"ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა(!)"

"ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა(!)"

ხელისუფლების შეცვლიდან ერთი თვე გავიდა და ვეღარ ავუდივარ სატელეფონო ზარებს. ციხიდან გამოსული ადამიანები მზად არიან თავიანთი პატიმრობის დაუჯერებელ ამბებს მოჰყვნენ. თითოეული მათგანი ასახელებს გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლების მთელ არმიას და მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა ბესიკ ფიფიამ "კვირის პალიტრას" მისცა, მისივე თქმით, ოფიციალურ ჩვენებად უნდა ჩავთვალოთ.

1992 წელს აფხაზეთიდან დევნილმა ცოლ-ქმარმა, იზა გვაჯაიამ და ბესიკ ფიფიამ, თბილისში, ავლაბარში ე. წ. ყაზარმის უბანში, ბინა შეიძინეს და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დასახლდნენ. სახლი, რომელიც სამოქალაქო ქუჩა #1-ში მდებარეობდა, ფიფიების ოჯახმა რუსეთის მოქალაქე ლუდმილა ზარიცკაია-კოვტუნისგან მაშინ 3.500 დოლარად იყიდა. ვინაიდან ბინა პრივატიზებული არ იყო, ფიფიებმა მისი გადაფორმება ვერ მოახერხეს და ლუდმილა ზარიცკაიასთან (რომელიც კრასნოდარის მხარეში ცხოვრობდა) სამწლიანი მინდობილობა გააფორმეს. სამ წელიწადში ერთხელ იზა გვაჯაია კრასნოდარში ჩადიოდა და ახალი მინდობილობა ჩამოჰქონდა. ბოლო მინდობილობას ვადა 2 თვის გასული ჰქონდა, როცა 2004 წლის შემოდგომაზე ოჯახს თბილისის მერიამ ბინის დაცლა მოსთხოვა, აქ პრეზიდენტის რეზიდენცია შენდებაო. მერიის წარმომადგენლებმა ფიფიებს სახლის საბუთების მოწესრიგება მოსთხოვეს და კომპენსაციის გადახდაც აღუთქვეს. საჭირო გახდა კრასნოდარიდან ახალი მინდობილობის ჩამოტანა. იმ დროს რუსეთთან მიმოსვლა უკვე გართულებული იყო, რის გამოც ოჯახმა ახლობელს, რუსეთის მოქალაქე მამუკა ტყებუჩავას სთხოვა, მინდობილობა ჩამოეტანა.

მარიამ ნეფარიძე, ადვოკატი: "ტყებუჩავამ მართლაც ჩამოიტანა ახალი მინდობილობა, ფიფიებმა მას სუფრა გაუშალეს, სადაც მამუკა ტყებუჩავამ შეიტყო, რომ ამ მინდობილობით ფიფიებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია უნდა აეღოთ. ამის შემდეგ ტყებუჩავა ფიფიებისგან მალულად ისევ ჩავიდა ზარიცკაიასთან და დაარწმუნა, რომ ბესიკ ფიფიას ვალის სანაცვლოდ სახლს ართმევდნენ და ამიტომ საჭირო იყო ახალი მინდობილობის გაცემა ვინმე ზურაბ ოთარაშვილზე. ლუდმილა ზარიცკაიამ ტყებუჩავას დაუჯერა, ძველი მინდობილობა გააუქმა და ახალი მინდობილობა ტყებუჩავას მეგობარ ზურაბ ოთარაშვილის სახელზე გააკეთა. მას შემდეგ, რაც ლუდმილა ზარიცკაიამ ფიფიების სახლის განკარგვის უფლება მინდობილობით ზურაბ ოთარაშვილს გადასცა, ოთარაშვილმა ბინა მამუკა ტყებუჩავას გადაუფორმა. ფიფიებმა ამის შესახებ საჯარო რეესტრში შეიტყვეს და სამართალდამცავებს მიმართეს. თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამ დროს რეზიდენციას უკვე აშენებდნენ. საცხოვრებელი სახლიდან, ფიფიების გარდა, ყველა გაასახლეს".

"დაიწყეს შენობების დანგრევა, ჩემი ბინა შუაში იყო, თან ყოველდღე გვეუბნებოდნენ, სახლი ინგრევა, აქ ცხოვრება საშიშია, შეიძლება ჭერი ჩამოგენგრეთ ან ეზოში ბავშვს აგური დაეცესო. იძულებული გავხდით, სახლი დაგვეცალა", - იხსენებს იზა გვაჯაია. მერია ფიფიებს შეუთანხმდა, რომ თაღლითობის ფაქტზე გამოძიებისა და სასამართლოს დასრულების შემდეგ სახელმწიფოსგან კუთვნილ თანხას მიიღებდნენ. ისანი-სამგორის გამგეობა უბინაოდ დარჩენილებს ბინის ქირას 6 თვის განმავლობაში უხდიდა. ამასობაში მამუკა ტყებუჩავასა და ზურაბ ოთარაშვილის საქმე სასამართლოს გადაეცა, 2007 წლის 30 ივლისს საქალაქო სასამართლომ ორივე ფიფიების სახლის თაღლითურად მითვისებაში დამნაშავედ ცნო და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მამუკა ტყებუჩავა სასამართლოში არ გამოცხადებულა და მასზე ძებნა გამოცხადდა. იმავე წლის 21 დეკემბერს შედგა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც, მამუკა ტყებუჩავამ იზა გვაჯაიას სახლი დაუბრუნა. მორიგების აქტზე ტყებუჩავას ნაცვლად, ხელი მისმა წარმომადგენელმა, ელდარ გოგიამ მოაწერა, ვინაიდან ტყებუჩავა ჯერ კიდევ იძებნებოდა.

