ცოტნე გამსახურდია: "მამა ძალზე კეთილი და, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო კაცი იყო"

ცოტნე გამსახურდია: "მამა ძალზე კეთილი და, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო კაცი იყო"

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟ ცოტნე გამსახურდიასთან, რომელიც სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ამა წლის 23 ოქტომბერს, პატრიარქის შუამდგომლობით საპყრობილიდან გაათავისუფლეს.

- "საპყრობილე სიცოცხლის შემდეგ ცხოვრებაა", - წერდა პოეტი იოსიფ ბროდსკი. ცოტნე, რა მოგცა და რა წაგართვა სამწლიანმა პატიმრობამ, იძულებითმა "სივრცის ნაკლებობამ და დროის სიჭარბემ"?

- პირველ რიგში, დიდი გამოცდილება შემძინა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ციხე ცხოვრების აკადემიაა და იქ რამე კარგის სწავლა შეიძლება. ფსიქიკა მდგრადი რომ არ მქონოდა, ადამიანები სამუდამოდ შემძულდებოდა. იქ პატიმრების, გნებავთ, ბადრაგების ისეთი საქციელი, ისეთი დაცემა და სულმდაბლობა მაქვს ნანახი, იმასთან იუდა ისკარიოტელიც კი დიდ ვაჟკაცად მოგეჩვენებათ. პატიმრობის წლებმა მომცა შინაგანი გამოცდილება, ეგზისტენციური, რელიგიური, ფილოსოფიური პრინციპების დადასტურება პრაქტიკაში, რამაც, შეიძლება ითქვას, გადამარჩინა.

- ახლა რას აპირებ?

- ვაპირებ ვიმკურნალო და, ამასთანავე, ვეცდები, მონაწილეობა მივიღო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნება ეს ძველი სისტემის დემონტაჟი, ადამიანის უფლებების დაცვა თუ სხვა.

- ბატონ ზვიადს და თქვენ ტრაგიკული და წინააღმდეგობებით აღსავსე ბედი გარგუნათ ღმერთმა - დევნა, დაპატიმრება...

- მე ვერავის ვამსგავსებ საკუთარ თავს და ზედმეტადაც მიმაჩნია ვინმეს ვინმესთან მიმსგავსება - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ცხოვრება გარკვეულ დაღს ასვამს ადამიანებს. ვარ ისეთი, როგორიც ვარ. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ადამიანად დავრჩენილიყავი. არც გმირად მიმაჩნია საკუთარი თავი და არც იმას ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებული მაქვს გაკეთებული.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან? შვილებიდან რომელი უფრო ახლობლობდით მასთან?

- ძალიან გთხოვთ, ძმებზე ნურაფერს მკითხავთ... ჩემს უფროს ძმაზე 15 წლით უმცროსი ვარ და მას როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, არ ვიცი. მე კი მამასთან მოკრძალებული დამოკიდებულება მქონდა.

- რატომ, მკაცრი იყო?

- არა, არ იყო მკაცრი, მაგრამ ძალიან მერიდებოდა მისი. მას უკვირდა ჩემი, ამბობდა, რაღაცნაირი გულჩათხრობილიაო. მამა ძალზე კეთილი და, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილო კაცი იყო...

- ცოტნე, საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე - ზვიად გამსახურდია მოკლეს თუ თავი მოიკლა. თქვენი აზრით, რა მოხდა და ხომ არ აპირებთ ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართოთ გენერალურ პროკურატურას?

- რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალება იყო ძალადობრივი. ამის დადასტურებას მე ვერ შევძლებ, თუმცა ვიცი ყველაფერი, რა და როგორ მოხდა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იმ 8-9 ნაძირალადან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, რამდენიმე ცოცხალი აღარ არის და ვინც დარჩენილია, ისინი საკადრის პასუხს მიიღებენ. ჩემი აზრით, ეს სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა და, ალბათ, ამ კითხვას, ისევე როგორც სხვა კითხვებს, პასუხი გაეცემა.

- სატელევიზიო ეთერში ე.წ. ზვიადისტებს წარსულ დროში ჩარჩენილები უწოდე და, ალბათ, აწყენინე...

- ასე ყველასთვის არ მიწოდებია, მაგრამ დღესაც გავიმეორებ - ეს არის რეალიზმს მოკლებული პოზიცია. ნებისმიერ გამოჩენილ ადამიანს, ვინც უნდა იყოს, საკუთარი როლი, მისია და ფუნქცია აკისრია, მაგრამ მასზე მიჯაჭვა და ფიქრი, რომ ზვიადის იქით არაფერი აღარაა და ცხოვრება დამთავრდა, სისულელეა. გულსატკენი არაფერი მითქვამს. რაც უნდა იყოს - გინდ რწმენა, გინდ პატრიოტიზმი, ნებისმიერი ფასეულობა, ფსიქოზამდე არ უნდა მივიდეს. ან რას ჰქვია "ზვიადისტი", ზვიადის მომხრე? როგორ შეიძლება, 20 წლის წინ გარდაცვლილი პოლიტიკოსის მომხრე იყო? მით უმეტეს, მამაჩემი ყოველთვის წინააღმდეგი იყო მისი გაფეტიშების. სინამდვილეში, მამაჩემს ერთადერთი იდეოლოგია ჰქონდა - მას უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარდა თავისი ქვეყანა, რომელიც, მე თუ მკითხავთ, მაინცდამაინც მხოლოდ სიყვარულს არ იმსახურებდა. დღეს ეს უნდა ითქვას, ავადმყოფს სწორი დიაგნოზი თუ არ დაუსვი, ვერ განკურნავ. ჩემი აზრით, პატრიოტიზმის ცნებაში უნდა შემოვიდეს უფრო მეტი პრაგმატული კომპონენტი და არა ხბოს აღტაცება. უპირველესი ღირებულება კი არის ადამიანი, ყველა დანარჩენი - ზედნაშენი. ძალიან მიყვარს მუხრან მაჭავარიანი და მისი ლექსი "შენ, სისხლო ჩემო", მაგრამ ჩემს სისხლს არ აწერია სახელი, გვარი და ეროვნება. ეროვნება არის მენტალიტეტი, შინაგანი მდგომარეობა და მეორე მხრივ, პოლიტიკური თვითშეგნება. შეიძლება ითქვას, რომ პრაგმატიზმის უქონლობამ და იდეალისტურმა, ემოციურმა დამოკიდებულებამ დაღუპა კიდეც მამა.

- თქვენ საკმაო ხანს ცხოვრობდით ჩეჩნეთში... ემიგრაციაში მყოფმა მათე ციხესაშვილმა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ახლდა ჩეჩნეთში, "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ვაინახები ამ ოპერაციის დამკვეთ-შემსრულებლებზე, კონკრეტულად - სააკაშვილზე შურისძიებისთვის ემზადებიანო. რეალური გეჩვენება ეს?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რეალურად მიმაჩნია. ჩეჩნეთში სისხლის აღების წესი არის ბუნების მიერ ჩადებული მექანიზმი მცირე ერის გადასარჩენად. ლაფანყურის ინციდენტს რაც შეეხება, ამ სპეცოპერაციამ, ისევე როგორც ციხის კადრებმა, სააკაშვილის რეჟიმის სახე წარმოაჩინა. მე ჩემი ვერსია მაქვს: შესაძლოა ეს ხალხი მართლაც ჩეჩნეთში გადასაყვანად ჰყავდათ მომზადებული და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ინტერესი ყოფილიყო. ისინი საზღვართან მიიყვანეს, საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე გადასასხმელად, სადაც მათ უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ოპერაციები, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ ეს გადაიფიქრა - სიგნალი მიიღეს მოსკოვიდან და ვეღარ გაბედეს. სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი ერთი ადგილით ჩამოკიდების შანსს პუტინი ხელიდან არ გაუშვებდა. იგი ისეთი მშიშარა ადამიანია, არეულობას ვერ გაბედავდა და მათი გეგმა რომ არ გახმაურებულიყო, ეს ადამიანები ჩახოცეს.

- ახლახან გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ბარათელმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ აკადემიკოსი მას არ მოუკლავს. ახალი მთავარი პროკურორი ამ საქმის ხელახალ გამოძიებას აპირებს...

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბატონი გურამი ქართული კულტურის, საზოგადოდ, ქართული მემკვიდრეობის უდიდესი მოამაგე გახლდათ. სწორედ ამით აიხსნება მისი მომეტებული კონსერვატიზმი. ამ ლეგენდური ადამიანის იარაღი იყო მისი კალამი, სიტყვა და ნათელია, რომ გურამ შარაძის ლიკვიდაცია მის მოღვაწეობას უკავშირდება, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: იყო კი მისი საქმიანობა ისეთი საშიში მავანთათვის, რომ ამ ფორმით გაენეიტრალებინათ იგი? ამიტომ მკვლელობის რეალური მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ბატონი გურამ შარაძის მკვლელობა, სხვა გახმაურებულ მკვლელობებთან ერთად, ნაცმოძრაობის განაჩენად უნდა იქცეს. სხვათა შორის, ცნობილია, რომ იგი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ქართული საგანძურის განიავებას, რასაც გეგმავდა ე.წ. ბოკერია-რამიშვილის გუნდი. სწორედ ეს ვერსია მიმაჩნია ყველაზე რეალისტურად და მინდა, მის ქალიშვილს, ქალბატონ რუსუდანს თანადგომა გამოვუცხადო.

- ცოტნე, მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას "დიონისოს ღიმილის" მთავარი გმირი - კონსტანტინე სავარსამიძე და რაღაცით გამსგავსებ კიდეც მას. ეს პერსონაჟი ყველა ქვეყანაში თავის სამშობლოს და საკუთარ ადგილს ეძებს. "ხომ აუტანელია, ქვეყანაზე საკუთარი "შინ" არ გქონდეს"? - სვამს კითხვას მარტოსული სავარსამიძე. მგონია, რომ შენც საკუთარი ადგილისა და სამშობლოს ძიებაში ხარ. შენც გაქვს ნათქვამი ასეთი ფრაზა - "მარტოკაცი ვარ". გადაჭარბებულად ხომ არ გეჩვენება ასეთი პარალელი?

- ეს, ალბათ, სხვისთვის უფრო ადვილი დასანახია, რა გითხრათ... იოსიფ ბროდსკის აქვს ერთი ძალიან კარგი ლექსი, რომელიც ასე იწყება: "ია ვხადილ ვმესტა დიკავა ზვერია ვკლეტკუ..." ("მე გალიაში მხეცის ნაცვლად შევედი"), მასში მხოლოდ ციხეზე არ არის ლაპარაკი... ჩემს ცხოვრებას უფრო ამ ლექსთან კავშირში განვიხილავ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა