გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"

გიორგი მარგველაშვილი: "სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ"

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღდგეს ქართული მეცნიერება. ჩვენისთანა პატარა ერს, გლობალიზაციისა და ერთა შორის კონკურენციის პროცესში, ფონს გასვლა მხოლოდ მეცნიერებითა და კულტურით შეუძლია. სხვაგვარად ჩვენი არსებობა მსოფლიოს რუკაზე წარმოუდგენელია.

საჭიროა, განათლების სისტემამ ინვესტიცია მეცნიერებაში ჩადოს, რადგან შესაძლოა, მალე მომავალ თაობას მთელი რიგი მეცნიერებები ვეღარ შევასწავლოთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სათანადოდ მომზადებული პროფესორ-მასწავლებლები აღარ გვეყოლება. დღეს განათლების სამინისტრო დილემის წინაშე დგას: მოვამზადოთ ბაზრისთვის შესაბამისი სტუდენტი თუ უმთავრესი გავხადოთ ის სფერო, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება? ამ ნაწილში ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა გვაქვს გაკეთებული. აუცილებელია, საქართველომ თავისი პროფესურა გაზარდოს, ეს კი მეცნიერების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია. გია დვალმა ჩამოაყალიბა კომისია, რომელიც უშუალოდ მუშაობს იმაზე, თუ როგორ დაფინანსდეს მეცნიერება, როგორ გადავიდეს ეს ყველაფერი სწავლების პროცესში. საბჭოთა კავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, განათლება მიეცა მოსახლეობის ძალიან დიდი სეგმენტისთვის და იქ თავისთავად ჩნდებოდნენ ვარსკვლავები. როდესაც ამხელა რესურსი არა გაქვს, უფრო კონცეპტუალურად უნდა იმუშაო, განსაკუთრებით ნიჭიერ ადამიანებს მაინც რომ შეუქმნა სამუშაო პირობები.

ამიტომ დავაფინანსებთ ათს და მათში სამი, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანი აუცილებლად იქნება.

საინტერესო პროექტი აქვს წინა ხელისუფლებას: ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ვცდილობთ, ეს პროექტი მაქსიმალურად დავხვეწოთ.

- ბატონო გიორგი, წლებია, საზოგადოების დიდი ნაწილი მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარ-ჩვევების შემოღებას აპროტესტებს...

- ზოგადი უნარ-ჩვევები ცუდი არ არის, უბრალოდ, სკოლაში ცალკე საგნად არ ისწავლება და აბიტურიენტების დიდი ნაწილი რეპეტიტორებთან მეცადინეობს. თუმცა, უნარ-ჩვევების კომპონენტებს ყველა სხვა საგანი შეიცავს და მათი სხვა კონტექსტში გააზრება და გაანალიზებაა უნარ-ჩვევები, რაც ერთგვარი შემოქმედებითი პროცესიცაა.

- სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური ხომ არ შემცირდება?

- დაფინანსება, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტისთვის გაწეული დახმარება, ამასთანავე, დახმარება იმ დარგისა, რომლის განვითარებაც ქვეყნისთვის უმთავრესია. პირიქით, სწავლის გადასახადის გაძვირებას ვაპირებთ. განათლებაში მეტ ფულს უნდა ვიხდიდეთ, შესაბამისი ცოდნა რომ შევიძინოთ, მაგრამ ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ბანკიდან სესხის სახით თუ ოჯახიდან, ეს სხვა თემაა. სწავლის საფასურის გაიაფებით თავის მოტყუების მეტს ვერაფერს მივიღებთ. ასე განათლების ხარისხი კიდევ უფრო დაეცემა და შესაძლოა, ბოლოს უფასოდ დავიწყოთ დიპლომების დარიგება.

- სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიურობაზე რას იტყვით?

- ეს გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოსგან ავტონომიურობას, არამედ თვითონ, აკადემიურ თავისუფლებას უნივერსიტეტში, რომ პროფესორი იყოს თავისუფალი. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რექტორი შეზღუდავს თუ განათლების სამინისტრო? მეცნიერთა თავისუფლებამდე უნდა მივიდეთ და ბევრი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი. ჩვენი ამოცანაა, უნივერსიტეტის შიგნით თავისუფალი გარემო შეიქმნას.

- სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხულ სტუდენტებს რა ბედი ეწევათ?

- ჯერ არ ვიცი. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ხელმოკლე ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლა სახელმწიფოს ხარჯზე დაასრულონ, მაგრამ აქაც სიფრთხილის გამოჩნაა საჭირო, მარტო დიპლომის აღებას ვერავის დავუფინანსებთ. აკრედიტაციის სამსახურის გაძლიერებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

- წინა ხელისუფლებამ ინგლისური ენის შესწავლა პირველ ადგილზე დააყენა...

- ეს სწორი ტენდენციაა, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. ნებისმიერ ადამიანს, მით უფრო თუ ის მეცნიერულ მოღვაწეობას შეუდგება, ინგლისური აუცილებლად სჭირდება...

- ინგლისური ენა პირველი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს? ამით ქართულ ენას ხომ არ ვამცრობთ?

- რატომ უნდა დაჩაგროს ინგლისურმა ქართული ენა? თუ 6 წლის ბავშვმა ქართული არ იცის, მას სხვაგვარი სკოლა სჭირდება. ბავშვები ინგლისურს როგორც მეორე ენას, ისე სწავლობენ.

- პირველ კლასში წერა-კითხვის კომპიუტერით შესწავლა მისაღებია?

- ამას დადებითი მხარეც აქცს და უარყოფითიც... იყო დრო, როდესაც ადამიანები განათლებას წიგნის გარეშე იღებდნენ. ჩვენი კულტურა, პოეზია, მეცნიერება მანამდეც ვითარდებოდა, ვიდრე წიგნი ყოფით ცხოვრებაში შემოვიდოდა. პითაგორას სკოლაში საერთოდ არაფერი იწერებოდა, ფილოსოფიის ფუძემდებელი სოკრატე არაფერს წერდა, არც ჰომეროსს დაუწერია "ილიადა" და "ოდისეა", ხალხმა ზეპირად იცოდა... სწორი განათლება სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ფორმით ვითარდებოდა. წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება, ალბათ, გამართლებული არ არის, მაგრამ ეს ის რეალური სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ.

- ისიც რეალობაა, რომ საქართველო წიგნიერების თვალსაზრისით ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა...

- ეს წიგნთან ან კომპიუტერთან არ არის დაკავშირებული. ეს განათლების სისტემის პრობლემაა და უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება.

- სკოლაში მანდატურების არსებობა რამდენად აუცილებელია?

- მანდატურები სკოლაში რჩებიან, ისინი აღარ არიან პოლიციური ფუნქციის მატარებლები. აღარ ევალებათ შიდაგანაწესის დაცვა, მასწავლებლისა და დირექტორის კონტროლი. ჩვენ ბავშვებს აღსაზრდელად მანდატურთან კი არ ვუშვებთ, არამედ მასწავლებელთან. მანდატურებს მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოების დაცვა ევალებათ.

- სასკოლო სახელმძღვანელოების პრობლემას როგორ მოაგვარებთ?

- რაზეც თამამად და გაბედულად ვიმუშავებთ, წიგნებზე ფასების დაწევაა. ვფიქრობთ, რომ წიგნი გამოვიყენოთ რამდენიმე წლის განმავლობაში და ის ყოველ წელიწადს აღარ შეიცვალოს. სექტემბრის მოახლოება მრავალი ოჯახისთვის დღეს კატასტროფის ტოლფასია, მით უფრო, თუ ღვთის წყალობით, ოჯახში რამდენიმე ბავშვია.

- დირექტორის არჩევის სისტემაში ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ვცდილობთ, გავიაზროთ ახალი სისტემა, რომლის თაობაზეც საზოგადოებას ახლო მომავალში მოვახსენებთ. სამეურვეო საბჭოების შექმნა საკმაოდ დემოკრატიული ნაბიჯი იყო, ორიენტაცია სწორი იყო, მაგრამ მენეჯმენტის თვალსაზრისით - გაუმართლებელი და ამიტომაც არ მუშაობდა.

- წინასაარჩევნო პერიოდში მკვეთრად პოლიტიზებული სკოლა ვიხილეთ. მასწავლებლის ავტორიტეტი საზოგადოების თვალში ძალიან დაეცა...

- ეს "ნაციონალური მოძრაობის" დიდი დანაშაულია. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს უზარმაზარი სისტემა მათი პოლიტიკური რესურსი ყოფილიყო და ვერ მიხვდნენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში იმ ხალხის გამოყენება, რომელიც ახალ თაობას ზრდის, ქვეყნის მომავლის ეჭვის ქვეშ დაყენების ტოლფასია. განათლების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ შერიგების პოლიტიკა გამოაცხადა, რადგან ამ სისტემაში მომუშავენი პატივსაცემი ადამიანები არიან. იმის გარანტია, რომ მასწავლებელი პოლიტიზებული არ იქნება, წარმოუდგენელია, რადგან მათ ყველაფერს ვერ ავუკრძალავთ. ეს თავისთავად უნდობლობას გულისხმობს და კარგს არაფერს მოგვიტანს...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"