"ნაციონალებს" უყვარდათ სიმბოლოებით მანიპულირება და ამა თუ იმ სიმბოლურ თარიღზე რაიმე ღონისძიების დამთხვევა. ძნელი სათქმელია, ასევე იქცევა თუ არა ახალი ხელისუფლება. ყოველ შემთხვევაში, ყოფილ მმართველ პარტიას სიმბოლოები ცუდად შემოუტრიალდა.
მაგალითად, "ნაციონალები" არჩევნებში 1-ელ ოქტომბერს, "ბიძინობაზე" დამარცხდნენ. ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია 7 ნოემბერს დააკავეს და გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ახალაია იმ ციხის N1 პატიმარი გახდა, რომელშიც საშინელებები ხდებოდა და ამას საზოგადოება სწორედ ახალაიას სახელს უკავშირებდა.
"ამბები.გე" უკვე წერდა, რომ ახალაიას დაკავება იყო საზოგადოებრივი დაკვეთა. სხვა საქმეა, რა მოტივები ამოძრავებდა ყოფილ შს მინისტრს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და თავისი ფეხით გამოცხადდა პროკურატურაში. თუმცა, ალბათ, ფაქტია - ახალაია რომ არ დაეკავებინათ, ახალი ხელისუფლების პოზიციები შეირყეოდა და მას საზოგადოების დიდი ნაწილი უსუსურობაში დაადანაშაულებდა.
რეალურად, ყოფილი ხელისუფლება დამარცხდა არა 1-ელ ოქტომბერს, არამედ 18 სექტემბერს, როდესაც გლდანის ციხეში მომხდარი საზარელი ფაქტების ვიდეომასალა გავრცელდა. 18 სექტემბრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალაია ციხეში უნდა წასულიყო.
საზოგადოების ამ დაკვეთისთვის გვერდის ავლა ვერ მოახერხა სასამართლომ, რომელსაც ჯერ ისევ ძველი ხელისუფლება აკონტროლებს. ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
სასამართლო 25 დეკემბერს იწყება და სავარაუდოდ, მრავალთვიანი პროცესის მომსწრე გავხდებით. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, თუ რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ახალაიას.
ახალაია გლდანის ციხის თავისებურებებს კარგად იცნობს. როგორც პატიმრები ჰყვებიან, ის მაღალჩინოსნობისას არაერთხელ სტუმრობდა ციხეს, რაც ხშირ შემთხვევაში, მსჯავრდებულების ცემა-ტყეპით მთავრდებოდა. ამჯერად მას ძალიან, ძალიან დიდი დრო ექნება, რომ ციხეს უკვე პატიმრის რანგში გაეცნოს.
თუმცა ის ალბათ, საკანში მარტო იქნება და ფიქრისთვისაც დიდი დრო ექნება. შესაბამისად, შეეძლება გაანალიზოს, თუ რა გზა განვლო ციხეების უფროსობიდან გლდანის საპყრობილის N1 პატიმრობამდე.
გიორგი კვიტაშვილი