მაია ფანჯიკიძე - გერმანიამ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დადებითი როლი ითამაშოს

მაია ფანჯიკიძე - გერმანიამ გამოთქვა სურვილი, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დადებითი როლი ითამაშოს

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე თავის გერმანელ კოლეგას, გიდო ვესტერველეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, გერმანიაში თავისი კოლეგის მიწვევით იმყოფება და ეს შეხვედრა ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.

ფანჯიკიძის განცხადებით, მან გიდო ვესტერველე საქართველოში დაპატიჟა და მანაც დიდი სიამოვნებით მიიღო ეს მიპატიჟება. ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ის ძალიან მალე ეწვევა საქართველოს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და მათ ჰქონდათ საშუალება ყველა თემაზე ესაუბრათ.

"ჩვენ გვქონდა საშუალება ყველა თემაზე გველაპარაკა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის და საქართველოს ურთიერთობებისთვის ევროკავშირთან და ნატო-სთან, სადაც, როგორც მოგეხსნებათ, გერმანიას, როგორც ერთ-ერთ დიდ ქვეყანას ევროპაში, ძალიან დიდი გავლენა აქვს. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მრავალმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებული აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის დაწყებაზე თუ გაუმჯობესებაზე გაკეთდა, რადგანაც გერმანიის უმაღლესი დონის დელეგაცია, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით დღეს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც მათ აქვთ უმაღლეს დონეზე კონსულტაციები. ამიტომ, ამ შეხვედრის წინ რუსეთის ხელმძღვანელობასთან გერმანელ კოლეგებს აინტერესებდათ, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ ურთიერთობების გამოსწორებას, რა სიგნალებია რუსეთიდან და როგორია საერთოდ შანსები. ჩვენ მათ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და გერმანიამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ ურთიერთობებში დადებითი როლი ითამაშოს",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა