მართლაც დრონი მეფობენ - ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრის სტატუსის მიღებას ცდილობს, ვანო მერაბიშვილი სამართალდამცველებს კაგებეშნიკურ მეთოდებში ადანაშაულებს, ლევან ბეჟაშვილი კი, რომლის თავმჯდომარეობისას კონტროლის პალატა სატელიტურ ანტენებზე სოფელ-სოფელ ნადირობდა, თავისუფალ ტელევიზიაზე ზეწოლაზე ლაპარაკობს. სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლა დაპატიმრებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო, - ბრალის წაყენება დინჯად, იურიდიული პროცედურების დაცვით მიმდინარეობს და აყვანიდან ერთ საათში ბრალდებულის აღიარებით ტელეჩვენებებს აღარ ვისმენთ. მოკლედ, ასეა თუ ისე, ბაჩო ახალაიას დაკავება საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმ პროცესის დასაწყისად აღიქვა, რომლის დროსაც უნდა გაიხსნას გახმაურებული დანაშაულები და ყოფილმა მაღალჩინოსნებმა "კარგი საქმეებისთვის" პასუხი აგონ. თუმცა, კამათსა და ეჭვს ის იწვევს, თუ რატომ დაბრუნდა ახალაია საქართველოში და რატომ მივიდა თავისი ფეხით პროკურატურაში. ამ თემებზე ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრებით, რომლის აზრით, "ნაციონალებმა" პოლიტიკურად შევიწროებული პარტიის როლის თამაში არჩევნების მეორე დღესვე დაიწყეს.
- "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად ცდილობს ახალაიასგან პოლიტპატიმრის შექმნას. ჩემი აზრით, ყოფილმა ხელისუფლებამ გამოიყენა ის ფაქტორი, რომ ბაჩო ახალაია შესაძლოა, არ ყოფილიყო საზღვარგარეთ დაცული. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითქოს მთლიანად "ნაცმოძრაობა" იდევნება. ალბათ, სხვა პირებთანაც ჰქონდათ ამ საკითხზე კონტაქტი, მაგრამ საბოლოოდ ახალაიას ჩამოყვანა გადაწყვიტეს, რადგან საზღვარგარეთ სწორედ მისი სიცოცხლე იყო რისკის ქვეშ. როგორც კი "ნაცმოძრაობამ" არჩევნებში დამარცხება აღიარა, დაიწყო მითის შექმნა, თითქოს პოლიტიკურად ავიწროებენ. "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, თუნდაც საპარლამენტო დებატებისას, არაკორექტული და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევიან. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ მათი სამართლებრივი დევნა დაიწყო, თქვან, ამის მიზეზი ჩვენი განცხადებებია, რადგან ივანიშვილი თუ წულუკიანი გავაღიზიანეთო.
სურთ, ისე გამოიყვანონ, თითქოს თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის კი არ დევნიან, არამედ, მაგალითად, იმის გამო, რომ გოგა ხაჩიძემ ივანიშვილს მესამე ანეკდოტის მოყოლა მოსთხოვა.
სხვათა შორის, მინდა გავიხსენო დავით ბაქრაძის განცხადება, ყოველი მიმართულებით ველოდებით პრობლემების შექმნასო. გავიხსენოთ ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, - ტარიფები არ შემცირებულა, მოსახლეობაც ძველებურად იხდიდა დენის გადასახადს, მაგრამ რატომღაც ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება დაიწყო. იგივე ითქმის წყალმომარაგებაზეც; დევნილებმა ფართებში შეჭრა დაიწყეს; დაიწყო გაფიცვები; პენიტენციარულ დაწესებულებებში პატიმრების პროტესტიც ვიხილეთ. მოკლედ, "ნაცმოძრაობას" სურს შექმნას კერები, რომლებითაც, ერთი მხრივ, შეასუსტებს ივანიშვილის ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს. მათი ერთ-ერთი მიზანი კი ახალი მთავრობისთვის უსუსურის იმიჯის შექმნაა. ყოფილ ხელისუფლებას აქვს ბერკეტები. ბერკეტები ჰქონდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ და ამ მეთოდებით ცდილობდნენ ყველა სფეროში პრობლემების შექმნას. დღეს იმავე სქემით აპირებენ ივანიშვილის ხელისუფლების შერყევას.
- როდესაც ვანო მერაბიშვილი კაგებეშნიკურ მეთოდებზე ლაპარაკობს, ნუგზარ წიკლაური კი ახალაიას "საზოგადო მოღვაწეს" უწოდებს, ეს ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილში სულ სხვა რეაქციას იწვევს.
- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს კომიკური კი არის, მაგრამ მათ გათვლა უცხოეთზე აქვთ. დღეს "ნაცმოძრაობის" ელიტაში ცოტაა ისეთი ფიგურა, რომელთანაც გამოძიებას კითხვები არ ექნება. სწორედ იმიტომ დაიწყეს ეს კამპანია, რომ თუ რომელიმეს დაიბარებენ დაკითხვაზე, მაშინვე განაცხადონ, ყველას გვებრძვიანო.
- ხომ შეიძლება, ახალაიამ თანაგუნდელებზე ჩვენებების მიცემა დაიწყოს? ბოლოს და ბოლოს, ციხეშია და არა კურორტზე.
- ალბათ, ყველაფერი გათვლილი აქვთ. ადრე ოღონდ არ მოხვედრილიყვნენ ციხეში, სადაც საშინელება ტრიალებდა, ყველაფერზე თანახმა იყვნენ, - იქნებოდა ქონებაზე უარის თქმა თუ საპროცესო შეთანხმების იმედად აღიარებითი ჩვენებების მიცემა. კარგად იცოდნენ, რომ ციხიდან ჯანმრთელი მხოლოდ პატიმრების 20% თუ გამოდიოდა. ახალაია კი ციხეში კარგ პირობებში იქნება და ამისთვის ყოფილი ხელისუფლება ყველა რესურსს გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალებმა" ბევრი ბერკეტი შეინარჩუნეს, დაწყებული უზარმაზარი ფინანსური რესურსებით, დამთავრებული უცხოელი ლობისტებით, რომლებიც ჯერ კიდევ მათთვის მუშაობენ. მოკლედ, ახალაია ციხეში კარგ პირობებში იქნება, შემდეგ კი შეეცდებიან, უშველონ.
- "შველაში" რას გულისხმობთ, პრეზიდენტი შეიწყალებს?
- შესაძლებელია. კანონით მსჯავრდადებულს უფლება აქვს, სთხოვოს პრეზიდენტს შეწყალება, როდესაც მოიხდის სასჯელის ნახევარზე მეტს. თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს შეწყალების უფლებას. როდის დგება ეს "განსაკუთრებული შემთხვევა", თავად პრეზიდენტი გადაწყვეტს. მანამდე კი, ალბათ,
ყოველდღიურად ივლიან ახალაიასთან მონიტორინგის მიზნით, გასამხნევებლად, რომ მართლაც არ დაიწყოს ჩვენებების მიცემა.
- ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თუ ახალაიამ მაინც დაიწყო ჩვენებების მიცემა, მას საფრთხე უპირველესად თანაგუნდელებისგან დაემუქრება.
- ამაზე უკვე პასუხისმგებელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იქნება. ამ უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალაიას პენიტენციარულ სისტემაში საფრთხე არ დაემუქროს. არადა, ამის მსურველი მართლაც ბევრი იქნება. თუ რამე მოხდა, შესაძლოა, ეს ახალი ხელისუფლებისთვის პროვოკაციის მოწყობის მიზნით გამოიყენონ. დარწმუნებული ვარ, ეს ერთი გეგმის ნაწილია და ახალაია საქართველოში თავისი გუნდის ლიდერებთან შეუთანხმებლად არ ჩამოვიდოდა. პროკურატურა ახალაიას არ ეძებდა. მეტიც, მოხდა გამოძიების პროვოცირება, რომ ახალაიასთვის კითხვები დაესვათ. სხვათა შორის, გარდამავალ პერიოდში ყოფილმა ხელისუფლებამ გაანადგურა არქივები, სერვერები თუ ვიდეოთვალების ჩანაწერები - ყველაფერი, რაც მტკიცებულებად გამოდგებოდა. საქართველოდან წასული არიან ის პირები, რომლებიც ახალაიას საქმესთან არიან დაკავშირებული.