პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, თენგიზ გუნავას ნარკოტიკები და იარაღი ჩაუდეს

პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, თენგიზ გუნავას ნარკოტიკები და იარაღი ჩაუდეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ირწმუნება, რომ თენგიზ გუნავას ნარკოტიკები და იარაღი ჩაუდეს. როგორც პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას კუბლაშვილმა განაცხადა, მას "სურს მიულოცოს" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომ გუშინ სამართალდამცველების მხრიდან ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების პირველი ფაქტი დაფიქსირდა.

"საუბარია თენგო გუნავას დაკავებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რა ვითარებაში და რა გარემოში მოხდა მისი დაკავება და ვის მიერ იქნა დაკავებული. ეს არის სამოხელეო დანაშაული, მათი მხრიდან იარაღისა და ნარკოტიკების ჩადება", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ასევე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თენგო გუნავა დაახლოებით კვირანახევრის განმავლობაში მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა და რამდენიმე დღეა მას შსს-ს მანქანა დასდევდა. მინაშვილის თქმით, მათ დაფიქსირებული ჰყავთ ეს მანქანები.

აკაკი მინაშვილისს განცხადებით, დაკავებისას გუნავას ჩამოაცვეს შავი ნიღაბი და მოხდა მასზე "იძულება ძალადობის კუთხით". მისივე განმარტებით, თენგო გუნავას ბრალად ნარკოტიკების შეძენა-გასაღება და იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს. მინაშვილის განცხადებით, მთელი ეს დღეები ისინი ერთად იმყოფებიან და იგივე წარმატებით შეიძლება ანალოგიური ბრალი მასაც წაუყენონ.

გუნავას დაკავებას გამოეხმაურა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თენგო გუნავა არის სიმბოლო სამეგრელოში ნარკოტიკების მოსპობის. მისივე თქმით, თენგო გუნავამდე სამეგრელო იყო მთავარი ტერიტორია საქართველოში ნარკოტიკების როგორც მოპოვების, ისე რეალიზაციის, მოხმარების, ხოლო გუნავას პოლიციის უფროსობის დროს სამეგრელოდან ამოიკვეთა არა თუ რეალიზაცია, არამედ ნარკოტიკების მოხმარებაც კი. "ის იყო ნარკოტიკებთან ბრძოლის სიმბოლო და დამცინავად ჟღერს მისთვის ბრალის წაყენება ნარკოტიკების კუთხით", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები დაესხნენ საქართველოს, ზუგდიდში გუნავა მისი დავალებით იმყოფებოდა და განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, სწორედ გუნავამ უზრუნველყო ის, რომ არ მომხდარა სამეგრელოში პანიკა. მერაბიშვილის შეფასებით, გუნავა არის გმირი და მასაც, როგორც შოთა ხიზანიშვილის ოჯახს, ის გვერდით დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი გათავისუფლება მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა