საქართველოში უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება

საქართველოში უახლოეს მომავალში ქონებრივი დავების ბუმი დაიწყება

დასავლური მოდელის სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, ალბათ, ქართველებს გამოცდის ჩაბარება რამდენიმე ეტაპად მოგვიწევს. ერთი ეტაპი უკვე გადავლახეთ და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალეთ. შემდეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველ ახალ ხელისუფლებას წინამორბედის დანაშაულებების გამოძიება არ უხდებოდეს და პოსტსაარჩევნო პერიოდში მთავარი თემა დაპატიმრება არ იყოს. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დაპატიმრებები მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან გაუხსნელ და ბუნდოვანებით მოცულ დანაშაულთა გამოძიება საზოგადოების დაკვეთა იყო. ლოგიკურია ისიც, რომ ამ დროისთვის პოლიტიკური პოლიციის - კუდ-ისა და სოდ-ის ჩინოსნები არიან დაკავებული, რადგან ყველა საქმეში, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები ჰქონდა, სწორედ ამ სტრუქტურის წარმომადგენლები ფიგურირებდნენ. დღეს ყველას ის აინტერესებს, მხოლოდ შემსრულებლები მიეცემიან პასუხისგებაში, თუ გამოძიებას კითხვები მთავარ დამკვეთებთანაც ექნება. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი გაგრძელდება, ჯერ მხოლოდ ჟურნალია, კინო კი წინ გველოდება.

- საოცარია, რომ ვიღაცებს უკვირთ, რაც ხდება საქართველოში. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ძირითადი მოტივაცია გახლდათ ის უკიდეგანო უსამართლობა, კაცთმოძულეობა და სადიზმი, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა. ამ მრავალწლიანი უსამართლობის აღმასრულებელნი იყვნენ პოლიტიზებული პროკურატურის, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების სწორედ ის მაღალჩინოსნები, რომელთა მცირე ნაწილმა დღეისთვის უკვე გააცნობიერა, რას ნიშნავს ხალხური სიბრძნე - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მათ ეგონათ, რომ არასოდეს დადგებოდა მათივე დათესილის მომკის დრო. ქართველმა ხალხმა მოიყვანა ეს დრო და შესაბამისად, პროცესები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, ჩემი აზრით, მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება. უამრავი საჩივარი შედის პროკურატურაში და ქვეყნდება მედიაში, ერთმანეთზე დაუჯერებელი ფაქტებია აღწერილი ამა თუ იმ ბიზნესის ყოფილი მეპატრონეების მიერ. მიჩნდება კითხვა, - კი მაგრამ, რას აკეთებდა ბიზნესომბუდსმენი. როდესაც ამ თანამდებობაზე ნიშნავდნენ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდი და ვიკითხე, ვინ არის-მეთქი, მიპასუხეს - კარგი ბიჭიაო.

ვერ ყოფილა კარგი ბიჭი. პასუხისგების საკითხი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულისას არ დგება, უმოქმედობაც გარკვეული პასუხისგების საფუძველია. არსებობს დანაშაულებრივი გულგრილობის ცნებაც, რომლის მაგალითი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა თორდიაა. წინა მოწვევის პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშების მიმართ გულგრილობას იჩენდა და იმიტომაც მივიღეთ ეს შედეგი. მოკლედ, 9-წლიანი მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს 9 დღეში ვერ გამოავლენენ. ისინი შესაძლოა, ასეულობით იყვნენ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამდენი ადამიანის დაპატიმრება გახდეს საჭირო, მაგრამ მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ახალი ხელისუფლების მიმართ, იყო ძალიან მკაფიო - აღდგენილიყო სამართლიანობა და დამნაშავეებს ეგოთ პასუხი.

- დაკავებებს "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და პარტიის მთავარ ფიგურებზე ზეწოლად აფასებს. ექსპერტების აზრით, "ნაციონალები" წინმსწრებად ცდილობენ პოლიტდევნილის მანტიის მოსხმას იმ შემთხვევისთვის, თუ გამოძიებას კითხვები ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერებთან გაუჩნდა.

- ცხადია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პიარმენეჯერი შეიცვალა. სხვათა შორის, ამ სიახლემ გარკვეული მიმზიდველობა შეუქმნა თავად პრეზიდენტს. მისი გარემოცვიდან ვიღაც მიხეილ სააკაშვილს დამამშვიდებელ აბებს მიართმევს, ნაცვლად აღმგზნებისა, რომლებსაც ის წინასაარჩევნო პერიოდში მოიხმარდა. სააკაშვილის მეტყველება ბევრად უფრო დამაჯერებელია, როდესაც ის მშვიდი და თითქოს კეთილმოსურნეა ახალი ხელისუფლების მიმართ. ქართველებისთვის ძნელად სარწმუნო ამ "სიაბანდს" მხოლოდ უცხოელები თუ დაიჯერებენ. ამავე დროს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატოს ხელმძღვანელობას მიჩვეული ჭირი ურჩევნია მიუჩვეველ ლხინს. ეს "მიჩვეული ჭირი", რომელიც ამეტყველდა ფარისევლური ფრაზებით, მათთვის სიმშვიდის მომგვრელია და აწუხებთ, რომ ამ "ანგელოზების ნაკრებს" ვინმემ ფრთები არ შეაჭრას. თუმცა ჩვენი ბრიუსელელი მეგობრები მალე მიხვდებიან, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მიმართ ეჭვის გამომთქმელი ჩვენი პარტნიორი თავად ჩაებას გამოძიებაში. არც საქართველოს მოსახლეობას სურს, რომ ვინმე უკანონოდ იყოს დაკავებული. მოკლედ, ყველა ეჭვიანს ევროპასა თუ ამერიკაში, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაერთიანდეს ამ ეჭვების გასაქარწყლებლად.

- ანდერს ფოგ რასმუსენისა თუ აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები ეჭვია თუ პრევენცია, რათა სამართლის აღსრულება პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებში არ გადაიზარდოს? საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ხაზი გაუსვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და შერჩევითი სამართალი გამოირიცხოს.

- საჯარო განცხადებების ნაკლებად მჯერა მას შემდეგ, რაც 2007 წლის დეკემბერში ვაშინგტონიდან მოვისმინეთ გორდონის წინამორბედ მეთიუ ბრაიზას განცხადება. მან თეთრი სახლის ბანერის ფონზე ბრძანა, რომ თუ კარს მომდგარი არჩევნების დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე არ აღდგება საინფორმაციო გადაცემები ტელეკომპანია "იმედში", მაშინ 2008 წლის არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. თუმცა ბრაიზამ საქართველოში არჩევნების დასრულებისთანავე, სანამ ბიულეტენების დათვლა დაიწყებოდა, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს ახარა სააკაშვილის წარმატება და მილოცვა გამოაგზავნინა მის სახელზე. სააკაშვილი ისე ფლობს ინგლისურ ენას, რომ დასავლეთში ძნელად წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ამ კეთილშობილ ენაზე ამდენი სიყალბის თქმა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა