ყვითელი ავტობუსების მძღოლები მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ. 5-დღიანი გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მათ გლდანის მაჟორიტარ ტეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გამართული მოლაპარაკებების შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდნეტი იუწყება, ჯაჭვლიანი მძღოლებს დაპირდა, რომ მათთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად შეისწავლის სახელმწიფო კომისია, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
ჯაჭვლიანმა მძღოლებს სრული თანადგომა გამოუცხადა და დაპირდა, რომ ყველა კანონიერი მოთხოვნა, პრეტენზია შესაბამისად განხილული და გადაწყვეტილი იქნება.
გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულია დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სამი სამგზავრო ავტოპარკის წარმომადგენელი მძღოლები ესწრებოდნენ, ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფკავშირების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.
როგორც შეხვედრის შემდეგ მძღოლები აღნიშნავდნენ, გამოვიდნენ მოქალაქეების ინტერესებიდან და ამ ეტაპზე მათი საკითხის შესწავლის იმედით მუშაობას განაახლებენ.
ამასთან, ძალაში რჩება მძღოლების მოთხოვნა სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ყვითელი ავტობუსების მძღოლები 5 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცული და მათი გაფიცვის მთავარი მიზეზი ანაზღაურებით უკმაყოფილება და ხელმძღვანელობის მხრიდან არასათანადო დამოკიდებულება იყო.