მიხეილ სააკაშვილი - "მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი"

მიხეილ სააკაშვილი - "მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი"

საქართველოში არც ერთი მნიშვნელოვანი ძალა არ გაბედავს, ღიად გაუწიოს ოპონირება ნატო-სა და ევროკავშირს, რადგან ქართველი ამომრჩევლები ჩვენი ევროატლანტიკური კურსის შეცვლას არ დაეთანხმებიან , - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ნატო და ევროკავშირი არის ის ძირითადი არსი, რომელსაც საქართველო ტრანსფორმაციულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უწოდებს და სხვა ექვივალენტს მსოფლიოში ის ვერ ხედავს.

"თავიდანვე, 90-იანი წლების ბნელეთიდანვე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი და კორუფცია მძვინვარებდა, ჩვენს დედაქალაქს არ ჰქონდა ელექტროენერგია და ჩვენი ერთადერთი, ნამდვილი ინსტიტუტი იყო ორგანიზებული დანაშაული. ჩემი პოლიტიკაში ჩართვა მოტივირებული იყო მარტივი იდეით - საქართველოს შეუძლია და უნდა შეუერთდეს დასავლურ დემოკრატიებს, საქართველოს შეუძლია და ერთ დღესაც უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი. ამ იდეას მაშინ ბევრი ილუზიას უწოდებდა, მაგრამ 90-იანი წლების სიბნელის შემდეგ ჩვენ გრძელი გზა განვვლეთ. ის, რაც არარეალური იყო 20 წლის ან თუნდაც 10 წლის წინათ, დღეს უკვე საკმაოდ ახლოსაა. ამ წლების განმავლობაში ჩემი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება - სწორი თუ არასწორი, კარგი თუ ცუდი, განპირობებული იყო ქართველი ხალხის უკომპრომისო ამბიციით - დაემკვიდრებინა ადგილი, რომელსაც ის ეკუთვნის - დასავლეთს.

ამანვე განაპირობა სასამართლო რეფორმა, რომლის ინიცირებაც მე ვცადე შევარდნაძის პრეზიდენტობისას მინისტრის რანგში. სწორედ ეს გაუძღვა წინ "ვარდების რევოლუციას" და ამანვე განაპირობა ყველა ის ცვლილება, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა 2004 წლის შემდეგ. პოსტსაბჭოთა მსოფლიოში რეფორმატორი ლიდერები თავს ისე გრძნობენ, როგორც მეზღვაურები აღელვებულ ზღვაში. როდესაც ამ აღელვებულ წყლებში გზის გაკვალვას ვცდილობდით, ჩვენთვის, ჩვენი გუნდის იდეალისტი ყველა წევრისთვის გზამკვლევი ვარსკვლავი ნატოსა და ევროკავშირის წევრობა იყო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ნატო არც პარტიული საკითხია და არც მარტივი საგარეო პოლიტიკური მიზანი.

"დღეს, იმ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რომელმაც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა, რეფორმატორების გუნდს დააკარგინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი, მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პოზიცია - ნატო-სთან დაკავშირებული ამბიციების განსახორციელებლად ჩემი ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნატო-სკენ სწრაფვა ჩვენი იდენტურობისა და იმ ახალი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევქმენით. ეს ჩვენი დემოკრატიის ამოსავალი წერტილი და იმ ღირებულებების ქვაკუთხედია, რომლებზეც ჩვენი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაშენეთ.

ჩვენი ტრანსატლანტიკურ ალიასში გაწევრიანების მხარდაჭერა პოლიტიკურ, რელიგიურ და სოციალურ გამყოფ ხაზებზე ბევრად მაღლა დგას. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს ბზარი იმ საკითხთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩვენი მომავალი დასავლეთსა და ალიანსის რიგებში. ჩვენი საზოგადოების ორგანიზებულ და ძლიერ ნაწილში არავინ არის ისეთი, ვინც ნატოში ინტეგრაციას ღიად უპირისპირდება. არ არსებობს ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც საჯაროდ ემხრობა ჩვენი ევრო ატლანტიკური კურსის შემობრუნებას.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქართველებს, ეს გზა გენში გვაქვს. ის განმარტავს არა მხოლოდ იმას, თუ რა გვინდა ჩვენ, არამედ იმასაც, თუ ვინ ვართ ჩვენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა