მთავარ პროკურატურასთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და დაკითხვაზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლები და მეგობრები იკრიბებიან.
პროკურატურასთან უმცირესობის წარმომადგენლები, მათ შორის გოგა ხაჩიძე და ნუგზარ წიკლაური მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი დაკითხვაზე მყოფებს გულშემატკივრობენ.
პროკურატურასთან მივიდა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პრემიერის აპარატის წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ის შოთა ხიზანიშვილის მეგობრული მხარდაჭერის მიზნით მივიდა პროკურატურასთან.
უმცირესობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მიმართებაში დაწყებულ პროცესებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
როგორც ჟურნალისტებს უმცირესობის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა, ერთის მხრივ "ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საერთაშორისო საზოგადოებასთან აკეთებს განცხადებებს, რომ კონსტრუქციულად ითანამშრომლებს პრეზიდენტთან. მეორეს მხრივ კი, პოლიტიკურ რეპრესიებს განაგრძობს.
"ამ ყველაფერმა გეომეტრიული პროგრესის ხასიათი მიიღო. ყოველდღიურად გრძელდება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიმართულებით ღონისძიებები, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ ადამიანთან მიმართებაში განხორციელდება და მალე ვინც არ იოცნებებს, ყველას დაიჭერენ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
პროკურატურაში ოთხი პირის, კუდ-ის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის, დავით ლაღაძის, სახელმწიფო დაცვის მაღალჩინოსნის, ზურაბ კოტარიას, და კუდ-ის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილის დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.