"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"

"არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო"

დავით გაიხარაშვილი ყოფილი პატიმარია. იგი ციხის ბუნტის დროს დაინვალიდდა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დარჩენილი სასჯელი გადაუვადეს. ხელჯოხებით გადაადგილებას ახერხებს, მაგრამ გაუსაძლის ტკივილთან გამკლავება უჭირს. გაიხარაშვილმა სასამართლოში სარჩელი იმ ექიმის წინააღმდეგ შეიტანა, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა: ექიმის დასჯასა და სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს. ამბობს, რომ სასამართლო პროცესები ჭიანურდება და დღემდე სამართალს ვერ მიაღწია.

დავით გაიხარაშვილი:

- 2006 წელს სრულიად უდანაშაულოდ გამომკეტეს ციხეში.

- რატომ დაგაპატიმრეს?

- მე და დედაჩემი ბაზრობაზე ვიყავით და საღამოს 8 საათზე დავბრუნდით. მეორე დილითაც სახლიდან უნდა გავსულიყავით, რომ დამიძახეს. კართან პოლიციელები იდგნენ. მითხრეს, დაკავებული ხარო. რომ მოვტრიალდი, სახლის მიმდებარე ტერიტორია უკვე სპეცრაზმელებით იყო სავსე, სახურავზეც იარაღიანები ისხდნენ. ვკითხე, რაში მადანაშაულებთ-მეთქი? - მკვლელობაშიო. შევეპასუხე, - სულელები ხომ არ ხართ-მეთქი?! - მაშინ - ყაჩაღობა მკვლელობითო... დაკავების ვერსია სამინისტროში კიდევ ერთხელ შეიცვალა - ავტომანქანის გატაცებაში დამადანაშაულეს. გამეცინა: მანქანა სახლში მეყენა. ჩემი ცხოვრება იცით, არც მანქანის ქურდობისთვის მცალია, არც არაფრის გული მაქვს, გაუბედურებულ დედას შევყურებ, გამიშვით და საერთოდ დავტოვებ საქართველოს-მეთქი. ერთი სომეხი კაცი დამიპირისპირეს - ამბობდა, თითქოს მასთან ერთად ვიყავი მანქანის გატაცების მონაწილე. თურმე ორნი იყვნენ. ნაქურდალიც ამოუღეს, მეც მიმამატეს და ასე "შეიკერა" ჩემი საქმე. სასამართლოზე იმან ჩვენება შეცვალა, თქვა, - პოლიციამ მაიძულა, დამესახელებინეო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

- ადრე ნასამართლევი იყავით, თუ რატომ სჭირდებოდა პოლიციას თქვენი იზოლაცია?

- პირველად 1993 წელს დამაკავეს, ქურდობასა და იარაღის უკანონო შენახვას მედავებოდნენ. სასჯელს ვიხდიდი, 1999 წელს კი ძმა მომიკლეს, ვიღაცამ უკნიდან თავში ტყვია ესროლა. მისი წლისთავი ახალი გასული იყო, მოულოდნელად, ჩემი მეორე ძმა სახლში გარდაცვლილი რომ ვიპოვეთ. ციხიდან გამათავისუფლეს, რადგან ოჯახის ტრაგედიის შემდეგ, იქ ჩემი დარჩენა უაზრობა იყო, ალბათ ჭკუიდან შევიშლებოდი. გამოსვლის დღიდან ჩემი ძმების - ზაზას და სულიკოს მკვლელებს ვეძებდი. სულიკომ ზაზას მკვლელობის შემდეგ ყველას მიმართ ნდობა დაკარგა, სმაც დაიწყო. იმ საბედისწერო დღეს, ვიღაცას მისთვის სასმელი მოუტანია, ჩემს ძმას დაულევია და დილით გარდაცვლილი ვიპოვეთ. აშკარა იყო, რომ მოწამლეს... ეს საქმეები დღემდე გამოძიებული არ არის: ერთი თვითმკვლელობის კვალიფიკაციით დაიხურა, მეორეს დასკვნაში წერია, რომ გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი. ამ ამბების შემდეგ, დამნაშავეების დადგენასა და დასჯას თავად ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. პოლიციამ ეს კარგად იცოდა და საქმე შემითითხნა. "კაპეზედან" ორთაჭალის ციხეში წინადღეს ვიყავი გადაყვანილი, ე.წ. ციხის ბუნტი რომ მოხდა.

- კონკრეტულად გაიხსენეთ ის დღე.

- 26 მარტის ღამე თენდებოდა. საკანში ვიყავი, ხმაური რომ ატყდა. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმრების ცემა-წამების ხმები ისმოდა - "რეზბალნიცა" იქვე იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავადმყოფ პატიმრებს ახალაია სცემდა. პატიმრების განწირული ხმები ისმოდა. იქ მათი წამება რომ შეეწყვიტათ, სოლიდარობის ნიშნად, მეხუთე საპყრობილეში ხმაური ატყდა. არანაირი ბუნტი არ ყოფილა - პროვოკაცია ადმინისტრაციამ მოაწყო. ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. ციხიდან არავინ გასულა, სნაიპერებმა სახურავიდან პირდაპირ სროლა რომ დაიწყეს და ბიჭები დახოცეს. ამის შემხედვარე პატიმრები უფრო გაგიჟდნენ, დიდი ხმაური ატყდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ რამდენიმე კამერა ღია აღმოჩნდა. საშინელება ტრიალებდა. თავის გადარჩენას ვცდილობდით, ჩემ წინაც ეყარნენ დაჭრილები.

- ციხიდან გაქცევას შეეცადეთ?

- ეზოში არავინ გასულა, კორიდორში დავდიოდით. საკნების უმეტესობა ღია იყო. მოკლეს ბიჭებიო! - რომ გაისმა, სხვა საკნებიც დაიმტვრა. მე პირველ სართულზე ვიყავი და ტყვიებისთვის თავი რომ დამეღწია, მეოთხე სართულისკენ გავიქეცი. ყველა მხრიდან გვესროდნენ. ბოლოს რაღაც განსაკუთრებულად გაწვრთნილი რაზმი შემოვიდა - პირდაპირ ხელყუმბარების სროლა რომ დაიწყეს, უკვე ვეღარ ვაზროვნებდით. ნიღბიანი ადამიანი მინახავს, მაგრამ ნიღაბს რომ რკინის ქუდს დაახურავ, როგორი შესახედავი იქნება?! ვიღაცის საკანს შევაფარე თავი, ასევე მოიქცნენ სხვებიც. დერეფანში პატიმრის ჭაჭანება აღარ იყო. ამ დროს დავინახე - 19 წლის ბიჭი დაჭრილი ძირს ეგდო. არ ვიცნობდი, მერე გავიგე მისი სახელი - ბერდია ერქვა. გონდაკარგული იყო, სისხლისგან იცლებოდა. პულსაცია ჰქონდა. ხელი მოვკიდე და იმის მიუხედავად, რომ იქაურობა იარაღიანი სპეცრაზმელებით იყო სავსე, ბიჭი ხელში ავიყვანე. დაჭრილი მიმყავდა და სპეცრაზმელები მირტყამდნენ. არ ვიცი, რა ძალა მომეცა, ბიჭი ხელიდან არ გამიგდია, მეოთხე სართულიდან ეზომდე ჩავაღწიე, სადაც "სასწრაფოს" მანქანა იდგა და იქ ჩავსვი.

- თქვენი დახმარება არავის უცდია?

- რას ამბობთ. ხალხმა პატიმრები დახოცა და დაჭრილს გამომართმევდნენ?! გეუბნებით, ხელში დაჭრილი მეჭირა და მირტყამდნენ! შვილის პატრონი ვარ და ბავშვი როგორ მიმეტოვებინა?!. ცოდვის ტრიალი იყო, ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა, დაჭრილი ბიჭები ძირს ეყარნენ, - რა შველაზე საუბრობთ?! თავზე ლულას ადებდნენ და ესროდნენ, რომ მომკვდარიყო.

- რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ დღეს?

- ძალიან ბევრი - 10-ჯერ მეტი, ვიდრე გამოაცხადეს.

- მერე თქვენ რა მოიმოქმედეთ?

- როგორც კი ბიჭი "სასწრაფოს" მანქანაში ჩავაწვინე, სპეცრაზმელები შემდგნენ: ფეხებს, ხელებს, "დუბინკებს" მირტყამდნენ. სასტიკად ნაცემი უამრავი ადამიანი პურის მანქანაში შეგვყარეს, ბევრი დაჭრილიც იყო. პირველი 60 კაცი რომ გადაიყვანეს ორთაჭალის დაუმთავრებელ, მე-6 ციხეში, მათ შორის მეც ვიყავი. მერე მეორე მანქანითაც მოგვაწიეს სხვები. ბაჩო ახალაია იქ დაგვხვდა. ეტყობა, დაელოდნენ, როდის ავიდოდა ახალაია და მისი ჯგუფი იქ და ამის შემდეგ აგვიყვანეს. მეხუთე საპყრობილეში, სადაც ეს საშინელება დატრიალდა, გაუსამართლებელი ხალხი ვიჯექით, არც ერთი ბრალი დამტკიცებული არ გვქონდა. რომ გადაგვიყვანეს, იქაც განაგრძეს ჩვენი ცემა-ტყეპა. ხელის გაქნევა ვცადე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი, წავიქეცი და ფეხებით შემდგნენ. გონება დავკარგე. მერე ბიჭებმა მითხრეს, ახალაიაც გირტყამდა სხვებთან ერთადო. დაჭრილებსაც არ ინდობდნენ. მერე ცარიელ საკნებში შეგვყარეს, სადაც არც წყალი იყო, არც ლეიბი; ძირს ვეყარეთ დაჭრილები და ნეკნებჩამტვრეულები. დაშავებულები საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. თითქმის 4 თვე ხდებოდა, როდესაც საავადმყოფოში გადამიყვანეს, ესეც - დედაჩემის ძალისხმევით: ქვეყანა შეაწუხა და მოახერხა, "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიკა ჯიშკარიანი შემოეყვანა. სწორედ მისი ძალისხმევით გადამიყვანეს. რაც გადავიტანე, იმის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ნეკნები დამტვრეული მქონდა, ხერხემალი - დაზიანებული, ორივე მენჯ-ბარძაყის ძვლები ჩამტვრეული აღმოჩნდა და კოქსართროზი განვითარდა.

- 4 თვე საკანში ასე დამტვრეულმა როგორ გაძელით?

- ამას გაძლება ჰქვია?!. ტკივილს ვეღარ ვუძლებდი, არც ტკივილგამაყუჩებელი მქონდა. სიმწრისგან სუნთქვა მეკვროდა. უკვე აეროზოლებზე ვარ, რადგან ჰაერის უკმარისობა მაქვს, ყველა სხვა დაავადებასთან ერთად. ტკივილისგან ვყვიროდი - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც არ მაძლევდნენ ტკივილგამაყუჩებელს. ეს დაგამშვიდებსო, - და თურმე ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისთვის განკუთვნილ წამალს მასმევდნენ. არადა, ადამიანობა რომ გამოეჩინათ და მოეხედათ, ძვლები არ დამეშლებოდა. თურმე ეს წამლები აჩქარებს ამ პროცესს, როცა ანთებაა ორგანიზმში, და ნელ-ნელა დამეშალა ძვლები. ერთი თვის შემდეგ საწოლიდან წამოდგომა ვეღარ შევძელი. ავტეხე ღრიალი. იმ წამალზე დამოკიდებულიც გავხდი. ვეღარც ვჭამდი. ტყუილს არ ვიტყვი - საჭმელი მქონდა. ყავა, სიგარეტი და წამლები - ეს იყო ჩემი მენიუ. სულ ჩამოვდნი. დედაჩემი ითხოვდა, ოპერაცია გაეკეთებინათ, ძალიან ბევრი ადამიანი შეაწუხა. მსჯავრდადებულებიც ასეთ დღეში რომ მხედავდნენ, ისინიც აგრესიულები გახდნენ და ითხოვდნენ, ჩემთვის მოეხედათ. მაშინ ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასათიანი იყო. ის მიხაილის საავადმყოფოში მოელაპარაკა ექიმს და იქ გადამიყვანეს. მეგონა, ოპერაციის შემდეგ ფეხზე დავდგებოდი.

- ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე ჩაგიტარდათ?

- ჯერ ცალ ფეხზე გამიკეთეს. თავს ცუდად ვგრძნობდი, ექიმს ვუთხარი, რკინა ამომივარდა-მეთქი. სურათი გადამიღეს და გამოჩნდა, რომ ოპერაციის დროს ჩასმული რკინა ამოვარდნილი იყო და სამაგრი ხრახნი მუცლისკენ იყო დაძრული. ისევ გადამიყვანეს მიხაილის საავადმყოფოში. ექიმმა თქვა, გასწორდებაო, და მეორე ფეხზე იგივე ოპერაცია გამიკეთა. ოპერაციის დროს გული გამიჩერდა; აპარატზე შეერთებული, რეანიმაციაში გადამიყვანეს. გული ამუშავდა... ციხის საავადმყოფოში რომ დამაბრუნეს, მალე ორივე ფეხიდან ამომივარდა რკინები. ვყვიროდი, მტკიოდა და ტკივილგამაყუჩებელს არ მაძლევდნენ! სადისტები არიან, ხომ არ იცით, ხალხს რას უშვებიან!.. ნელ-ნელა ჩემი ხერხემალი დაიშალა, გვერდებზე ძვლები აღარ მაქვს. 2 წელი და 9 თვე ციხის საავადმყოფოში წამებაში გავატარე.

- სასჯელი მოიხადეთ თუ ვადაზე ადრე გაგათავისუფლეს?

