"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"

"არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ!"

წეროვანში ჩასახლებულ დევნილთა მდგომარეობაზე "ყველა სიახლე" არაერთხელ წერდა. არჩევნების შემდეგ კი კვლავ მივაშურეთ წეროვანს და მოსახლეობას გავესაუბრეთ. მართალია, დევნილებს ჯერჯერობით კვლავ გასაჭირში უწევთ ცხოვრება, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ახალი მთავრობის ხელშეწყობით მათი ყოფა უკეთესობისკენ შეიცვლება...

ჯემალ სუხიშვილი: - აქ მოსახლეობას ძალიან უჭირს - არანაირი დახმარება, არანაირი შეღავათები. პირიქით, ერთ კუბურ მეტრ გაზში 58 თეთრს გვახდევინებენ, როცა სხვაგან მისი ფასი 51 თეთრამდეა. ისედაც გაჭირვებაში გვხდება სული და წიხლს რატომღა გვაჭერენ, ვის რა დავუშავეთ? საპენსიო ასაკი უკვე სანატრელი გაგვიხდა. წეროვანში ხშირად გაიგონებთ: იმას რა უჭირს, მისი ოჯახის წევრი პენსიას მაინც იღებსო, თითქოს 100 ლარი საქმეს შველოდეს.

გიორგი წიფტაური: - წეროვანში ფრანგებმა ვითომ კომედიური ჟანრის ფილმის გადაღება დაიწყეს. არადა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანების სიმრავლე, სახრჩობელების, ყულფების, მძიმე არტილერიის დეკორაციები ამ ვერსიას საეჭვოს ხდის. არ გვინდა, "აგვისტოს 5 დღე-2" გადაიღონ და ოსებთან და რუსებთან კვლავ დაგვეძაბოს ურთიერთობა. იმასაც ნუ დაგვაკარგვინებენ, რაც გვაქვს. ახალგორში ოსი და ქართველი ახალგაზრდები ერთმანეთზე ქორწინდებიან, ურთიერთობა ღრმავდება და ამ ყველაფერს სახელმწიფოსგან ხელშეწყობა სჭირდება და არა ოსებისგან მტრის ხატის შექმნა. წეროვანში ხელისუფლების ცვლილება ჯერჯერობით არც კი გვიგრძნია, აქ კვლავ ნაცმოძრაობა ძალადობს. იმედი გვაქვს, ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული...

გენადი ზარიძე: - ფარღალალა სახლებში შეგვყარეს, ფანერააკრული ჭერი და კედლები რა სითბოს დაიჭერს? უამრავი ოჯახი ვიცი, საერთოდ რომ არ იყენებს გაზს და დენს, ზამთარში ფიჩხით თბებიან, რადგან შეშის ყიდვის საშუალებაც არ აქვთ. აბა ლტოლვილთა შემწეობით, ოჯახზე 28 ლარით რას გახდებიან? იქნებ ახლა მაინც მოგვიგვარონ გათბობის პრობლემა. იცით, რამდენ ოჯახს ჩაუჭრეს შუქი და გაზი გადაუხდელობის გამო? ტელეეკრანზე ლამაზ ბინებს რომ აჩვენებენ და ამტკიცებენ, ნახეთ, 4 წელიწადში როგორ აყვავდა წეროვანის ლტოლვილთა სადახლებაო, იმ სახლებში ნაცმოძრაობის აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხოვრობენ...

სკოლის მახლობლად ორი გოგონა შემომხვდა, შინისაკენ მიიჩქაროდნენ, თუმცა ინტერვიუზე უარი არ მითხრეს.

თინათინ რუსიტაშვილი, 10 წლის: - ჩემი მშობლები მუშაობენ, მაგრამ ძალიან ცოტა აქვთ ხელფასი და უჭირთ გადასახადების გადახდა. ვცდილობ, კარგად ვისწავლო, რომ ექიმი გავხდე და ჩემს ოჯახს დავეხმარო.

ნინო ოქროპირიძე, 10 წლის, ლიახვის ხეობიდან: - ძალიან გაგვიხარდა, ბიძინა ივანიშვლმა რომ გაიმარჯვა, ჩემი მშობლები არ მუშაობენ და იქნებ რამე სამუშაო გამოუჩნდეთ...

დევნილ ქალბატონებსაც გავესაუბრე:

დარიკო ზანგურაშვილი: - ზამთრის მოახლოების სიკვდილივით მეშინია. დენს და გაზს არ ვხარჯავ, აქეთ-იქით დავდივარ, ვინმეს რომ შევეფარო და გავთბე. 107 ლარს ვიღებ პენსიას და წამლებშიც არ მყოფნის. ექიმთან წასასვლელი ფული არ მაქვს.

- როდესაც ამ სოფელში ჩაგასახლეს, ხომ დაგხვდათ სახლებში გამათბობლები?

- ეს გამათბობელი თავიდანვე არ მუშაობდა, ორჯერ გავაკეთებინე, 30-30 ლარი გადავყარე და მაინც არ მუშაობს. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება გაი­თვალისწინებს ჩვენს გაუბედურებულ მდგომარეობას და მოგვხედავს.­ წინა ხელისუფლებას ჩვენ არ ვადარდებდით და...

ნინო პავლიაშვილი: - ერთი წელიც არ არის გასული, რაც 23 წლის შვილი მომიკლეს. მანქანა დაეჯახა აქ, წეროვანში (ტირის). წეროვანი არის ჩემი უბედურების დასაწყისიც და დასასრულიც. 100 ლარს ვიღებ პენსიას, სულ ეს არის ჩემი შემოსავალი, მაგრამ ეგეც არ მინდა, ოღონდ ჩემს სოფელში დამაბრუნა და ამ გადახრიოკებულ უდაბნოში არ მომკლა...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"