შეწყალების კომისიის წევრი ლაშა ბუღაძე დღევანდელ სხდომას ისტორიულს უწოდებს. როგორც ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპატიმროებს აუცილებლად დატოვებს ის ხალხი, ვისზეც დღევანდელ სხდომაზე
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაციები გასცა.
"შევეცადეთ, ვყოფილიყავით ადეკვატურები და ლოიალურები. ვფიქრობ, დღევანდელი სხდომა იყო ისტორიული, რადგან ვისაც კომისია შეიწყალებს, ის ხალხი აუცილებლად გამოვა საპატიმროდან. აქამდე აჩრდილივით გვადგა ხოლმე პროკურატურა, სადაც იცხრილებოდა ჩვენს მიერ შედგენილი სიები. როგორც წესი, არა ის ხალხი ტოვებდა საპატიმროს, ვისაც ვასახელებდით, არამედ სხვები. შეწყალების კომისიიდან გადაგზავნილი სიები არ მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე და ის იცხრილებოდა ხოლმე", - აღნიშნა ბუღაძემ.
ლაშა ბუღაძე არ აკონკრეტებს ზუსტ ციფრს, თუ რამდენ პირზე გაიცა დადებითი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, ამას ჟურნალისტებსა და საზოგადოებას უშუალოდ კომისიის ხელმძღვანელი ელენე თევდორაძე გააცნობს.
ბუღაძის ცნობით, კომისიის სხდომა უკვე დასასრულს მიუახლოვდა. მისივე თქმით, სხდომაზე რამდენიმე წევრი არ იყო, რის გამოც კვორუმი "ძლივს შედგა".
იხილეთ ვიდეო: შეწყალების კომისიის სხდომას ლაშა ბუღაძე ისტორიულს უწოდებს