- სასამართლომ 4 წელი და 6 თვე მომისაჯა. არადა, 7 მოწმე მყავდა, რომ ბაზრობაზე დედას ვეხმარებოდი. მოწმეები და ადვოკატი დარბაზიდან გამიგდეს. ლოგინად ჩავარდნილი, უკვე სასიკვდილოდ გადადებული ვიყავი. ჯურხა ლაბაური იყო ციხის ექიმი, ის ძალიან თანამიგრძნობდა. ხედავდა, დღითი დღე როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. დათო კვდება და ციხიდან უნდა გავათავისუფლოთო, - კომისიასაც მიმართა. მიხაილის საავადმყოფოდან ექიმის დასკვნა მჭირდებოდა. მან დაწერა, ჯანმრთელიაო, - ამ დროს ვკვდებოდი!.. მაშინ გენერალური პროკურორი ნიკა გვარამია იყო და ღამის 3 საათზე დედაჩემი კაბინეტში შეუვარდა: შვილი მიკვდება და ციხიდან გამოუშვიო. მან შეისწავლა ჩემი საქმე, სასჯელი გადამივადეს და გამომიშვეს. საკაცით მომიყვანეს სახლში. არავინ ელოდა, თუ გადავრჩებოდი... მეორე დღეს გვარამიაც გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ერთი სიკეთე მაინც გააკეთა... დღემდე ვუჩივი მიხაილის საავადმყოფოს ექიმს, საქმე დიდი ხანია, სასამართლოშია, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე.

- განაჩენი გამოტანილია?

- ახლა შეცვალა ექიმმა პოზიცია და ამბობს, უმძიმესი ავადმყოფი იყო და მისთვის როგორ უნდა მეშველაო?! მაშინ რატომ დაწერა, რომ ჯანმრთელი ვიყავი?.. ცხადია, ის ვიღაცის დავალებას ასრულებდა. არ მოვისვენებ, სანამ არ დაისჯება. რეგულირების სააგენტომ იმ ექიმს 42 დარღვევა აღმოუჩინა, მაგრამ დღემდე დაუსჯელია. მოვითხოვ, პასუხი აგოს და ასევე ამინაზღაუროს ის ზარალიც, რაც მომაყენა. 39 წლის კაცს ცხოვრება დამინგრიეს და ეს არ უნდა შერჩეთ. მეტსაც გეტყვით,  ჰეპატიტიც ამკიდეს ციხის საავადმყოფოში და ათაშანგიც - სპეციალურად გიკეთებენ სხვის ნემსს!.. ჩემზე ამბობენ, გიჟიაო; რა მეტყობა გიჟობის?! თუ გიჟი ვიყავი, მაშინ რატომ დამიჭირეს, ან - სად გავგიჟდი?! მე ხომ გაუსაძლისმა ტკივილებმა მაქცია ასეთად. მაგათ საუბედუროდ გადავრჩი, უნდოდათ, მოვმკვდარიყავი. არ ვაპირებ გაჩუმებას, ყველანაირი დოკუმენტაცია მაქვს. მოსამართლემ მითხრა, - საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასული აქვსო. გავასაჩივრეთ სააპელაციოში; საქმე უკან დაუბრუნეს ისევ იმ მოსამართლეს და მიუთითეს, კანონის შესაბამისად განიხილეო, მაგრამ დღემდე აჭიანურებს.

- ოპერაცია ისევ გჭირდებათ?

- ოპერაცია კი არ მჭირდება, უკვე გადარჩენა მჭირდება: ხან კომაში ვვარდები, ხან - კრუნჩხვაში. იმდენჯერ გამოვიძახე "სასწრაფო", რომ უკვე ამიკრძალეს იქ დარეკვა. ვეღარ ვუძლებ ტკივილს. ვითხოვ, ამინაზღაურონ ყველანაირი ზარალი და მომცენ კომპენსაცია, რომ გერმანიაში წავიდე და ვიმკურნალო. უნდა გადავრჩე. დედას ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მოსამართლე მარინა ცერცვაძეს აქვს ჩემი საქმე განსახილველად. დედაჩემმა მის თანაშემწეს დაურეკა და უთხრა, - შვილი ძალიან ცუდად მყავს, საქმე სასწრაფოდ არის განსახილველი, რომ სამკურნალოდ წავიყვანოო. იქიდან უპასუხეს, - მოსამართლეს თქვენ გარდა ძალიან ბევრი საქმე აქვს განსახილველიო. ასეთია დამოკიდებულება ადამიანის ბედისადმი. არ დავნებდები და სიმართლეს მაინც მივაღწევ. ყველასთან მაქვს შეკითხვები: სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან სხვა შეკითხვები მაქვს, იმასთანაც მაქვს კითხვები, ვინც უდანაშაულოდ დამიჭირა, იმასთანაც, ვინც უკანონოდ გამასამართლა, იმასთანაც, ვინც ნეკნები ჩამიმტვრია. მთავარი კითხვაც არ მასვენებს - ვინ არის დაინტერესებული ჩემი ოჯახის გაწყვეტით? ყველა ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო, მაგრამ აქამდე რომ მივიდე, ჯერ ფეხზე უნდა დავდგე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