პრობლემებმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის კუთხით წლების განმავლობაში დაგროვდა, არაერთი პატიმრის სიცოცხლე შეიწირა. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა - როგორც ექიმების გულგრილობა და ციხის ადმინისტრაციის პირდაპირი მითითება, ასევე ის, რომ ე.წ. ევროსტანდარტების დონის საპყრობილეებში არ არსებობს ამბულატორიული მომსახურება, სამედიცინო ინფრასტრუქტურა და საკმარისი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი. ეს ეხება როგორც საპყრობილეებს, ასევე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება მათი შესწავლით დაიწყო და განაცხადა, რომ დარღვევების აღმოსაფხვრელად, 12-14 თვე დასჭირდება.
- თქვენი განცხადებით, ციხის ჯანდაცვის სტანდარტები სამოქალაქო ჯანდაცვის სტანდარტებს გაუთანაბრდება. როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
- დავიწყოთ იმით, რომ სულ რამდენიმე დღე გავიდა, რაც საქმიანობას შევუდექით. როდესაც სასჯელაღსრულებითი სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან, ნათია ლანდიასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, მივხვდით, რომ იმაზე მეტი პრობლემა დაგვხვდა, ვიდრე გარედან ჩანდა.
- კონკრეტულად რა სახის პრობლემებთან მოგიწიათ შეჯახებამ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია: სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი; მათი კვალიფიციურობა, სასჯელაღსრულების სამედიცინო სისტემის მწირი დაფინანსება: როგორც ჩანს, 7 მილიონამდე ლარი სერვისების შესაქმნელად საკმარისი არ იყო. ალბათ ამ მიზეზით უნდა ავხსნათ ისიც, რომ ინფრასტრუქტურა სასჯელაღსრულების ბევრ დაწესებულებაში სტანდარტს არ შეესაბამება. პრობლემები დაგვხვდა სისტემების მართვის კუთხით: ეს ეხება დაგვიანებულ რეფერალს - პირველადი ჯანდაცვის გუნდსა და სპეციალიზებულ დაწესებულებებს შორის, ანუ სანამ ციხის ექიმები პაციენტ პატიმარს სამოქალაქო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, უკვე გვიანი იყო. შესაძლოა, გასულ წლებში ციხეებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიც ამას დავუკავშიროთ. როდესაც ვთქვით, რომ სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის სტანდარტი სამოქალაქოს უნდა გაუთანაბრდეს, ვიგულისხმეთ, რომ პატიმრებს სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, ისევე უნდა მოემსახურონ, როგორც ჩვეულებრივ პაციენტს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე გეგმაში გვაქვს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის შრომის ანაზღაურების გაზრდა, რათა მუშაობის მოტივაცია ჰქონდეთ.
- რამდენი იყო მათი საშუალო ხელფასი?
- 650 ლარამდე, რაც მათი მუშაობის პირობებისთვის ძალიან დაბალია, რადგან პაციენტ პატიმრებთან მომუშავე ექიმების პირადი უსაფრთხოება რისკის შემცველია. მათი წარსულიდან გამომდინარე, ბევრ პატიმართან ურთიერთობა ძალზე საშიშია. ეს ადამიანები ხშირად თვითდაზიანებას მიმართავენ და ასევე საფრთხეს უქმნიან პერსონალის პირად უსაფრთხოებას... კიდევ ერთი და მთავარი საკითხი: სისტემა საზოგადოებისთვის არ უნდა ჩაიკეტოს და ამიტომ გადავწყვიტეთ, პარტნიორულ მოდელზე გადავიდეთ. უნდა ჩამოვაყალიბოთ სამედიცინო მომსახურების ის მიმართულელები, რომლებიც პაციენტ პატიმრებს სასჯელაღსრულების სისტემაში შეიძლება გაეწიოს, დანარჩენი კი სამოქალაქო დაწესებულებაში უნდა გადავიტანოთ.
ამიტომ დავასახელე 12-14 თვე სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მესმის, საზოგადოება ცვლილებებს რაც შეიძლება სწრაფად ითხოვს, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მოგვარება ნულიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ მიერ დასახელებული პერიოდის განმავლობაში უნდა მოესწროს რეფერალის სქემის შემუშავებაც, რათა პირველადი ჯანდაცვის რგოლმა და სპეციალიზებულმა დაწესებულებებმა შეთანხმებულად იმუშაონ, თუ რა შემთხვევაში მოუწევთ პატიმრების სამოქალაქო დაწესებულებაში გადაყვანა და რა სახის დახმარების მიღება დასჭირდებათ. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალთან ინტენსიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. უამრავი საქმეა გასაკეთებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც - ვგულისხმობ ამბულატორიულ პუნქტებს, რომლებიც ციხეებში თითქმის აღარ არსებობს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ზუგდიდისა და ბათუმის საპყრობილეებში - იქ ამბულატორიული მომსახურება საერთოდ არ არსებობს. ამიტომ საჭიროა, სასწრაფოდ ჩამოვაყალიბოთ სამედიცინო გუნდი. ძალიან მალე უნდა შევქმნათ სამედიცინო გარემო, რათა ექიმებს დახმარების აღმოჩენა ეზოში ან ნახევრად ცარიელ ოთახში არ უხდებოდეთ.
- სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მხრიდან პატიმრები აგრესიულ ქმედებებზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდნენ. ხომ არ აპირებთ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც იმ ადამიანების მუშაობას შეისწავლის?
- დამნაშავე ექიმების საქმიანობის შესასწავლად ცალკე კომისიის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ მომავალში დავაკვირდებით მათ საქმიანობას და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ, შეინარჩუნებენ თუ არა სამსახურს. გეგმაში გვაქვს ასევე საკადრო ცვლილებები - ადამიანური რესურსი გადახალისდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთიანად ყველა შეიცვლება. განვიხილავთ ყველა პატიმრის საჩივარს, რომელიც სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან არის დაკავშირებული და დასკვნაც ამის მიხედვით გაკეთდება. თუ ადამიანი წლების განმავლობაში პატიმრების მიმართ აგრესიული იყო, არა მგონია, რამდენიმე დღეში ან კვირაში შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში, მას სამსახურის დატოვება მოუწევს. ამასთან, დაწყებულია წინა ხელმძღვანელობის დროს პაციენტი პატიმრების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვა და მათ საქმეებს გამოძიებას გადავცემთ. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ძველი მედპერსონალის მიერ ჩადენილი დანაშაულები მივიწყებული იქნება.
- რამდენად დამოუკიდებელი იქნება ციხის სამედიცინო პერსონალი?.. მათგან არაერთხელ გაგვიგონია, რომ ციხის ადმინისტრაცია ავადმყოფი პატიმრების ცემას აიძულებდა.
- დიახ, როდესაც ომბუდსმენის აპარატში ვმუშაობდი და მონიტორინგის მისიებში ვმონაწილეობდი, საკუთარი თვალით მინახავს, თუ როგორი უსუსურები იყვნენ ციხის ექიმები ადმინისტრაციის წინაშე. სამედიცინო გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად, სამოქალაქო პირები იღებდნენ. მაგრამ ახლა პოლიტიკური ნება შეიცვალა და სამედიცინო პერსონალი თავის საქმიანობაში სრულიად დამოუკიდებელი იქნება. ჩვენ მუდმივად გავაკონტროლებთ მათი მუშაობის ხარისხს და თუკი რომელიმე მათგანის გადაცდომის ან გულგრილობის შესახებ შევიტყობთ, საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვებიან. ექიმებისგან არაპროფესიონალური დამოკიდებულებისა და ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი მათი დაბალი გასამრჯელოც იყო: ისეთ სარისკო პირობებში ხელმძღვანელობა იმ მიზერული ხელფასით, მაღალკვალიფიციურ პირებს ვერც მოიზიდავდა.
- წლების განმავლობაში დაავადებული პატიმრების რაოდენობა უცნობი იყო; ერთ საკანში სასჯელს ავადმყოფი და ჯანმრთელი პატიმარი ერთად იხდიდნენ. მოხდება თუ არა მათი აღრიცხვა?
- ეს კიდევ ერთი მტკივნეული და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმაში გვაქვს შეტანილი. პატიმრები, რომელთაც სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებათ, შესაბამის გარემოში უნდა მკურნალობდნენ. არადა, აქამდე ისინი ღვთის ანაბრად იყვნენ დარჩენილნი. ახლა ვაპირებთ უზრუნველვყოთ მათთვის შესაბამისი გარემო. ეს არ ნიშნავს, რომ მათ იზოლირებას ვაპირებთ - ეს არაჰუმანური იქნება, - მაგრამ როდესაც ადამიანს ტუბერკულოზი აქვს, მისი ადგილსამყოფლის განსაზღვრა ექიმის დიაგნოზის მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძალიან მძიმე ვითარებაა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ორჯერ მეტი პატიმარია განთავსებული, ვიდრე უნდა იყოს. მესმის, რომ საზოგადოებას იქაური სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზიები აქვს, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, ერთ საწოლზე ორი პაციენტი მოდის და მათ ამ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა, ეს გმირობის ტოლფასია. ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამბულატორიები არ ფუნქციონირებდა, პატიმარი პაციენტები პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
- ანუ რომ გვეუბნებოდნენ, საპყრობილეებში ყველაფერი, მათ შორის სამედიცინო კუთხით, ევროსტანდარტების დონეზე გვაქვსო, პიარი აღმოჩნდა?
- ასეა. სამედიცინო ამბულატორია თითქმის არ არსებობს, თითქმის ყველგან არის აღჭურვილობის პრობლემა და სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. თუმცა რამდენიმე დაწესებულება, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით იყო გახსნილი, ნამდვილად გამართულად ფუნქციონირებდა. სწორედ ამას იყენებდა წინა ხელმძღვანელობა პიარისთვის.
- ევროსტანდარტების მიხედვით, ერთი ექიმის სამედიცინო მომსახურება რამდენ პატიმარზეა გათვლილი?
- წინა ციხის ხელმძღვანელობის პირობებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 21 ათასზე მეტი პატიმარი იყო, რომელთაც 550-მდე ექიმი ემსახურებოდა და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონკრეტული გათვლა არ გაგვიკეთებია.
- თავად რა პროფესიის ხართ?
- ექიმი ვარ. კლინიკურ საქმიანობას არ ვეწეოდი, მაგრამ აქტიურად ვმუშაობდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში. წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი მონიტორინგის მისიას, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევას იკვლევდა. ასევე ვსწავლობდი ჯანდაცვის ეკონომიკასა და დაფინანსებას. სასჯელაღსრულების სამინისტროში კურირებას გავუწევ ჯანდაცვის სისტემას. ამ ეტაპისთვის უკვე დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის აღდგენის პროცესი, რათა ყველა პატიმრისთვის ამბულატორიული სერვისი ხელმისაწვდომი იყოს. ასევე ვმუშაობთ სტაციონარების განტვირთვის გეგმაზე. მიმდინარეობს პერსონალის შეფასება, რათა გავარკვიოთ, რომელ დაწესებულებაში არის ექიმების საკმარისი რაოდენობა და სად სჭირდება დამატება. სანამ სისტემა ახალ მომსახურებაზე გადავა, აუცილებელ სამეციდიცინო დახმარებას პაციენტი პატიმრები სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის ხარჯზე მიიღებენ.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)