თბილისის ბაღებიდან 140 მოწამლული ბავშვი ინფექციურში სისხლდენით მიიყვანეს

თბილისის ბაღებიდან 140 მოწამლული ბავშვი ინფექციურში სისხლდენით მიიყვანეს

თავიდან ამ ინფორმაციის მოპოვება იმდენად იყო გართულებული, სანამ "ალია" უშუალოდ კლინიკის დირექტორს არ გაესაუბრა და მან არ დაგვიდასტურა ეს მართლაც სკანდალური ამბავი, მანამდე ვისთვის მიგვემართა, არ ვიცოდით.

საქმე კი შემდეგშია. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც საბურთალოზე, ხილიანის ქუჩაზე მდებარეობს, ერთ დღეში 140 ბავშვი მიიყვანეს ძლიერი მოწამვლით. ამ მოწამვლებს თან ახლდა სისხლიანი გამონადენი და გონების სპონტანური დაკარგვები. შემდგომ დღეებში მოწამლულ ბავშვთა რიცხვი 300-მდე ავიდა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბავშვების შემოდინება არ დასრულებულა, სადამდე ავა ეს ციფრი, არავინ იცის.

თითქმის ყველა ბავშვი 6 წლამდეა და ისინი საბავშვო ბაღების კონტინგენტი გახლავთ. ისინი ხილიანზე მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში თბილისის თერთმეტი ბაღიდან მოიყვანეს. რამ გამოიწვია საბავშვო ბაღების ბავშვების მასიური დაწამვლა და რატომ არ გაჟღერებულა ეს ფაქტი აქამდე? მართალია, "ალიას" ექსკლუზივებზე აქვს პრეტენზია, მაგრამ 140 ბავშვი ერთდროულად სისხლდენით რომ მოხვდება ბაღიდან პირდაპირ კლინიკაში, როგორ შეიძლება ეს მხოლოდ ახლა გახდეს ცნობილი და ისიც ჩვენი საშუალებით. სად არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი? სად არის მერიის ჯანდაცვის სამსახური? სანამ "ალია" ინფექციურ კლინიკას დაუკავშირდებოდა, მანამ მერიის ჯანდაცვის სამსახურში გადავრეკეთ და იქ ნონამ (გვარი ვერ გავიგეთ და ამიტომ აღარც ჩავკითხებივართ), გვითხრა, რომ მსგავს რამეს, კერძოდ, საბავშვო ბაღებში ბავშვების მასიურ დაწამვლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, ინფორმაციის გადასამოწმებლად იქაც გადავრეკეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხსენებული უწყება რესტრუქტურიზაციის ფაზაშია და პასუხს ვერავინ გამცემდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ვა-ბანკზე წავსულიყავით და კლინიკის დირექტორს დავკავშირებოდით, როგორც მადლიერი მშობელი. სხვანაირად, ამ ინფორმაციის ამოღება უბრალოდ შეუძლებელი იყო. თანაც, არც ტყუილი გამოგვივიდოდა, ვინაიდან ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, სწორედ ხარაშვილზე გვითხრა, მოწამლული ბავშვები მაგან გადაარჩინაო.

ვიტალი ხარაშვილი, პროფესორი, ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორი:

- ბატონო ვიტალი, ვიცით, რომ ბავშვები მასიური მოწამვლით თქვენთან მოხვდნენ. სიმპტომები ყველას ერთნაირი ჰქონდა?

- დიახ, მასიური მოდინება იყო. სიმპტომებს რაც შეეხება - ეს არის სიცხე, ღებინება და სისხლიანი განავალი. დიდი აფეთქება იყო.

- ამბობენ, რომ მოწამლულ ბავშვებს ხანგრძლივი მკურნალობა მოუწიათ. რამდენ ხანს იწვნენ თქვენთან?

- ერთი კვირა.

- და რა იყო დიაგნოზი, რისგან მოიწამლნენ?

- თუ ზუსტად იქნა დასმული დიაგნოზი, ამ შემთხვევაში კი დიაგნოზი ზუსტად იქნა დასმული - ეს იყო კოლის მიკრობი და დიზენტერია. ბავშვებს დასჭირდათ ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკებით მკურნალობა კი შედეგს ყოველთვის იძლევა, თვით ბისეპტოლითაც კი. მაგრამ, ამ შემთხვევაში მარტო დიზენტერია არ იყო, იყო კიდევ კოლის მიკრობი. ეს უფრო რთულად და მძიმედ გადააქვთ ბავშვებს.

- რამდენი ბავშვი მოხვდა თქვენს კლინიკაში?

- ასეთი სტატისტიკა ზუსტად არ ვიცი. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემ გარდა არის კიდევ ორი განყოფილება. დაახლოებით 140 ბავშვია ახლა. ისე 300-მდე იყო სულ. იქ 150 ბავშვი იყო "გენომოურემიჩესკი სინდრომით". ეს დღეს ძალზედ იშვიათად ხდება, მაგრამ არის კიდევ. ახლა ვინც გაეწერა, იმათი მშობლები უნდა გაფრთხილდნენ - უნდა დაიცვან პირველ რიგში ჰიგიენა.

- რისგან მოიწამლნენ?

- არ ვიცი... აბა, მე რა ვიცი. რამდენიმე მშობელმა ისიც თქვა, რომ ბაღში არის ჭუჭყიანი ტუალეტი.

- ბატონო ვიტალი, რა შუაშია აქ ტუალეტი. 140 ბავშვი ერთდროულად შევიდა ტუალეტში და მერე თქვენთან მოხვდა?

- ეს დაავადება მოდის სიბინძურისგან. სხვა არაფერი ვიცი. ახლა მოხდა ამის აფეთქება.

- ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები თბილისის ყველა ბაღიდან მოხვდნენ თქვენთან...

- ალბათ. ბევრნი იყვნენ. ნუ, ხდება ასეთი აფეთქება და ახლა მოხდა. იწვნენ საავადმყოფოში ერთი კვირა, დასჭირდათ მკურნალობა, ახლა კარგად არიან. კანონით ეს უნდა იყოს აღრიცხული სანეპიდსადგურში.

- აღარ არსებობს დღეს სანეპიდსადგური.

- არ ვიცი, გენაცვალე. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. მომიყვანეს - ვუმკურნალე. სხვა რამის გაგება მე არ მევალება.

მოგვიანებით "ალიამ" ისიც გაარკვია, რომ მასიური დაწამვლა უკავშირდება გაფუჭებული ხორცის ფარშს, რომლითაც მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია საბავშვო ბაღებს ამარაგებს. ფარში ჩინეთიდან იყო ჩამოტანილი, ხოლო კომპანიისა და ბაღების სურსათით მომარაგების დოკუმენტაციას "ალიას" ამ დღეებში მოაწოდებენ და ალბათ, მაშინ აეხდება ფარდა ბავშვების მასიური დაწამვლის ნამდვილ მიზეზს.

თამარ როსტიაშვილი

გაზეთი "ალია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"