თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან გამოსულ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებს პავლე კუბლაშვილს, ირმა ნადირაშვილს და გოგა ხაჩიძეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
მათ პარლამენტარები შეძახილებითა და სტვენით გააცილეს. კუბლაშვილმა კი, კიდევ ერთხელ დაგმო "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან განხორციელებული ზეწოლისა და თეთრიწყაროს გამგეობის შენობის პიკეტირების ფაქტი.
თეთრიწყაროს გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს ამ დროისთვის უკვე მიეცათ სამუშაო პროცესის განახლების საშუალება, თუმცა "ქართული ოცნების" აქტივისტები კვლავ რჩებიან თეთრიწყაროს გამგეობის შენობასთან. რამდენიმე მათგანი შენობის დერეფანში იმყოფება, თუმცა ისინი სამუშაო პროცესს ხელს არ უშლიან.
მათი თქმით, "ქართული ოცნების" აქტივისტები აქციების გამართვას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. კერძოდ "ქართული ოცნების" თეთრიწყაროს ორგანიზაციის აქტივისტები მოითხოვენ თანამდებობიდან წავიდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე სამუშაო ადგილები დატოვონ თეთრიწყაროს სოფლების ყველა რწმუნებულმა.
თეთრიწყაროს გამგეობის შენობასთან ამ დროისათვის ჯერ კიდევ იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები.