2010 წლის 13 ივლისს სამართალდამცველებმა დააპატიმრეს დეველოპერული კომპანია "ნიბა-ინვესტის" ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე, რომელსაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.
ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძის სახელი მეტროპოლიტენის სადგურ "დელისთან" მშენებარე "მწვანე შენობას" უკავშირდება.
ბაკურ კიღურაძის საქმემ ქართული სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა. ბიზნესმენი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯაშუშობა) და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვა ყველა ზემდგომმა ინსტანციამ. აღსანიშნავია, რომ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო". შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურ კიღურაძის შესახებ ინფორმაცია 2010 წლის 5 ნოემბერს, დაკავებიდან სამი თვის შემდეგ გაავრცელა, როცა საზოგადოებას ოპერაცია "ენვერის" შესახებ შეატყობინა. ამ დღეს სამინისტრომ მოსახლეობას ამცნო 15 პირის დაპატიმრების შესახებ, რომლებსაც ბრალი ჯაშუშობაში ედებოდათ. თუმცა, როგორც გაირკვა, მის სასამართლო პროცესებზე ოპერაცია "ენვერის" და ჯაშუშობის ბრალდების შესახებ სიტყვაც არ თქმულა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბაკურ კიღურაძე იმ მაღალჩინოსანთა ინტერესებს შეეწირა, რომლებიც მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. მისი ბიზნესპარტნიორი ნიკო ლეკიშვილი კიღურაძის დაპატიმრებას ასე ხსნის: "როგორც ჩანს, ბაკური ზოგიერთებისთვის ბევრჯერ აღმოჩნდა "უხერხული" პიროვნება. ვინც იცნობს ბაკურ კიღურაძეს, შეუძლებელია, არ აღიაროს, რომ ის არის რესპექტაბელური, ნიჭიერი, ქველმოქმედი ადამიანი, ამასთანავე, არის უნარიანი ბიზნესმენი, რომელსაც ყოველთვის აქვს სერიოზული და არაორდინარული პროექტები (დელისის პროექტიც ერთ-ერთი ასეთია). ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მას მუდმივად თავისი ბიზნესების დაცვა უწევდა და დაპირისპირება უხდებოდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან".
პატიმარი ბიზნესმენი გვიამბობს, როგორ წაართვეს და დაუნგრიეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კუთვნილი კომპანია "უტას" ოფისი, რომელიც პოლიციის შუშის შენობამ ჩაანაცვლა.
ბაკურ კიღურაძე:
- 1987 წელს გავხდი თბილისის მუნიციპალიტეტის ძველი უბნებისა და შენობების რესტავრაციის სამმართველოს უფროსი. 1988-89 წლებში კი შეიქმნა მსხვილი სამრეწველო კომბინატი, სადაც ამუშავდა სხვადასხვა საამქრო. იმავე ტერიტორიაზე გავაშენე 6500კვმ სასათბურე მეურნეობა, სადაც დავრგეთ 30000 ძირი ვარდი და ავაშენეთ სპეციალური საქვაბე სათბურებისათვის. მერიასთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, 1990 წელს გამოვისყიდეთ სახელმწიფოსგან ძირითადი საშუალებები, რის ბაზაზეც შევქმენი ასოციაცია "უტა". შემდგომი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ სხვადასხვა პროფილის მცირე და საშუალო 27 საწარმო, მოვიპოვეთ პირველი ლიცენზია საგარეო საერთაშორისო კომერციული კავშირების საწარმოებლად - ვვაჭრობდით ქართული ღვინო-კონიაკი-შამპანურით, ციტრუსითა და სხვა პროდუქციით. 1992 წელს თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადმოგვეცა ამორტიზებული საოფისე ფართობი თაბუკაშვილის ქ. #27-ში, ორი სართული (1342 მკვ) და, აგრეთვე, მიწის ნაკვეთი. 10-წლიანი იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით. მისი გამოსასყიდი ღირებულება იყო 97 ათასი აშშ დოლარი, რაც 2005 წელს გადავიხადეთ კიდეც და მოვითხოვეთ შენობის საკუთრების მოწმობა. ჩვენ 8,5 წლის განმავლობაში დავხარჯეთ 500.000 დოლარი მხოლოდ ამორტიზაციის შედეგების აღდგენაზე, შესაბამისად, საიჯარო ქირა გაიქვითა და თანხა აღარ უნდა გადაეხადათ. ქონების მართვის დეპარტამენტთან დიდი ბრძოლის შემდეგ, საქმე აღვძარით სასამართლოში საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით. სამინისტრომ შემოგვთავაზა დამატებით კიდევ ერთი სართული, ეზოში მდგარი სხვა შენობები და მიწის ნაკვეთები იმ პირობით, რომ ჩვენ მთლიანად, ძველი და ახალი ფართობისთვის, გადავიხდიდით მილიონ დოლარს ერთი წლის ვადაში. 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს წარმოეშვა ვალდებულებები "უტას" წინაშე - მას უნდა გადაეხადა ფულადი კომპენსაცია იმ ოდენობით, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავდით. წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, ბიზნესგეგმა და ზარალის გაანგარიშება, რამაც შეადგინა 40 000 000 დოლარი. სამინისტროს ვთხოვეთ, რომ გაექვითა სამინისტროს მიმართ ჩვენი ვალდებულება - 1 000 000 აშშ დოლარი და კვლავ მოვითხოვეთ, მოეცათ საკუთრების მოწმობა "უტას" საოფისე ფართობზე. სამინისტრომ ჩვენი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, რის გამოც მივმართეთ ადმინისტრაციულ პალატას, საქმე აღიძრა და პროცესი დაიწყო. 2010 წლის 7 ივნისს სამინისტრომ ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეგვატყობინა, რის შემდგომაც სასამართლოში შევიტანეთ ახალი სარჩელი ამ უკანონო ბრძანების შეჩერების შესახებ, პარალელურად, 8-9 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ "ჩვენი მოთხოვნა ვალის გაქვითვის შესახებ კანონიერია და "უტას" კი არ ჰქონდა სამინისტროს ვალი, არამედ - პირიქით.
- ეკონომიკის სამინისტროს გარდა, საქმის კურსში არავინ ჩაგიყენებიათ?
- მოვიყვანეთ იმჟამინდელი ქალაქის მერის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი. მან დაათვალიერა ჩვენი ოფისი და გვითხრა, რომ მისი დანგრევა და შსს-თვის გადაცემა იქნებოდა ბარბაროსობა და დაგვპირდა, რომ საქმის კურსში ჩააყენებდა ზურაბ ადეიშვილს. ამის შემდეგ მომზადდა შეთანხმების აქტი სამინისტროსთან, რომ ჩვენ ვთმობდით კლინიკის ნაწილს და 240კვმ-ს პირველ სართულზე. აქტი გაიგზავნა სასამართლოში, თუმცა პრობლემის გადაწყვეტის სანაცვლოდ ჩემ წინააღმდეგ "შეკერეს" და საქმე აღძრეს. გამოდის, რომ ჩემმა აქტიურობამ დააჩქარა ჩემი დაკავება. ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ჩემი აქტიურობა ხელს უშლიდა, ამიტომაც დამაპატიმრეს.
- თქვენი დაპატიმრების შემდეგ რა ბედი ეწია თქვენს ოფისს?
- 2010 წლის აგვისტოში, მერაბიშვილის ბრძანებით, ოფისის ნაწილი, კლინიკის მხარე დაანგრიეს და ეს იმ დროს, როდესაც საქმე იყო სასამართლო წარმოებაში და ამ ობიექტის მიმართ ყველა ადმინისტრაციული ქმედება შეჩერებული იყო. ხელისუფლების ქმედებით მხოლოდ ოფისის ნაწილში მიღებულმა ზარალმა შეადგინა 2 631 600 დოლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ზარალის გაანგარიშებაში არ არის შესული პოლიციის მიერ მიტაცებული 800კვმ მიწის ნაკვეთი. "უტას" საქმე ერთ-ერთი უკანონობაა სხვა დანარჩენთან ერთად, რაც ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ განახორციელა.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)