეს, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

სამივე პირს ბრალი სისხლის სამართლის 333 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, ხოლო ბაჩო ახალაიას დაუმძიმდა. ახალაიას, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლთან ერთად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების  5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ბრალი 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილითაც წაუყენეს. ადვოკატების განცხადებით, ახალაიას წინააღმდეგ ბრალის დამძიმებას მოტივად დაედო ახალი სარჩელი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს. ადვოკატები დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალაია არც ერთი მუხლის შემთხვევაში ბრალს არ აღიარებს.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა