შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას დღეს ბრალი წამების მუხლითაც წაუყენეს. შესაბამისი მასალები მთავარი პროკურატურიდან მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ გამოიტანა.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა, იცის, რომ საქმეში გაჩნდა ახალი ეპიზოდი, რომელიც ისევ თავდაცვის სამინისტროს ეხება.
ახალი ეპიზოდის მიხედვით, ახალაიას ბრალი 143-ე და 144-ე პრიმა მუხლებით წაუყენეს. 143-ე მუხლი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო 144-ე პრიმა მუხლი წამებას გულისხმობს. დეკანოიძის თქმით, უფრო ვრცელ კომენტარს ის ჟურნალისტებისთვის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ გააკეთებს.