მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

მაია ფანჯიკიძე: "ტრიუმფის განცდა 1-ელ ოქტომბერს მქონდა"

მცხეთაში, საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახში მივდივართ. სახლის მიგნება გაგვიჭირდა. ერთმა ქალმა დაგვაკვალიანა, ამ ქუჩაზე ერთი სახლის აივანზე ბევრ ყვავილს დაინახავთ, სწორედ იქ ცხოვრობს მაია ფანჯიკიძეო. დაძაბული რეჟიმის გამო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა მთელი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა. კვირადღეს ძლივს მოიცალა.

ჭიშკართან გერმანული ნაგაზი რიჩი გვეგებება. მაია ფანჯიკიძის მეუღლე, პაატა თუშურაშვილი იჭერს, თორემ რიჩი, ალბათ, უფრო "თბილად" შეგვეგებებოდა. მისაღებ ოთახშიც უამრავი ყვავილია. დავინტერესდი, რატომ არჩია "ყვავილებიანი სახლის" დიასახლისმა თბილისში ცხოვრებას მცხეთაში დასახლება.

- ამ ადგილას ჩემი მეუღლის ოჯახს ჰქონდა სახლი, რომელიც 1991 წელს დაიწვა და მიტოვებული იყო. ბუნება ძალიან მიყვარს. საქართველოში ჩემი უსაყვარლესი ადგილია რაჭა, სადაც მამაჩემის აშენებული სახლი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ზაფხული არ გამიცდენია, რაჭაში არ ჩავსულიყავი. რადგან ეს ეზო და ნახევრად დანგრეული სახლი გვქონდა, თბილისში ბინის გარემონტებას, ამ სახლის შეკეთება ვარჩიე. ეს ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტეთ, როდესაც ჰოლანდიაში ელჩად ვმუშაობდი და არ არსებობდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ ვადაზე ადრე მომიწევდა აქ დაბრუნება. ისე დაემთხვა, რომ ეს სახლი დამთავრდა და მეც გამათავისუფლეს ელჩობიდან. გაზაფხული იყო, საქართველოში რომ დავბრუნდით და გადავწყვიტეთ, მცხეთაში დავსახლებულიყავით. მით უმეტეს, რომ აქედან სამსახურში იოლად დავდივარ. ეს სახლი შეუყვარდა ყველა მეგობარს, ოჯახის ყველა წევრს. ყველას უხაროდა აქ მოსვლა და ასე მიჰყვა თვეები ერთმანეთს. 2,5 წელია აქ ვცხოვრობთ.

- პირველი სამუშაო კვირა, ალბათ, დაძაბული იყო, რადგან ინტერვიუსთვის ვერ მოიცალეთ.

- უამრავი ხალხი რეკავს და 10 წუთით შეხვედრას მთხოვს. არადა, შეხვედრებს მინიმუმ ნახევარი საათი სჭირდება. ასევე არის მთავრობის სხდომა, კონსულტაციები. ყოველ საღამოს ვამბობ, რომ 24 საათი არ არის საკმარისი.

ძირითადად დასაქმების გამო მთხოვენ შეხვედრას. არ გვინდა, ბევრი ხალხი გამოვცვალოთ, ამდენი ვაკანსია სამინისტროში არ არის. შტატებს ხომ ვერ გავზრდი? იმ მინიმალურ ვაკანსიაზე, რომელიც არსებობს, თანამშრომლებს მივიღებთ კონკურსით, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება და მონაწილეობა შეუძლია ყველას. როდესაც ვინმე მაღალ თანამდებობაზე ინიშნება, რასაკვირველია, ის კონკურსს არ გადის, მაგრამ ყველა სხვა თანამდებობაზე ასეთი წესია. როგორც ყოფილ პედაგოგს, როგორ შეიძლება ასეთი მეთოდი არ მომეწონოს.

- გერმანული ენის სიყვარული და პედაგოგიური საქმიანობა, ალბათ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება იყო.

- ჩემს ბავშვობაში ძალიან ცოტა სწავლობდა გერმანულ ენას. საქართველოში იყო გერმანელი ქალების (მათ ტანტეს, ანუ დეიდას ვეძახდით) კერძო საბავშვო ბაღების კარგი ტრადიცია. ასეთ კერძო ბაღში დავდიოდი, რომელიც მონაცვლეობით ხან ერთ ოჯახში იყო, ხან მეორეში. ერთხანს კოლხურ კოშკშიც მომიწია სიარულმა, რადგან მე და კოკო გამსახურდიას ერთი მასწავლებელი გვყავდა. კარგად მახსოვს ბაბუა კონსტანტინე. მახსოვს საშობაო ნაძვის ხე კოლხურ კოშკში და დიდი მაგიდა უამრავი წიგნით. ამ მაგიდასთან მჯდარი კონსტანტინე გამსახურდია. მან გერმანული შესანიშნავად იცოდა და ჩვენ გვესაუბრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და შემდეგ სწავლა იენის უნივერსიტეტში განვაგრძე. თბილისის და იენის უნივერსიტეტებს ჰქონდათ სტუდენტების გაცვლითი პროგრამა. მამაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამბობდა, 18 წლის გოგო მარტო სად უნდა გავუშვა, აქ იყავი, გათხოვდი და შვილები გააჩინეო. ნამდვილი ქართველი მამა იყო. ბევრი ვეხვეწე, რომ გავეშვი. ბევრს ეგონა, იენაში იმიტომ წავედი, რომ მამაჩემმა ჩამიწყო. სინამდვილეში პირიქით იყო. იენაში რომ წავსულიყავი, მოსკოვში განათლების სამინისტროში მკაცრი გასაუბრება უნდა გამევლო. მამას ვეხვეწებოდი, წავალ გასაუბრებაზე, იქნებ ვერ გავდივარ და გული მაინც აღარ დამწყდება-მეთქი. დამთანხმდა და წამიყვანა მოსკოვში. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. ეტყობა, დაინახა, როგორ მოვემზადე და როგორ ვინერვიულე, რადგან გასაუბრება კარგად გავიარე, უარი ვეღარ მითხრა გერმანიაში გაშვებაზე.

1983 წელს დავბრუნდი გერმანიიდან. 23 წლის ვიყავი და მუშაობა ახალგახსნილ ე.წ. გერმანულ სკოლაში დავიწყე. ამ სკოლის დამაარსებელი ენათმეცნიერი, ჰუმბოლდტის მკვლევარი გურამ რამიშვილი იყო. მალე სკოლა ძალიან პოპულარული გახდა. ჩემი მაშინდელი მოსწავლეები ახლა 37 წლის ქალები და მამაკაცები არიან. დღემდე "მაია მასს" მეძახიან. მათთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. რამდენიმე კვირის წინაც, ჩემს დაბადების დღეზე, დამირეკეს, მოვდივართო, არ აღვნიშნავ-მეთქი და მაინც მოვიდნენ.

- პედაგოგობა ხანგრძლივმა დიპლომატიურმა კარიერამ შეცვალა. ეს შემთხვევით მოხდა?

- ესეც სკოლის წყალობაა. გერმანულ სკოლაში 1983-დან 1994 წლამდე ვასწავლიდი. პარალელურად ვსწავლობდი ასპირანტურაში და დისერტაცია დავიცავი. უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი. სწორედ იმ ნიშნით, რომ კარგი გერმანისტი ვიყავი, კოტე გაბაშვილმა (რომელიც გერმანიაში დაინიშნა ელჩად) შემომთავაზა გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობა. დამოუკიდებელი, ახალი საქართველო ფეხს იდგამდა. სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოები იხსნებოდა. ეს ჩემთვის აბსოლუტურად უცხო რამ და დიდი გამოწვევა იყო. საელჩო არ არსებობდა და ჩვენ "ავაშენეთ". 1994 წელს ბონში წავედით სამუშაოდ, რადგან დედაქალაქი მაშინ იქ იყო. ბონში ჩასულებმა საელჩოსთვის შენობა ვიქირავეთ. არაფერი გვქონდა, არც მანქანა და არც ანგარიში ბანკში. საქართველოს საელჩოში ყველაზე პატარა ფუნქცია მქონდა - საელჩოს მესამე მდივანი ვიყავი. მაშინ ჩვენთან მძიმე მდგომარეობა იყო. იმ საშუალებით, რაც იყო, ძალიან კარგი საელჩო გავაკეთეთ და ვამაყობ, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი.

- თქვენი დიპლომატიური კარიერა როგორც მოულოდნელად დაიწყო, ასევე მოულოდნელად დასრულდა.

- მაშინ ჰოლანდიაში ვიყავი ელჩად. ოპერატიულობის მიზნით სამინისტრო იმეილით გზავნიდა ფოსტას, წერილები კი კვირაში ერთხელ მოდიოდა დიპლომატიური ფოსტით. ერთ დილას მდივანი ბეჭდავდა თბილისიდან მოსულ წერილებს და უცებ ამოიბეჭდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებული ვიყავი თანამდებობიდან და ორ კვირაში გამიწვევდნენ. ბრძანებაში არ ეწერა, რა იყო როტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი და არც ის ეწერა, სად მიშვებდნენ, არც ის, ჩამრიცხავდნენ თუ არა სამინისტროს რეზერვში. ურეზერვოდ არავის ტოვებენ, თუ დანაშაული არა აქვს ჩადენილი და პროკურატურაში არ არის საქმე გადაცემული. არ მახსენდება შემთხვევა, რომ რეზერვშიც კი არ დაეტოვებინოთ დიპლომატი. ჩემი შემთხვევა, როგორც ჩანს, განსაკუთრებული იყო.

- თქვენი "დანაშაული" ის იყო, რომ თქვენი სიძე, ირაკლი ალასანია, ოპოზიციაში წავიდა?

- დიახ, ეს იყო, მაგრამ ამას ოფიციალურ მიზეზად ვერ დაწერდნენ და ვერც იმას დაწერდნენ, რაც არაოფიციალურ მიზეზად დასახელდა, - რომ ვითომდა ყურადღება არ მივაქციე მივლინებაში მყოფ ჩინოვნიკს, რომელიც, თურმე უდანაშაულოდ მოხვდა პოლიციაში.

- ეს მოხდა გრიგოლ ვაშაძის მინისტრობისას. მასზე განაწყენებული ხართ უსამართლოდ გათავისუფლების გამო?

- მისი მინისტრობის დროს 16-წლიანი გამოცდილების დიპლომატი სამინისტროდან ისე დამითხოვეს, არაფრის შანსი არ დამიტოვეს და არც უკითხავთ, სად მივდიოდი. ვიცი, რომ გრიგოლ ვაშაძემ იბრძოლა, რომ ეს არ მომხდარიყო. დამირეკა და ეცადა, აეხსნა ის დინებები, რის გამოც ეს მოხდა; ეცადა, აეხსნა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი ამის აღსაკვეთად. ამ ფაქტიდან ორ კვირაში ჰოლანდიაში იხსნებოდა ქართული ოქროს საგანძურის დიდი გამოფენა, რომელზეც მთელი წელი მქონდა ნამუშევარი. გრიგოლ ვაშაძე ჩამოვიდა გამოფენის გახსნაზე, პარალელურად ოფიციალური ვიზიტიც ჰქონდა. ეს ჯერ კიდევ ჩემს პოსტზე ყოფნისას მოხდა. მაშინ მე და გრიგოლ ვაშაძემ ბევრი ვილაპარაკეთ და ეს საკითხი ამოვწურეთ. მე მქონდა საშუალება, მეთქვა, რასაც ვფიქრობდი. გრიგოლს 20 წელია ვიცნობ. ჩვენს მშობლებს ჰქონდათ ურთიერთობა და ასეთი რამეები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამის მერე სამი წელი კონტაქტი არ გვქონია, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არ მქონია მასთან შეხვედრის პრობლემა.

ელჩის უფლებამოსილება 2010 წლის 15 მარტს შემიწყდა. დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლა წყალგამყოფი იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მქონდა პოლიტიკური ბრძოლის რესურსი, რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი იმით, რაც მოხდა. გადავწყვიტე, რაიმე ნეიტრალური გამეკეთებინა და სკოლას დავუბრუნდი. მცხეთის სკოლაში დავიწყე მუშაობა უხელფასოდ, მაგრამ ხელფასი ხომ მჭირდებოდა? პარალელურად ორ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. ასევე ვიყავი უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ეს იყო ჩემთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. ამით ვცხოვრობდი, 2012 წელს კი "ქართული ოცნების" პრესსპიკერი გავხდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა