დავით კირვალიძე: "სამინისტროში დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა"

დავით კირვალიძე: "სამინისტროში დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა"

"ყველანაირად ვდგავართ გლეხისა და ბიზნესის გვერდით. მშრომელ გლეხს, ვინც მუხლჩაუხრელი შრომობს, ჩვენი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს", - გვითხრა დავით კირვალიძემ, რომელსაც უკვე მეორედ ერგო სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელი:

- ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მაგრამ თქვენ მეორედ გახდით მინისტრი.

- ზოგჯერ ერთ მდინარეში ორჯერ შედიან. პირველად მინისტრად პარლამენტიდან მივედი და ეს დიდი ცვლილება არ იყო. ამის მერე დაახლოებით 7 წელი ვმუშაობდი ამერიკულ კერძო კომპანია CNFA-ში, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს. ამ კომპანიაში პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი ვიყავი. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამინისტროში უკან დაბრუნება უფრო გამიჭირდა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველად მოსვლა.

აქამდე ევროპასა და აზიაში ახალი პროექტებით ვიყავი დაკავებული. ბევრი რამის შეცვლა მომიხდა. შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი, ცხოვრების სტილი, სამსახური.

- მითხრეს, რომ მინისტრად დანიშვნას თქვენი სოლიდური ხელფასი შეეწირა.

- იქაურ ხელფასთან ამ ხელფასს არ შევადარებ. ჩემი არჩევანი პრემიერ-მინისტრთან საუბარმა განაპირობა. ამ ადამიანმა ხომ გაცილებით მეტი რამ დადო სასწორზე, ვიდრე მე მიწევდა. მასთან ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- როგორ მოხვდით ბიძინა ივანიშვილის თვალთახედვის არეში? მსმენია ამგვარი ახსნაც, ეს იმიტომ მოხდა, რომ ვახტანგ ხმალაძის სიძე ხართ.

- ჩემი კომპანია ორ დიდ პროექტს იწყებდა და მე უკვე მივემგზავრებოდი საქართველოდან. წასვლამდე რთველში ვიყავი და ამ დროს დამირეკა ვახტანგმა, ბატონ ბიძინას შენთან შეხვედრა უნდაო. როდესაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ეს წინადადება მივიღე.

მქონდა კარგი სამსახური, ერთი სიტყვით, კარგად ვიყავი "მოწყობილი", მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ვიცი, ამ საქმეს რა სჭირდება, როგორ უნდა გავაკეთო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დიდი სურვილი არ მქონდა, დავთანხმდი ამ წინადადებას.

- როგორც ვიცი, აგრარულ (ბენდუქიძის) უნივერსიტეტშიც კითხულობთ ლექციებს. ამ საქმესაც დაანებეთ თავი?

- ლექციების კითხვა 90-იან წლებში დავიწყე და ამჟამად აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ. ჩემი დღევანდელი თანამდებობა და ლექციების კითხვა თავსებადია, თუმცა, ჩემმა ბოლო წლების საქმიანობამ ძალიან ამომაგდო კალაპოტიდან. ზოგჯერ წელიწადში 300 ათასი კილომეტრი გამივლია, ხშირად არ ვიყავი საქართველოში.

- რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც სამინისტროში დაგხვდათ?

- ყველაფერი პრობლემაა. მეგონა, ლიბერალური წყობის შესაბამის სტრუქტურაში მოვედი, სადაც შესაბამისი პოლიტიკა უნდა იყოს და დამხვდა სოციალისტური წყობის მსგავსი სტრუქტურა, სადაც სახელმწიფო ითავსებს იმ ფუნქციას, რაც მისი საქმე არ არის. სახელმწიფოს საქმე არ არის ხვნა, თესვა, სათბურების შენება. ეს კერძო სექტორის საქმეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციაა, შეუქმნას ნორმალური და თანაბარი პირობები ამ სექტორში დასაქმებულ ფერმერებს, გლეხებს, ბიზნესმენებს როგორც საკანონმდებლო ბაზით, ისე რეგულაციების სისტემით. სამინისტრომ ამ სეგმენტს უნდა შეუწყოს ხელი, თვითონ კი არ უნდა აკეთოს ბიზნესი.

მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობა სპეციფიკურია. როდესაც ხედავ, რომ გლეხს უკიდურესად უჭირს, სოფლად ინტერვენციის გადაუდებელი აუცილებლობა დგება. ასეთ დროს ჩარევა ეფექტური და ხანმოკლე უნდა იყოს. გრძელვადიანი ჩარევა და მუდმივი სუბსიდია არ არის გამართლებული. ეს ყველაფერი დასახვეწია და დრო სჭირდება. შედეგი ყველას მალე უნდა, მაგრამ უმალ ვერ მივიღებთ.

გლეხს ფინანსურ რესურსზე ხელი არ მიუწვდება და არ არის გასაღების ბაზარი. არ არის დანერგილი მოსავლის აღების ტექნოლოგია, სასაწყობო მეურნეობები და მაცივრები, სადაც მიღებული პროდუქცია უნდა შეინახო. ის, რასაც სახელმწიფო შპს-ები აკეთებდნენ, ნელ-ნელა კერძო სექტორის ხელში უნდა გადავიდეს. როდესაც სახელმწიფო ხნავს მიწას, ამით ხელს უშლის კერძო სექტორს, რომელიც იმავეს აკეთებს.

- ოპოზიცია ხშირად გახსენებთ გლეხობისთვის დაპირებულ უფასო ხვნა-თესვას და არ აპირებთ დაპირების შესრულებას?

- კოალიციის პროგრამაში კარგად არის დასახული ამ პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების გზები, რათა სოფელი ფეხზე დადგეს. კოალიციას აქვს დაპირება, რომ აირჩევს იმ გზას, რაც ყველაზე კარგი და ეფექტური იქნება სოფლისთვის. უფასო ხვნა-თესვაზე დაპირება გაიცა გლეხობასთან შეხვედრებისას. არის სოფლები, სადაც გლეხები მძიმე მდგომარეობაში არიან და საშუალება არა აქვთ, სესხი აიღონ. ვუყუროთ, როდის გასძვრებათ სული?

- აქამდე აქცენტი უფრო სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანაზე იყო, ვიდრე საქართველოში წარმოებაზე. თქვენც წაახალისებთ იმპორტს?

- როდესაც ნორმალურ გარემოს შევქმნით, წარმოება კონკურენტუნარიანი გახდება და კონკურენტუნარიანი პროდუქტი თვითონ დაიკავებს ადგილს ბაზარზე. ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ვართ და გვაქვს შეთანხმება გაფორმებული, რომ ხელოვნურად ბარიერების შექმნა არ შეიძლება. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც და ვმო-ს ფარგლებშიც ქვეყანას შეუძლია თავისი ბაზრის დაცვა. მაგალითად, თუ გვეცოდინება, რომ სუბსიდირებული იმპორტი შემოდის ქვეყანაში, რაც ჩვენს ბაზარს ანგრევს, ჩვენ შევძლებთ თავის დაცვას.

იმპორტი იმიტომ აჭარბებს ადგილობრივ პროდუქტს, რომ გლეხს, ფერმერს, მეწარმეს არ ვუქმნით სათანადო გარემოს. თუ ამას არ შევქმნით, რა საჭიროა ეს სამინისტრო? გაფორმებული კი გვაქვს ნულოვანი სავაჭრო რეჟიმი ყველასთან. გავაღოთ კარი, შემოვა იაფი პროდუქცია და იაფად ვჭამთ, მაგრამ როდესაც მოუსავლიანი წლები იქნება, იაფად პროდუქცია ვეღარ შემოვა და შენი გლეხიც რომ აღარ იქნება სოფლად, მაშინ რა ვჭამოთ?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა