თბილისში ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ. დღეს პროტესტის მესამე დღეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიების მიზნით, დღეს მძღოლთა ნაწილი საკრებულოშია მიწვეული, სადაც დეპუტატებთან შეხვედრას გამართავენ.
"როგორც ჩვენ გვითხრეს, საკრებულოში ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკრებულოს წევრებს დღეს ჩვენგან რამდენიმე წარმომადგენელი შეხვდება. გაფიცვა კი, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება", - განაცხადა ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა.
თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები 8 ნოემბერს გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს.
მძღოლებს 16-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებასაც მოითხოვენ. კერძოდ, მძღოლები დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ძირითადად, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას ითხოვენ.
თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.