კომპენსაციის მისაღებად ფიფიების ბრძოლა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამჯერად სახელმწიფოსთან შეექმნათ პრობლემა. როცა თაღლითმა ტყებუჩავამ გვაჯაიას ქონება ოფიციალურად დაუბრუნა, სახლი მხოლოდ საბუთებშიღა არსებობდა, სახლის ადგილზე კი პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდა. კომპენსაციის მისაღებად ოჯახი ვიცე-მერ მამუკა ახვლედიანს დაუკავშირდა.

"დანგრეული სახლის სანაცვლოდ თანხას ვითხოვდით, რომლის ფართი 260 კვადრატული მეტრი იყო. ახვლედიანმა 595 ათასი დოლარი შემომთავაზა. მითხრა, რეესტრიდან ამონაწერი მომიტანე, ხელშეკრულება გავაფორმოთ და ფულს ხვალვე გადმოგირიცხავო", - იხსენებს ბესიკ ფიფია. იზა გვაჯაიას საბუთის აღება ეჩქარებოდა და ამონაწერის 1 დღეში ასაღებად 15 ლარი გადაიხადა. თუმცა, საჯარო რეესტრმა გვაჯაიას ამონაწერი 5 დღის დაგვიანებით მისცა. გაირკვა, რომ ფიფიების სახლი თაღლითობისთვის მსჯავრდადებული ტყებუჩავას მოთხოვნით დაეყადაღებინათ. საჯარო რეესტრის იურისტმა ამონაწერის დაგვიანებით გაცემა ტექნიკური მიზეზით ახსნა. ეს მეტად საეჭვოა, ვინაიდან გვაჯაიას ამონაწერი 15 ივლისს 11 საათსა და 45 წუთზე მისცეს. სასამართლომ კი მისი სახლი 11 საათსა 21 წუთზე დააყადაღა. საჯარო რეესტრმა ყადაღა გვაჯაიასთვის ამონაწერის მიცემამდე 24 წუთით ადრე დაადო ბინას. ნიშანდობლივია, რომ გვაჯაიას ამონაწერი ერთ დღეში უნდა მიეღო და 5 დღე ალოდინეს, რეესტრმა ყადაღა კი ძებნილი ტყებუჩავას მოთხოვნიდან 25 წუთში დაარეგისტრირა. კანონით, საჯარო რეესტრს ყადაღის დადებისთვის 3-დღიანი ვადა ჰქონდა. ფაქტია, ამონაწერის გაცემა ხელოვნურად დააყოვნეს.

ოჯახმა დაგვიანებით მიღებული ამონაწერი ვეღარ გამოიყენა, დაყადაღებულ ქონებაში მერიამ კომპენსაცია აღარ გადაიხადა. გაირკვა, რომ ძებნილმა ტყებუჩავამ სასამართლოს მიმართა და მორიგების იმ აქტის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც თაღლითურად მითვისებული ქონება 2007 წელს იზა გვაჯაიას დაუბრუნა. სააპელაციო სასამართლომ ძებნილი ტყებუჩავას საჩივარი უჩვეულოდ სწრაფად, 3 დღეში განიხილა და დააკმაყოფილა. ტყებუჩავამ სასამართლოს დახმარებით ის ქონება დაიბრუნა, რისი თაღლითურად მითვისებისთვისაც 2 წელი მიუსაჯეს და იძებნებოდა. ძებნილმა სასამართლოს გადაწყვეტილება რეესტრში წარადგინა და ქონება ისევ თავის სახელზე დაირეგისტრირა. ტყებუჩავამ ფიფიების ქონება 5 სექტემბერს ხელახლა გაიფორმა. 73 კვადრატული მეტრი ფართი (მიუხედავად იმისა, რომ რეალური ფართი 260 კვ.მ იყო, ოფიციალურად რეგისტრირებული მხოლოდ 73 კვ.მ გახლდათ), რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 150 ათას დოლარს შეადგენდა, ტყებუჩავამ იმავე დღეს 5 ათას ლარად მიჰყიდა ყოფილ პოლიციელს, გელა შინჯიკაშვილს, რომელმაც ჩალის ფასად ნაყიდი ქონება 3 დღეში თბილისის მერიას 1.500 ლარად დაუთმო(?!). საბოლოოდ თაღლითების მეშვეობით მერიამ ქონება, რომლის სანაცვლოდაც ფიფიებს 595 ათას დოლარს სთავაზობდა, 1.500 ლარად ჩაიგდო ხელში.

მარიამ ნეფარიძე, ადვოკატი: "ჩემს კლიენტებს სახელმწიფომ ქონება ტყებუჩავას ხელით წაართვა. ვფიქრობთ, რომ სასამართლოდან დაწყებული რეესტრით დამთავრებული, მამუკა ტყებუჩავას არსად მიუმართავს. მისი სახელით სხვა მოქმედებდა და მისი ხელმოწერებიც გაყალბებულია. ხელმოწერების ექსპერტიზა მოვითხოვეთ, მაგრამ პროკურატურამ უარი თქვა. მას შემდეგ, რაც მერიამ ტყებუჩავას დახმარებით ეს ქონება 1.500 ლარად ჩაიგდო ხელში, მას საპროცესო გარიგება გაუფორმეს და თაღლითობისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა