მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"

მამუკა ნოზაძე: "ახალაიამ  კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო"

სასამართლო დღეს ჯერ კიდევ კოტე კუბლაშვილისგან კონტროლდება და მან პირდაპირ მიუთითა მოსამართლეებს, რომ ისინი მიიღებენ "კანონიერ გადა წყვეტილებას", ეს არის ირიბი მითითება და მეეჭვება, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე შსს-ს ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას საქმეზე.

- ბატონო მამუკა, თქვენ უა­რი თქვ­ით ბაჩო ახალაიას დაცვაზე იმ მოტივით, რომ მას ბრალს სდებენ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოი­წვევდა. ვინ და რას უჩივის ახალაიას?

- ახალაიას უჩივის სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი პაატა როსტომაშვილი, რომელიც გაასამართლეს ჩაუდენილი დანაშაულისთვის. მას 2005 წელს წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის. როსტომაშვილმა საჩივრით მიმართა ევროპის სასამართლოს, მაგრამ მას აიძულებდნენ საჩივრის გამოტანას, რეგულარულად სცემდნენ, მათ შორის, სასჯელაღსრულების დირექტორის მოადგილე დავით მუმლაძე. ამასთანავე, მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ამის გამო მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომ როსტომაშვილი ჩემი თანდასწრებით დაიკითხოს და გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდეს. როსტომაშვილს ახსოვს კონკრეტული დღეები, ვინ როგორ ძალადობდა მასზე. ამისი დადასტურება შეუძლიათ სხვა პატიმრებსაც. 29 ოქტომბერს მივმართე მთავარ პროკურორს, რამდენიმე პირის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველ ფაქტზე დაწყებულიყო გამოძიება. ეს პატიმრები არიან - დენის ყვარელაშვილი, მალხაზ ბადუაშვილი, გიორგი მაზანაშვილი, ზურაბ ბოსტოღანაშვილი, ნი­კოლოზ მირზაშვილი. ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ დაწესებულებაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ. პატიმრები ასახელებენ "რესბალნიცის" ყოფილ დირექტორ ვაჟა ცხვედიანს, გიორგი ავსაჯანიშვილს, ალექსი თოლორდავას, გიორგი ბულბულაშვილს და სხვა ჯალათებს, რომლებიც დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი.

- ისეთი პირი უჩანს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ უამრავი საჩივარი დაგროვდება..­.

- ვაპირებ განცხადების შეტანას გიორგი მაზანაშვილის გამოც, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტის დროს დაინვალიდდა. ის მზად არის ჩვენების მისაცემად და ასეთი პატიმარი უამრავია. წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს ვიღაცის მონათხრობის საფუძველზე 30-35 წელი აქვთ მისჯილი, დღეს კი პატიმრები დეტალურად აღწერენ, თუ რა სისასტიკე ჩაიდინეს მათ მიმართ, კონკრეტულ დანაშაულში ამხელენ ბაჩო ახალაიას. ათეულობით ადამიანის ჩვენება, რა თქმა უნდა, სერიოზული მტკიცებულებაა. ყველა იმ დამნაშავეს, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს აწამებდა, მკაცრი სასჯელი ელის.

- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი სასამართლოს პირობებში შესაძლებელი იქნება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკადრისად დასჯა?

- როდესაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ, დაგვაჯერონ, თითქოს ბაჩო ახალაია ხილს არ ჭამდა, ვაშლს არ თლიდა, დანა არ ექნებოდა და არ ჩაარტყამდა რომელიმე სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის აბსურდი. ეს ადამიანები ცდილობენ თავიანთი ფავორიტისათვის დანაშაულის შემსუბუქებას. მისი აპოლოგეტები იმავე ციხის კადრებზე ამბობდნენ, რომ ეს იყო დადგმული, მათ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის მოწმეებზე განაცხადონ, რომ ეს არის მოგონილი, შეთხზული და ა.შ. სასამართლო დღეს ჯერ კიდევ კუბლაშვილისგან კონტროლდება და მან პირდაპირ მიუთითა მოსამართლეებს, რომ ისინი მიიღებენ "კანონიერ გადაწყვეტილებას". სასამართლომ რომ მიიღოს გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ და ამაზე საზოგადოებამ ხმა ამოიღოს, მაშინ იტყვიან, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა. სასამართლოს ძმები კუბლაშვილები აკონტროლებენ, მათ, თავის მხრივ, სააკაშვილი აკონტროლებს. ვფიქრობ, ახალაიამ კუბლაშვილისგან გარანტიები მიიღო. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობს მამია ფხაკაძე, რომელიც ზონდერმოსამართლედ მიმაჩნია. ის ყველანაირი დაკვეთისა და უკანონობის შემსრულებელი იყო ნაცმოს დროს. ფხაკაძე ახალაიას საქმეს დააწერს ისეთ მოსამართლეს, რომელიც უკანონობაში არის გასვრილი. ახალაიასთვის დღეს ყველაზე უსაფრთხოა საქართველოში ყოფნა - ეს იქნება ციხეში თუ ციხის გარეთ. მას რომ გარანტიები არ ჰქონოდა კუბლაშვილისგან, ასეთი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

ესაუბრა ნანა ფეცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა